განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100119002837415
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილის მდივნობით

პროკურორ – გ------- შ---------ს

ბრალდებულ _ გ--------- ხ------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ--------- ა-–----ს ძე ხ------ს, დაბადებულის 1--- წლის------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ--–-- რაიონის სოფელ ო--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-- ვ---------–---------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე („ლ--------“ შენობაში), ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------- ხ------ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------- ხ------ს მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

გ--------- ხ------ 1995 წლიდან იმყოფება ქორწინებაში ა--- ყ-----–---–თან და ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ---------–-----ის, მ------- მ/რ, კორპუსი №----ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელში, მეუღლესთან და ქალიშვილთან ნ---- ხ------სთან ერთად. თანაცხოვრების განმავლობაში, გ--------- ხ------ სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს ა--- ყ-----–---–ს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

2019 წლის 2 იანვარს, იმყოფებოდნენ რა მათსავე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზემოაღნიშნულ მისამართზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ--------- ხ------მ, ურთიერთშელაპარაკებისას ა--- ყ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. ამასთანავე, გ--------- ხ------ დაემუქრა ა--- ყ-----–---–ს ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით. ხმაურზე შემოვიდნენ მეზობლები, რომლებმაც შეძლეს გ--------- ხ------ს გარიდება ა--- ყ-----–---–ისგან, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პატრულ-ინსპექტორების მიერ გ--------- ხ------ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. გ--------- ხ------ს მიერ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შედეგად, ა--- ყ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.

ამის გამო გ--------- ხ------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების გამო) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ასევე, 2019 წლის 1 იანვარს, ქ.------–--–-------------–----------------------------–------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში გ--------- ხ------მ შვილის - ნ---- ხ------ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა სახის არეში და შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ბეჭის არეში, რის შედეგადაც ნ---- ხ------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ამის გამო გ--------- ხ------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------- ხ------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო საქმეზე შეკრებილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს: გ--------- ხ------ს დაკავების ოქმს, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, ასევე მოისმინა მხარეთა შესავალი და დასკვნითი სიტყვები და დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------- ხ------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--------- ხ------ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, ა--- ყ-----–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების თარიღად მითითებულია 2018 წლის 2 იანვარი, ხოლო საქმეში არსებული მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ ნაცვლად 2018 წლის 2 იანვრისა, მითითებული უნდა იყოს 2019 წლის 2 იანვარი.

სასამართლომ უდავოდ ცნობილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გ--------- ხ------ ა--- ყ-----–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ოჯახში ძალადობა, ე.ი. „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი“. შესაბამისად, ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებულმა სისტემატურმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ ან დამცირებამ ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. რაც შეეხება იმ გარემოებას, ბრალდებულის ქმედებამ რეალურად გამოიწვია თუ არა ტანჯვა, აღნიშნული უნდა დადგინდეს არამარტო დაზარალებულის სუბიექტური აღქმის საფუძველზე, არამედ ობიექტურადაც. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, „წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ა--- ყ-----–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გ--------- ხ------ს ქმედებებით, ა--- ყ-----–---–მა არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------- ხ------ ა--- ყ-----–---–ის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდისათვის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი, რადგან მის ქმედებას ა--- ყ-----–---–ის ტანჯვა არ გამოუწვევია, ხოლო აღნიშნული შედეგის დადგომის გარეშე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დამცირება ვერ ჩაითვლება 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად და პირს არ შეიძლება მსჯავრი დაედოს იმისთვის, რაც დანაშაულად არ ითვლება.

მაშასადამე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------- ხ------მ ჩაიდინა მეუღლის - ა--- ყ-----–---–ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ხოლო შვილის - ნ---- ხ------ს მიმართ ძალადობა, ე.ი დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ გ--------- ხ------ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, აღარ ითვლება ნასამართლევად (გაქარწყლებული აქვს), საქმის მასალების მიხედვით კი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულ ა--- ყ-----–---–ს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას, რა დროსაც ბრალდებული დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, „მემუქრებოდა ცემით და მოკვლით“), რომლის განხორციელების რეალური შიში დაზარალებულს გაუჩნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის აგრესიული ქცევის ფონზე. აღნიშნულის და ასევე, დაზარალებულ ნ---- ხ------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო ბრალდებულს უნდა დაეკისროს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნ---- ხ------ს მიმართ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, რის გამოც სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია გ--------- ხ------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - ჯარიმას ან შინაპატიმრობას (საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს მათი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რამდენადაც მხედველობაში იღებს ბრალდებულის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, მისი თქმით, შემოსავლის წყაროს წარმოადგენს დღიური გამომუშავებით მიღებული თანხა და სტაბილური შემოსავალი არ აქვს, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა შინაპატიმრობის დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში, რაც უარყოფითად აისახება როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------- ხ------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-270-ე, 272-274-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------- ხ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ა--- ყ-----–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

2. გ--------- ხ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. გ--------- ხ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ---- ხ------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ--------- ხ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

5. მსჯავრდებულ გ--------- ხ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 2 იანვრიდან - 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. მსჯავრდებულ გ--------- ხ------ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ--------- ხ------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი