განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
010100118002782861
დავის ტიპი
276 7 , 276 1
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002782861

საქმე №1-1111/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ბ---–----–---–------ის

ბრალდებულის _ ა------- მ----–--ის

ადვოკატის _ პ----------–----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075041018002 საქმე:

 

ბრალდებულ ა------- მ----–--ის მიმართ

მამის სახელი: მ-------

დაბადების თარიღი: 3-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ-------------------–---–-----------

ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–----------------–----–----------------–------––---

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. ა------- მ----–--ე 2018 წლის 05 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბ------–-, აეროპორტის გზატკეცილზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მართავდა „სეტრას“ მარკის სამგზავრო ავტობუსს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით E--------, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33-ე, პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V--------, რომელსაც დ-------------ე მართავდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ დ-------------ე და მ----------------ე, ხოლო ი-----------ემ და გ---–--------–-მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულმა ა------- მ----–--ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების: ვ-----------------ის და ზ------------ის ჩვენებებისა - სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. დაზარალებულ მ----------------ის უფლებამონაცვლე ვ-----------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა მისი შვილი. ბრალდებულ ა------- ბერიძესთან შერიგებულია, არ აქვს მასთან პრეტენზია, მ----–--ემ გაუწია დახმარება გარდაცვლილის ოჯახს, ამიტომ არ არის დაინტერესებული მისი დასჯით და ითხოვს ბრალდებულის მიმართ შეღავათების გავრცელებას.

 

4. დაზარალებულ დ-------------ის უფლებამონაცვლე ზ------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გარდაცვლილი დ-------------ის ოჯახი დაინტერესებულია ბრალდებულის დასჯით, მათი სურვილი და პოზიციაა მ----–--ის მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენება, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რადგან სწორედ მისი დაუდევრობის შედეგად დაკარგეს ოჯახის წევრი, რაც აუნაზღაურებელი ტკივილი და ტრაგედიაა.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა დაზარალებულების უფლებამონაცვლეების ჩვენებების გარდა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------- მ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

7. დაზარალებულების - გ---–--------–-ს, ი-----------ის, მოწმეების - ნა------–-----------–----------–--------------------–--–-------------------ის ჩვენებები, 2018 წლის 04 ოქტომბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; სქემა, ვიდეო-ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 17 ოქტომბრის №ს/ტ-335 დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილების „ტოიოტას“ და ავტობუს „სეტრას“ საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო წარმოდგენილი ავტომობილი „მერსედესის“ საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 08 ნოემბრის №330/ა დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ა------- მ----–--ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33-ე, პუნქტი 1-ის და მუხლი 33-ე, პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ დ-------------ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის სამოძრაო ზოლში გადასული ავტომობილი იმყოფებოდა მოძრაობაში და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2018 წლის 12 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №007815318 დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით, ი-----------ე, 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ და დაესვა დიაგნოზი - პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯ-ბარძაყის სახსრის მრავლობითი ტრავმა, ბოქვენის ძვლის მოტეხილობა, საჯდომი ძვლის მოტეხილობა. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2018 წლის 19 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №007995518 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, გულ თეზავჯი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს „უნიმედი აჭარა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ 2018 წლის 04 ოქტომბერს, დიაგნოზით - მარცხენა წვივის გარეთა გოჯის მოტეხილობა ცდომის გარეშე. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძილი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2018 წლის 07 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №006981418 დასკვნა, რომლის თანახმად, დ-------------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ქალა სარქველის, სახის და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი ბზაროვანი მოტეხილობები, დიფუზური სისხლჩაქცევები თავის ქალას ღრუში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ და თავის ტვინის ნივთიერებაში - გამოწვეული ქალა - ტვინის ღია ბლაგვი ტრავმით. სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს ექვსი საათისა. აღმოჩენილი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად, სიცოცხლისდროინდელია, მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგენა დადგენილებაში მითითებულ თარიღს; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2018 წლის 07 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №006981318 დასკვნა, რომლის თანახმად, მ----------------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის მაგარი და რბილი გარსების ქვეშ დიფუზური სისხლჩაქცვა, გამოწვეული ქალა - ტვინის ბლაგვი ტრავმით, ქალას ფუძის ძვლების ბზაროვანი მოტეხილობებით. მ----------------ის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არაუმეტეს რვა საათისა. მ----------------ის გვამზე ნანახი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად, სიცოცხლისდროინდელია, მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგენა დადგენილებაში მითითებულ თარიღს;

 

8. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პუნქტი პირველის და მე-2 თანახმად: მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იყოს მოძრაობის უსაფრთხოება. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

 

9. კანონის სწორედ აღნიშნული მოთხოვნები დაარღვია ა------- მ----–--ემ ავტომანქანის მართვისას, რის გამოც მისი მართვის ქვეშ არსებული "სეტრას" მარკის ავტობუსი შეეჯახა „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც დ-------------ე მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ დ-------------ე და მ----------------ე, ხოლო ი-----------ემ და გ---–--------–-მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

10. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

12. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

13. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა------- მ----–--ის ბრალდების დადასტურება.

 

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

17. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

18. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

19. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

20. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------- მ----–--ემ ავტომობილის მართვისას დაარღვია ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც გარდაიცვალნენ დ-------------ე და მ----------------ე, ხოლო ი-----------ემ და გ---–--------–-მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები; შესაბამისად, ა------- მ----–--ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

23. ა------- მ----–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

24. ა------- მ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, მისი პიროვნების დადებითი დახასიათება, შერიგება დაზარალებულებთან (გარდა დაზარალებულ დ-------------ის უფლებამონაცვლისა).

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

26. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

27. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

28. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

29. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

30. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

31. სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

32. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

33. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხასიათდება დადებითად, არ არის ნასამართლევი, ბრალდება გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს. გასათვალისწინებელია ასევე ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების მძიმე შედეგი - გარდაცვლილია ორი ადამიანი, ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ორმა. დაზარალებული ბერიძის უფლებამონაცვლეს ბრალდებულის მიმართ აქვთ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, ითხოვს მის დასჯას, ხოლო მეორე გარდაცვლილის მ----------------ის უფლებამონაცვლე შერიგებულია ბრალდებულთან და არ არის დაინტერესებული მისი დასჯით . ქმედების შემდგომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული ურთიერთობა, მათი შერიგება, როგორც უკვე აღინიშნა, სასჯელის დანიშვნისას სსკ-ის 53-ე მუხლით გასათვალისწინებელი განსაკუთრებული გარემოებაა, მათ შორის განზრახი დანაშაულის შემთხვევებში და მით უფრო, როდესაც საქმე ეხება სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას. მითითებული მუხლით დაკვალიფიცირებული ქმედებების შემთხვევებში, ეს გარემოება, ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტია ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სხვადასხვა საშეღავათო გარემოებების გავრცელების თვალსაზრისითაც (მაგ. საპროცესო შეთანხმება, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და ა.შ.).

 

34. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------- მ----–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, 6 (ექვსი) წლის ვადით. სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულ ა------- მ----–--ის მიმართ, რომელიც არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი, ჩადენილი აქვს გაუფრთხილებლობითი დანაშაული, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და ვინაიდან ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

35. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------- მ----–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

36. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - „სეტრას“ მარკის სამგზავრო ავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით E-------- და „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V-------- , რომლებიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტო 23-ს“ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: ა------- მ-------ის ძე მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი (სასჯელის 1/3), სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ ა------- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 დეკემბრიდან.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცებები - „სეტრას“ მარკის სამგზავრო ავტობუსი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით E-------- და „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V--------, რომლებიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტო 23-ს“ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი