განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ----- ვ-–---------- ძე ნ------–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 3------ს, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- თ---------- მ/რ-ნი, მ--- კვარტალი, კორპუსი #--, ბინა #---–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)
ადვოკატი - კ--- მ--------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, თ---------- მ/რაიონი, მ--- კვარტალი, 5--ე კორპუსი, ბინა #---–- რ----- ნ------–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს ო-–--- ვ------------ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, თ---------- მ/რაიონი, მ--- კვარტალი, 5--ე კორპუსი, ბინა #---–- რ----- ნ------–---–მა მეუღლეს ო-–--- ვ------------ას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა გაინცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა რ----- ნ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ო-–--- ვ------------ას 17.11.2018 წლის და მოწმეების - გ---- პ--------ის, ა-–---------- კ----–------ის, ვ----–---- ვ------------ას, ლ--–- გ---–-------–---–ის, ე------ დ---–-----ის გამოკითხვის ოქმებს, 17.11.2018 წლის შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია რ----- ნ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა რ.ნ------–---–მა, 2018 წლის 17 ნოემბერს ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე ო-–--- ვ------------აზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. (ამონარიდი დაზარალებულის 17.11.2018 წ. გამოკითხვის ოქმიდან ,,..მარცხენა ხელი ჩამჭიდა ძლიერად და მარჯვენა ხელის მუშტი დამარტყა ცხვირის არეში, რის გამოც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დარტყმისგან გადავარდი უკან..., ისევ დამარტყა ხელი ტუჩის არეში, რის გამოც განვიცადე ფიზიკური ტკივილი და ტუჩიდან წამომივიდა მცირე ოდენობით სისხლი). დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრების - არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობრივ ქმედებას მის მიმართ. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ რ----- ნ------–---–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მხრიდან ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.
3.4. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.6. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა რ----- ნ------–---–ის ბრალეულობა.
3.7. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა რ----- ნ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ----- ნ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები როგორიცაა: დანაშაულის სიმრავლე - 2 ეპიზოდი და ქმედების ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - რ.ნ------–---–ი აღიარებს და გულწრფელად ნანობს ჩადენილ დანაშაულს, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და მის კმაყოფაზეა სამი არასრულწლოვანი შვილი. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ეს იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, რასაც წინ არ უძღოდა შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით რ----- ნ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული სასჯელის მაქსიმუმთან მიახლოებული სანქცია თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით. ამავე დროს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, პირობითი მსჯავრით მიღწევადია სასჯელის მიზნები, მით უფრო იმ პირობებში, თუკი დამნაშავეს სასჯელთან ერთად დაეკისრება სხვა ვალდებულებებიც.
5.4. კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან რ.ნ------–---–ი ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა პრობაციის ბიურომ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ნ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
2. რ----- ნ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ----- ნ------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით რ----- ნ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 18 ნოემბრიდან - 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა