განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
330100118002378879
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------- ჭ------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს-------- ვ--–-------- ძე გ---------, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- ა-–-------–-- გამზირი #--- ბინა#--–ი და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ბ-------–---- ქუჩა #---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

ადვოკატი - ნ--- ფ---------–---–-

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 02:15 საათზე, თბილისში, კ--------------- ქუჩა #42-ის მიმდებარედ, ს-------- გ---------მ ურთიერთშელაპარაკების დროს გ-- ხ---–---–ს ზურგის არეში დაარტყა ფეხი, რა დროსაც გ-- ხ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ს-------- გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობას: დაზარალებულ გ-- ხ---–---–ის და მოწმეების - ლ-–------------------------------–---- გამოკითხვის ოქმებს, ვიდეო-ჩანაწერს, ვიდეო-ჩანაწერის გახსნა-დათვალიერების ოქმს, თავად ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ს-------- გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს.

 

3.3. უდავო მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ს-------- გ---------მ 2018 წლის 27 იანვარს ფიზიკურად იძალადა გ-- ხ---–---–ზე, კერძოდ ზურგის არეში დაარტყა ფეხი. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.6. სასამართლომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ს-------- გ---------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს-------- გ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ს-------- გ--------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა მტკიცებულებები და უარი განაცხადა მათ გამოკვლევაზე, რითაც მაქსიმალურად დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი. სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ს-------- გ--------ის მისწრაფება განათლებისადმი, პრობაციის ოფიცრის - სოციალური მუშაკის შეფასების ანგარიშით დგინდება, რომ ს-------- გ--------- სწავლობს ,,ქა-------–-----------–------------------ს“ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ჩეხეთში, პრაღის უნივერსიტეტში, ამჟამად სრულ განაკვეთზე მუშაობს ,,ს----------–--------------------------–ი“ გაყიდვების აგენტად და მომავალში გეგმავს სწავლის გაგრძელებას საქართველოში ან კანადაში.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის ისეთი შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორიცაა: ს-------- გ--------ის დადებითი დახასიათება სამუშაო ადგილიდან, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება და სინანული, სასჯელის განსაზღვრის დროს როგორც პიროვნული მახასიათებელი -გათვალისწინებული იქნა ს-------- გ--------ის მისწრაფება განათლების კუთხით. აქვე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით და ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გამო, სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მიღწევადია სასჯელის მიზნები.

 

5.4.ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ს-------- გ---------ს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს-------- გ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარი. საქართელოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 30 იანვრიდან - 2018 წლის 14 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ს-------- გ---------ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

2. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა