გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.03.2019
საქმის ნომერი
330310018002370328
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1869-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,თ---–-------------–------------------"

 

წარმომადგენელი - შ--------------ე

 

მოპასუხე - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო

 

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2----–-–---------------–------ გადაწყვეტილება და მის ნაწილად მიჩნეული 2----–-–---------------–ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს N----------------ის პირველი ნაწილი;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი შპს ,,თ---–-------------–----------------იის" ავტორიზაციის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ. 65-75).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2----–-–---------------------------ით დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 2017 წლის გეგმური მონიტორინგის გეგმა. აღნიშნული ბრძანების დანართის თანახმად, შპს ,,თ---–-------------–------------------ში“ მონიტორინგის ვიზიტის სავარაუდო თარიღად განისაზღვრა 2017 წლის II-IV კვარტალი, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის კრიტერიუმებად მიეთითა: ა) ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებული ხარვეზები; ბ) თვითშეფასების განმეორებადობა და მისი არაანალიტიკური ხასიათი; გ) აკადემიური პერსონალის ხშირი ან/და მნიშვნელოვანი ცვლილება; დ) სტუდენტთა მობილობის მაღალი მაჩვენებელი; ე) უცხოელ სტუდენტთა დიდი რაოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2----–-–---------------------------ა, თანდართული დანართით ( ს.ფ. 157-161).

 

3.1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2----–-–-------------------------------ით შეიქმნა მონიტორინგის ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც დაევალა დაწესებულების პირობების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით შპს ,,თ---–-------------–------------------"-ში ვიზიტის განხორციელება. ამავე ბრძანებით ექსპერტებს განესაზღვრათ 7 დღის ვადა ვიზიტის დასრულების შემდეგ დასკვნის შედგენისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2----–-–-------------------------------ა (ს.ფ. 162-165).

 

3.1.3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნით, შემოწმდა შპს თ---–-------------–----------------იის ავტორიზაციის პირობები, რის შემდეგაც გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

 

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტის შეფასების ნაწილში:

 

1.1. საგანმანათლებლო პროგრამები შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად და აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა. თითოეულ პროგრამას ახლავს სასწავლო კურსების სილაბუსები. თუმცა, წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამები და სილაბუსები 2014 წლისაა. დანართის სახით ინსტიტუციამ წარადგინა საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა სილაბუსებში არ არის გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებაში შესული ცვლილებები. აკადემიურ პერსონალთან ინტერვიუების დროს დადასტურდა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია სტუდენტის შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის შესახებ, თუმცა დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ბრძანება შეფასების სისტემის შესახებ და სილაბუსებში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე ინტერვიუს შედეგები არ ემთხვევა ერთმანეთს, ასევე დაფიქსირდა სილაბუსების შეუსაბამობა აკადემიურ კალენდარსა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესთან. შუალედური გამოცდა სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში და აკადემიურ კალენდარში მითითებული იყო მე-8 კვირაში, ხოლო სილაბუსებში - მე-9 კვირაში.

 

1.2. ვიზიტისას დაწესებულებას არ გააჩნდა ვებგვერდზე ატვირთული საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა (კატალოგი).ვიზიტის განმავლობაში, ვებგვერდზე აიტვირთა 2 საგანმანათლებლო პროგრამა.

 

1.4. მონიტორინგის ვიზიტის დროს, შპს ,,თ---–-------------–------------------მ“ წარადგინა აკადემიის რექტორის მიერ დამტკიცებული ,,სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“, რომელიც მოიცავს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების პროცედურებსა და მექანიზმებს, სადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ხარვეზები.

 

1.5. საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისათვის 30 კრედიტის მოცულობით არჩევით სასწავლო კურსებს და ასევე 30 კრედიტის მოცულობით თავისუფალ სასწავლო კურსებს. ვიზიტის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ორ სტუდენტს სხვადასხვა პროგრამიდან ერთი და იმავე საგნები ჰქონდათ შეთავაზებული პირველ სემესტრში ,,ზოგადი მოდულიდან“ არჩევანის შესაძლებლობა არ ჰქონდათ დამოუკიდებლად, ელექტრონული სისტემის არ არსებობის გამო. ვიზიტის განხორციელების დროს არ ფუნქციონირებდა საგანმანათლებლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც მისცემდა სტუდენტს საშუალებას აერჩია სასწავლო კურსები და დამოუკიდებლად განეხორციელებინა ინდივიდუალური პროფილის ფორმირება. ინტერვიუს დროს, რექტორმა განმარტა, რომ მიმდინარე ეტაპზე ძირითადად გამოიყენება ელექტრონული ფოსტა, სადაც სტუდენტებს ეგზავნებათ სასწავლო კურსების სილაბუსები და სხვა ინფორმაცია. თუმცა ვიზიტის დროს სტუდენტებთან ინტერვიუს შედეგად, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

 

1.6. შპს ,,თ---–-------------–----------------იის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ მითითებულია, რომ გაუქმებულია საგანმანათლებლო პროგრამის მილევად რეჟიმში არსებობა, შესაძლებელია მიმდინარე საფეხურის დასრულებამდე, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება ნიშნავს, რომ სტუდენტმა უნდა ისარგებლოს მობილობით.

 

1.8. დაწესებულებამ ვერ წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა რაიმე ცვლილებები ავტორიზაციის და პროგრამული აკრედიტაციის ვიზიტის დასკვნებიდან გამომდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ის ერთი კვირაა, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მას არ გადმოუბარებია ხარისხის დოკუმენტაცია.

 

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსების ნაწილში:

 

2.1. დაწესებულების წარმომადგენლის განცხადებით, სასწავლო პროცესი დაწყებულია 2017 წლის 23 ოქტომბერს, თუმცა დაწესებულების მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ხელშეკრულება აღნიშნული ფართის იჯარის შესახებ დამოწმებულია 2017 წლის 8 დეკემბერს, ანუ მონიტორინგის ვიზიტის მიმდინაროების დროს.

 

2.2. დაწესებულების სტრუქტურის ბოლო ვერსია, რომლის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციის დიდი ნაწილი (კანცლერი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტის დეკანი) არ ფლობს, ამასთან ის შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. დაწესებულების მისია ზოგადია და ბუნდოვანი.

 

2.3. დაწესებულებას არ აქვს ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა.

 

2.4. ვიზიტის პირველ დღეს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, კერძოდ, ცეცხლმაქრები, დასაწყობებული იყო ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილ სივრცეში და არ იყო ხელმისაწვდომი შენობის შიგნით. ვიზიტის მეორე დღეს მოხდა მათი დამონტაჟება კედლებზე. დაწესებულებამ ვერ წარადგინა ცეცხლმაქრების ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები. დაწესებულებას ჰყავს წესრიგის უზრუნველყოფის ერთი თანამშრომელი. ადმინისტრაციის განცხადებით, როდესაც სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება, ისინი გეგმავენ დაცვის სამსახურთან კონტრაქტის გაფორმებას და ამჟამად ვერ ხედავენ დაცვის სამსახურის საჭიროებას.

 

2.7. აკადემიური პერსონალის თქმით, სტუდენტებს ლიტერატურას აწვდიან ელექტრონული ფორმით, თუმცა სტუდენტთან გასაუბრებისას აღნიშნული არ დადასტურდა.

 

2.8. ვიზიტის დროს მიმდინარეობდა ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილი ფართის კეთილმოწყობა. ბიბლიოთეკის წარმომადგენლის განცხადებით, ელექტრონული და ბეჭდური ფონდის განთავსება დაგეგმილი იყო სამკითხველო დარბაზსა და წიგნსაცავში, თუმცა დაწესებულების მისამართის ცვლილების გამო აღნიშნულის დროული განხორციელება ვერ მოხერხდა. დაწესებულებაში სწავლის დაწყებიდან შვიდი კვირის შემდეგ, წიგნები, ჯერ კიდევ, ყუთებში იყო მოთავსებული და სტუდენტებს არ ჰქონდათ ბიბლიოთეკითა და სამკითხველო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა. ვიზიტის პერიოდში ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ექსპერტებს წარუდგინა ელექტრონული კატალოგი, რომელშიც შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გადამოწმების შედეგად დადასტურდა სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის არსებობა, თუმცა, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, მათი მატერიალურად ფლობის შემოწმება ვერ მოხერხდა.

 

2.10. არ არსებობს ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა. მატერიალურად წარდგენილი საქმისწარმოების წიგნები არ არის სათანადო ფორმით წარმოებული, არ დასტურდება მათი მთლიანობა და უწყვეტობა. წიგნები არ არის აკინძული და დამოწმებული.

 

2.11. ვებგვერდზე განთავსებული ბოლო სიახლე (დეკემბრისთვის) 18 სექტემბრით თარიღდება. ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იყო, მხოლოდ ბიბლიოთეკის თანამშრომლის დახმარებით.

 

2.12. ბიუჯეტის დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია არც დოკუმენტალურად და არც ინტერვიუს დროს ექსპერტთა ჯგუფს არ მიუღია. კანცლერმა განაცხადა, რომ ბიუჯეტს მფლობელები გეგმავენ, თუმცა მათთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, მათი გამოუცხადებლობის გამო.

 

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსების ნაწილში:

 

3.5. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს აკადემიური პერსონალის მდგრადობა, ასევე მოწვეული პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ.

 

ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა დაწესებულებას გაეგზავნა 2----–-–---------------–---------------------- წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა (ს.ფ. 122-150);

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 07.02.2----–------------------- წერილი (ს.ფ.156).

 

3.1.4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 2----–-–---------------–ის სხდომაზე განიხილა შპს ,,თ---–-------------–------------------"-ში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქათველოს კანონის 562-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, 564-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,თ---–-------------–------------------ს" გაუუქმდა ავტორიზაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2----–-–---------------–ის №01 სხდომის ოქმის პირველი ნაწილი ცნობილი იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

საბჭოს თავმჯდომარის - დ---------------ის განმარტებით, საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: მონიტორინგის ვიზიტის მომენტისთვის დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო თანმიმდევრული, ამასთან, საბჭომ ვერ დაინახა შიდა ხარისხის უზრუნველყოფის რეალური მექანიზმი მათ გასაუმჯობესებლად. სახეზე არ იყო დაწესებულების მართვის ეფექტიანი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა ინსტიტუციის მდგრადობას. საბჭომ ვერ დაინახა, რომ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები რეალურად გამოიყენებოდა დაწესებულების მართვაში. სასწავლო პროცესი ვერ მიმდინარეობდა სრულყოფილად, რადგან, მაგალითად, ვიზიტის დროს ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებდა. დაწესებულების იჯარის ხელშეკრულება ვიზიტის მომენტისთვის არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შესაბამისად დაწესებულება არ ფლობდა ფართს სამართლებრივად. დაწესებულების მატერიალური რესურსი ვერ უზრუნველყოფდა სასწავლო პროცესის გამართულად ფუნქციონირებას. საბჭომ ვერ დაინახა დაწესებულების ფინანსური მდგრადობა. დაწესებულების მენეჯმენტის ხშირი ცვლა ვერ უზრუნველყოფდა აკადემიური პერსონალისთვის მდგრად გარემოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2----–-–---------------–ის N----------------ი (ს.ფ. 106-114);

-უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2----–-–---------------–ის №01 გადაწყვეტილება (ს.ფ.105).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,თ---–-------------–----------------იის" სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქათველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება’’.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას“, რომლის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში - საბჭო) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმების გამართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2----–-–---------------–ის №01 გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ამავე საბჭოს 2----–-–---------------–ის №1 სხდომის ოქმი. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო გადაწყვეტილება და ოქმი განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამდენად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე შპს ,,თ---–-------------–----------------იის" მოთხოვნა მოპასუხე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

 

6.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ავტორიზაციის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე.

 

მითითებული წესის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

 

ზემოაღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად. სამივე სტანდარტის დაკმაყოფილება წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების საფუძველს. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტი (დებულების მე-4 თავი) მოიცავს ამომწურავ ჩამონათვალს იმ კრიტერიუმებისა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება იმისთვის, რომ მისი საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტი ავტორიზაციის მიზნებისათვის ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად. ამასთან, არცერთი კრიტერიუმი მაძიებლის მიერ არ უნდა იყოს დარღვეული და უნდა შეესაბამებოდეს განათლების მარეგულირებელ კანონმდებლობას.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების 21-ე მუხლი ადგენს დასკვნის მომზადებისთვის აუცილებელ შემდეგ პროცედურებს: 1. თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს; 2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან; 3. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას; 4. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი; 5. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს; 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის გაცნობის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს; 61. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტისა და დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისათვის საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. აღნიშნული დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს; 7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას; 8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2----–-–---------------------------ით დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 2017 წლის გეგმური მონიტორინგის გეგმა. აღნიშნული ბრძანების დანართის თანახმად, შპს ,,თ---–-------------–------------------ში“ მონიტორინგის ვიზიტის სავარაუდო თარიღად განისაზღვრა 2017 წლის II-IV კვარტალი, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის კრიტერიუმებად მიეთითა: ა) ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებული ხარვეზები; ბ) თვითშეფასების განმეორებადობა და მისი არაანალიტიკური ხასიათი; გ) აკადემიური პერსონალის ხშირი ან/და მნიშვნელოვანი ცვლილება; დ) სტუდენტთა მობილობის მაღალი მაჩვენებელი; ე) უცხოელ სტუდენტთა დიდი რაოდენობა.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების მე-2 მუხლზე, რომლის მე-2 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს. ამასთან, 42 ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:მა.ა) უსდ-ის მისია; ა.ბ) სტრატეგიული განვითარება. ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ბ.ა) ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები; ბ.გ) ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა. გ) საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: გ.ა) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება; გ.ბ) საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი; გ.გ) სწავლის შედეგების შეფასება. დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: დ.ა) პერსონალის მართვა; დ.ბ) აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის დატვირთვა. ე) სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ე.ა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, ცვლილებისა და განათლების აღიარების წესი და სტუდენტთა უფლებები; ე.ბ) სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები. ვ) კვლევასთან, განვითარებასთან ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ვ.ა) კვლევითი საქმიანობა; ვ.ბ) კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია; ვ.გ) კვლევითი საქმიანობის შეფასება. ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ზ.ა) მატერიალური რესურსი; ზ.ბ) საბიბლიოთეკო რესურსები; ზ.გ) საინფორმაციო რესურსი; ზ.დ) ფინანსური რესურსი.

 

ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ით განისაზღვრა ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული სტანდარტი.

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მონიტორინგის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დაწესებულებაში განხორციელდა ვიზიტი. დადგენილია ასევე, რომ ექსპერტთა ჯგუფმა წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერებისა და მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოამზადა დასკვნის პროექტი, რომელშიც დეტალურად აისახა კანონმდებლობით განსაზღვრულ თითოეულ სტანდარტთან არსებული როგორც შესაბამისობა, ასევე შეუსაბამობა. ამასთან, დასკვნის თანახმად, შპს ,,თ---–-------------–------------------" არ აკმაყოფილებდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსების სტანდარტებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა დაწესებულებას, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა 2----–-–---------------–---------------------- წერილით.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების 31-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მონიტორინგის ჯგუფმა დაწესებულებაში გამოავლინა დებულებით დამტკიცებულ სტანდარტებთან შეუსაბამობები, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, დაწესებულების მიმართ გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენდა მცირე მნიშვნელობის ხარვეზებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, მათი გამოსწორება ადვილად იყო შესაძლებელი.

 

სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება“ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ ვალდებულებას არ აკისრებს. კერძოდ, დებულების 31-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამდენად, რეკომენდაციის გაცემა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაწესებულებისათვის დამატებითი დროის განსაზღვრა საავტორიზაციო შემოწმების წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებისათვის ამა თუ იმ ხარვეზის გამოსასწორებლად რეკომენდაციის გაცემასა და დამატებითი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაწესებულების მიმართ გამოვლენილი შეუსაბამობების სიმრავლე, მათი შინაარსი და სიმძიმე ერთობლიობაში გამორიცხავდა დამატებითი ვადის განსაზღვრის მიზანშეწონილობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით, შპს ,,თ---–-------------–----------------იის" მიმართ დაფიქსირდა მთელი რიგი დარღვევები, მათ შორის, საქმის წარმოების ისეთი დარღვევები, როგორიც იყო მონიტორინგის ვიზიტის მომენტისთვის დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების არა თანამიმდევრულობა, ამასთან, საბჭომ ვერ დაინახა შიდა ხარისხის უზრუნველყოფის რეალური მექანიზმი მათ გასაუმჯობესებლად. სახეზე არ იყო დაწესებულების მართვის ეფექტიანი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა ინსტიტუციის მდგრადობას. საბჭომ ვერ დაინახა, რომ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები რეალურად გამოიყენებოდა დაწესებულების მართვაში. სასწავლო პროცესი ვერ მიმდინარეობდა სრულყოფილად, რადგან, მაგალითად, ვიზიტის დროს ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებდა. დაწესებულების იჯარის ხელშეკრულება ვიზიტის მომენტისთვის არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შესაბამისად დაწესებულება არ ფლობდა ფართს სამართლებრივად. დაწესებულების მატერიალური რესურსი ვერ უზრუნველყოფდა სასწავლო პროცესის გამართულად ფუნქციონირებას. საბჭომ ვერ დაინახა დაწესებულების ფინანსური მდგრადობა. დაწესებულების მენეჯმენტის ხშირი ცვლა ვერ უზრუნველყოფდა აკადემიური პერსონალისთვის მდგრად გარემოს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას დარღვევების სიმრავლესთან და სიმძიმესთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები შეესაბამება საქართველოს უმაღლესი განათლების მიზნებისა და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებს. სტანდარტები ითვალისწინებს დაწესებულების სრულფასოვან შეფასებას, რაც გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რესურსების, რეგულაციების, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, მიღწეული შედეგების და მისაღწევი შედეგებისათვის შესაძლებლობების (შესაბამისი დაგეგმილი აქტივობები, მათი შესრულების მექანიზმები და გამოყოფილი რესურსები) შეფასებას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა დეტალურად არის დარეგულირებული კანონქვემდებარე აქტებით და მათში მითითებულია ის მოთხოვნები, რომლებიც დაწესებულებამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, მათ შორის, საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა, რამდენადაც რიგ შემთხვევებში მათი შესრულება არ ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და მას მოჰყვება შესაბამისი იურიდიული შედეგებიც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ავტორიზაციის გაუქმებისთვის საკმარისი იყო ნორმატიული აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი სტანდარტის მოთხოვნებთან დაწესებულების შეუსაბამობა. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ შეუსაბამობები არსებობდა ორ სტანდარტთან მიმართებით, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის აპელირებას დაწესებულების თითოეული დარღვევის ცალკე განხილვასა და სხვა დაწესებულებებთან მიმართებაში თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე და არა თითოეული დარღვევის ცალ-ცალკე შეფასებით. სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ მსგავსი ხარვეზების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო სხვაგვარი გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სასამართლოს დასკვნით, მსგავსი არ ნიშნავს იდენტურს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი არ დასტურდება საქმის გარემოებათა იდენტურობა. ამდენად, ამ პირობებში, ზოგადი პრაქტიკის მოყვანა ყოველგვარ დასაბუთებას არის მოკლებული. შესაბამისად, გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადასტურდა, რომ დაწესებულება დადგენილი სტანდარტებიდან ვერ აკმაყოფილებდა ორ სტანდარტს, შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2----–-–---------------–------ გადაწყვეტილება და მის ნაწილად მიჩნეული 2----–-–---------------–ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს N----------------ის პირველი ნაწილი მოსარჩელისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, გამოცემულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, დაცულია გასაჩივრებული აქტის გამოცემის როგორც ფორმალური, ასევე, მატერიალური კანონიერების მოთხოვნები და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2----–-–---------------–------ გადაწყვეტილება და მის ნაწილად მიჩნეული 2----–-–---------------–ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს N----------------ის პირველი ნაწილი მოსარჩელისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილებები, სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რის გამოც შპს ,,თ---–-------------–----------------იის" სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,თ---–-------------–----------------იის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე