გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2018
საქმის ნომერი
330310018002642287
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/5990-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

მოსარჩელე - ი--------------------------–------–

წარმომადგენელი - ა-–-----------------ე, ლ-–--------–---–ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–ი

თარჯიმანი - ვ--------------–-–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილება ი--------------------------–------–ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი--------------------------–------–ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებ

3.1.1. ი--------------------------–------–ი (დაბადებული 1----–-–-----------------ს) არის ე----------------–--ის მოქალაქე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 02 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ი--------------------------–------–ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ეროვნული პასპორტი - ს/ფ55

- 2018 წლის 03 აგვისტოს განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ - ს/ფ 4548

- საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან ამონაწერი, მომზადებული 2018 წლის 02 აგვისტოს - ს/ფ 51

 

3.1.2. შპს ს----------–-------------------ის 2018 წლის 02 აგვისტოს ცნობით N0------ დგინდება, რომ ი--------------------------–------–ი არის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის მიმდინარე სტუდენტი და ს----------–-------------------ში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების და ს----------–-------------------ის პრეზიდენტის N223/14 ბრძანების საფუძველზე, სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხანგრძლივობაა 5 წელი, პროგრამის დასრულებისთვის აუცილებელი 300 კრედიტიდან სტუდენტს მინიჭებული აქვს 240 კრედიტი, დასრულების სავარაუდო თარიღია 20.07.2019 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ს----------–-------------------ის 2018 წლის 02 აგვისტოს ცნობა N0------ - ს/ფ 53-54

 

3.1.3. 2018 წლის 03 აგვისტოს ი--------------------------–------–მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი--------------------------–------–ს 2018 წლის 03 აგვისტოს განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ - ს/ფ 45-48

 

3.1.4. საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 04 აგვისტოს №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ი--------------------------–------–სთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 08 აგვისტოს SSG 8------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ი--------------------------–------–ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 04 აგვისტოს №1---------/1 წერილი - ს/ფ 75.

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 08 აგვისტოს SSG 8------------ წერილი- ს/ფ76.

 

3.1.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 აგვისტოს №1---------/7 წერილით ი--------------------------–------–ს 2018 წლის 03 აგვისტოს განცხადებაზე №1--------- დაუდგინდა ხარვეზი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ი--------------------------–------–ს დაევალა აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოსათვის 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს №1---------/7 გადაწყვეტილებით ი--------------------------–------–ის 2018 წლის 03 აგვისტოს განცხადებაზე №1--------- დამატებითი დოკუმენტის წარმოსადგენად გაუგრძელდა ვადა 2018 წლის 30 აგვისტომდე.

 

მოსარჩელე ი--------------------------–------–ს გადაეცა სამენოვანი სამახსოვრო ბარათი, რომელიც შეიცავს მითითებას დაინტერესებული პირის ვალდებულებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიიღოს ინტერნეტ გვერდზე და .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 აგვისტოს №1---------/7 წერილი - ს/ფ 83

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს №1---------/7 გადაწყვეტილება - ს/ფ 84

- სამენოვანი სამახსოვრო ბარათი - ს/ფ 49-50.

 

3.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ი--------------------------–------–ის 2018 წლის 03 აგვისტოს №1--------- განცხადება და უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილება - ს/ფ 19-20

 

3.1.7. ე----------------–--ის კონსულის მ---------------------–-------–---ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული იქნა ცნობა N2--, რომლის თანახმად ე----------------–--ის მოქალაქე ი--------------------------–------–ი არის იგივე პიროვნება, როგორც არის მოცემული ე----------------–--ის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ე----–- დანაშაულის ჩადენის და ნასამართლეობის არ ქონის შესახებ საერთაშორისო სერთიფიკატში, აღნიშნული ცნობა მოსარჩელის მიერ განცხადებით 2018 წლის 17 აგვისტოს წარდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ე----------------–--ის კონსულის მ---------------------–-------–---ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული ნასამართლეობის ცნობა №2-- (თარგმანით)- ს/ფ 72.

- ი--------------------------–------–ის 2018 წლის 17 აგვისტოს განცხადება - ს/ფ 71

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი--------------------------–------–ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ი--------------------------–------–ს უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და ითხოვს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

 

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ამრიგად, პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი--------------------------–------–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს, განუსაზღვრა მოსარჩელეს ვადა დამატებითი მტკიცებულების (ნასამართლობის ცნობის) წარსადგენად და დადგენილ ვადაში მტკიცებულების წარუდგენლობის გამო, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუმცაღა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რადგანაც მოსარჩელე ი--------------------------–------–მა ხარვეზის დადგენის ვადებში, 2018 წლის 17 აგვისტოს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა ე----------------–--ის კონსულის მ---------------------–-------–---ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული ცნობა N2--, რომლის თანახმად, ე----------------–--ის მოქალაქე ი--------------------------–------–ი არის იგივე პიროვნება, როგორც არის მოცემული ე----------------–--ის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ე----–- დანაშაულის ჩადენის და ნასამართლეობის არ ქონის შესახებ საერთაშორისო სერთიფიკატში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები, გარდა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები, შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი--------------------------–------–ის მიერ ხარვეზის დადგენის ვადებში, 2018 წლის 17 აგვისტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი ცნობა არ საჭიროებდა ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

სასამართლო თვლის, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ჰქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ი--------------------------–------–ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. მითითებული ნორმის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ი--------------------------–------–მა 2018 წლის 2018 წლის 17 აგვისტოს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა ე----------------–--ის კონსულის მ---------------------–-------–---ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული ცნობა N2--, რომლის თანახმად ე----------------–--ის მოქალაქე ი--------------------------–------–ი არის იგივე პიროვნება, როგორც არის მოცემული ე----------------–--ის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ე----–- დანაშაულის ჩადენის და ნასამართლეობის არ ქონის შესახებ საერთაშორისო სერთიფიკატში, შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოსარჩელემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარადგინა სრულად, შესაბამისად მოსარჩელემ შეავსო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზი. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელის შესახებ შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მომსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს დაგაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანის ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილება ი--------------------------–------–სათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი--------------------------–------–ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო, მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი--------------------------–------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილება ი--------------------------–------–ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ი--------------------------–------–ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

3. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე ი--------------------------–------–ის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი