განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002737556
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/307-18 6 მარტი 2019 წელი ქ. ბოლნისი (გამოძიების N024201118002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: დიმიტრი ნაცვლიშვილი
ბრალდებული: ი-–---- ხ--–--–---ი
მამის სახელი: გასან
დაბადებული: 1976 წლის 8 იანვარი
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასმართლეობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ---------------–------------------------
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 20 ნოემბერს, საღამოს საათებში, დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაიში მდებარე ი-–---- ხ--–--–---ის საცხოვრებელი სახლის უკან, სოფლის გზაზე, პირუტყვის გზაზე გავლასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკების დროს, ი-–---- ხ--–--–---მა რამდენჯერმე დაარტყა დანა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ფოლადხან ჩობანოვს, რითაც მას თხემისა და გულმკერდის უკანა მიდამოში მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 14 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №008561218 დასკვნის თანახმად შპს დმანისის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N399-ის მონაცემებით ფოლადხან ჩობანოვს 20.11.18 წ. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის უკანა ზედაპირის, მარცხენა მხარის და მარცხენა წინამხრის მიდამოებში, კანქვეშა ჰემატომა მარცხენა საფეთქლის მიდამოში. ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მოქმე საგნის მოქმედებით, ხოლო ჰემატომა მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ასევე, საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ფოლადხან ჩობანოვის და მოწმეების ზურაბ პეტრიაშვილის, სუნბულ ხ--–--–---ას, გიური ჩობანოვას, მანზარ ჩობანოვას, ფარმან ჩობანოვის, ჯეიხუნ ხ--–--–---ის, ნუნუ კავკასიძის და მირიან ლეფსვერიძის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 20 ნოემბრის, 21 ნოემბრის და 22 ნოემბრის ამოღების ოქმებით, 2018 წლის 20 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 20 ნოემბრის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 26 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N008518318 დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N426/სბ დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1205/ტრ დასკვნით, 2018 წლის 20 დეკემბრის ამოცნობის ოქმით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N2498/ცი დასკვნით დასტურდება რომ აღნიშნული დაზიანებები ფოლადხან ჩობანოვს მიაყენა ი-–---- ხ--–--–---მა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი-–---- ხ--–--–---მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი-–---- ხ--–--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი-–---- ხ--–--–---ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ფოლადხან ჩობანოვის და მოწმეების ზურაბ პეტრიაშვილის, სუნბულ ხ--–--–---ას, გიური ჩობანოვას, მანზარ ჩობანოვას, ფარმან ჩობანოვის, ჯეიხუნ ხ--–--–---ის, ნუნუ კავკასიძის და მირიან ლეფსვერიძის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 20 ნოემბრის, 21 ნოემბრის და 22 ნოემბრის ამოღების ოქმები, 2018 წლის 20 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 20 ნოემბრის ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 26 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N008518318 დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის N426/სბ დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1205/ტრ დასკვნა, 2018 წლის 20 დეკემბრის ამოცნობის ოქმი, ცივი იარაღის ექსპერტიზის N2498/ცი დასკვნა და სამედიცინო ექსპერტიზის №008561218 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი-–---- ხ--–--–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 . სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი-–---- ხ--–--–---ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-–---- ხ--–--–---მა ფოლადხან ჩობანოვის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშულის მოტივზე და ძალადობრივი ქმედების გამოხატვის ფორმაზე, კერძოდ ი-–---- ხ--–--–---მა დაზარალებულს დანა დაარტყა რამდენჯერმე, სხეულის სხვადასხვა ადგილას.
გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, მიყენებული დაზიანებების ადგილმდებარეობას და მიაჩნია, რომ ი-–---- ხ--–--–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო ზემოთაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ი-–---- ხ--–--–---ს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული ფოლადხან ჩობანოვის ქუდი და ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ფოლადხან ჩობანოვს, ხოლო ი-–---- ხ--–--–---ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ი-–---- ხ--–--–---ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. რაც შეეხება ფოლადხან ჩობანოვის და ილაგრ ხ--–--–---ის სისხლის ნიმუშებს, ამოღებულ დანებს და დანიდან ამოღებულ ანაწმენდებს უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-–---- ხ--–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ი-–---- ხ--–--–---ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 ნოემბრიდან.
ი-–---- ხ--–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ფოლადხან ჩობანოვის ქუდი და ტანსაცმელი დაუბრუნდეს ფოლადხან ჩობანოვს.
ი-–---- ხ--–--–---ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ი-–---- ხ--–--–---ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ფოლადხან ჩობანოვის და ი-–---- ხ--–--–---ის სისხლის ნიმუშები, ამოღებული დანები და დანიდან ამოღებული ანაწმენდები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე