გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/33255-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე ალ------ა ტ------ი
წარმომადგენელი ბ---------ა
მოპასუხე ალ-----–--------–-----------რ
წარმომადგენელი დ------------ე
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ალ-----–--------–-----------რს ალ------ა ტ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 48 260 ლარი.
1.2. ალ-----–--------–-----------რს ალ------ა ტ------ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ალ------ა ტ------ი არის თბილისში, წე------ს ქუჩის პირველი შესახვევი N5-ში (ს/კ#0---------------) მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრე, რომლის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის #------- ბრძანებით მოპასუხეს მიეცა მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის უფლება, რომლის საფუძველზეც დაიწყო სადემონტაჟო სამუშაოები.
აღნიშნული მოქმედებები უშუალოდ მიმდინარეობდა მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ბეტონის ღობის გასწვრივ, რომელიც არის ორი ნაკვეთის გამყოფი საზღვარი.
მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად და შესაბამისი ნორმების დარღვევის გამო, მთლიანად ჩამოინგრა ბეტონის ღობე, ჩამოიშალა მიწა, რის გამოც ფაქტობრივად აღარ არსებობს ეზო და ავტოსადგომი, შენობას გარშემო შემოცლილი აქვს მიწა და ჰაერშია მისი საძირკველი. არაერთი მოწოდებისა და თხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ ახორციელებს ზიანის ანაზღაურებას, ასევე აუცილებელი და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების წარმოებას. შენობა და მის გარშემო ტერიტორია არის ავარიულ მდგომარეობაში და ყოველდღიურად იზრდება მისი დანგრევის საფრთხე, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან შენობის დემონტაჟი განახორციელა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე. სამუშაოები განხორციელდა მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობის კედელზე, სადაც არ ყოფილა ბეტონის კედელი, რომელსაც შეიძლებოდა საზღვარი დაედგინა ორ მომიჯნავე ნაკვეთს შორის. აღნიშნულ უძრავ ქონებას არ ჰყოფდა საერთო კედელი.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ არის დასაბუთებული, ვინაიდან მასში არ არის აღწერილი დემონტაჟის პროექტის რომელი პუნქტი იქნა დარღვეული. შესწავლილი არაა დემონტაჟამდე არსებული შენობის მასშტაბები და მიწის ჩამოშლის მიზეზები, რომელიც რეალურად გამოიწვია სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსულმა ძლიერმა ნალექმა და მოსარჩელის ეზოში განთავსებულმა სანიაღვრე მილმა. მოპასუხეს მიაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა არ არის გამოწვეული მისი ქმედებით, ვინაიდან შენობის დემონტაჟის დროს არ შეხებია მოსარჩელის მიწის ნაკვეთს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისში, წე------ს ქუჩის პირველი შესახვევი N5-ში (ს/კ#0---------------) მდებარე შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ალ------ა ტ------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 17-18)
3.1.2. ქ. თბილისში, წე------ს ქუჩაზე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (ნაკვ 56/46) ქალაქი თბილისი, ქუჩა წე------, მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, წე------ს ქუჩაზე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (ნ---------- არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0---------------) აღრიცხულია ალ-----–--------–-----------რის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 19-20)
3.1.3. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის #------- ბრძანების შინაარსიდან ირკვევა, რომ შეთანხმდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- #------- ბრძანება (ს.ფ 21-22)
3.1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისში, წე------ს ქუჩაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (ნაკვ 5----, ს/კ 0---------------) კაპიტალური შენობის დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღვევის თაობაზე მოქალაქე ალ-----–--------–-----------რის მიმართ სამსახურის მიერ გაცემული იქნა 2018 წლის 23 ივლისის #0---- დადგენილება 30 000 ლარით დაჯარიმების და ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზედამხედველობის სამოქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ 23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ალ------ა ტ------ის უძრავი ქონება დაზიანდა მოპასუხის მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ექსპერტის დასკვნაც, სსსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება და წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ განხორციელებულ შეფასებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარემოება მოპასუხის მოქმედების შედეგად ალ------ა ტ------ის უძრავი ნივთის დაზიანების შესახებ დადასტურებულია 2018 წლის 19 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით.
#0-------- დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, წე------ს ქ I შესახვევი #5-ში მდებარე (ს/კ#0---------------) სამსართულიანი შენობის ტექნიკური მდგომარეობა მიუხედავად მასზე არსებული რაოდენობრივად მცირე დაზიანებებისა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანებები შეესაბამება I-II ხარისხს, თუმცა მოსალოდნელია დაზიანების ხარისხის გაზრდა, ამიტომ აუცილებელია უახლოეს პერიოდში გატარდეს ღონისძიებები საძირკვლების მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
ეზოს ბეტონის ფილაში განვითარებული დაზიანებები III-IV ხარისხისაა, საფრთხის შემცველია და აუცილებელია უმოკლეს ვადაში განხორციელდეს მისი დემონტაჟი. ღობის კედლის დაზიანება III ხარისხისაა და მოსალოდნელია დეფორმაციების გაზრდა.
საკვლევი შენობის კედელზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დეფორმაციები ძირითადად გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში არაკვალიფიციურ დონეზე ჩატარებული სადემონტაჟო სამუშაოებით. ზოგადად შენობების ექსპლუატაცია I-II ხარისხის დაზიანებით საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ აუცილებელია დაკვირვება.
წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით.
ამასთან, საქმეში მოთავსებულია 2018 წლის 09 და 12 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულეები, რომლის მიხედვით მოსარჩელე ალ------ა ტ------ის უძრავი ქონების აღდგენისთვის საჭიროა დგენს 48 260 ლარი.
მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უძრავ ნივთზე არსებული დაზიანებები უკვე აღდგენილია და შესაბამისად მოსარჩელე მხარის მიერ რეალურადაც გაწეულია 48 260 ლარი.
საყურადღებოა, რომ მოპასუხე მხარეს საცხოვრებელი სახლის დაზიანების ალტერნატიული წყაროს შესახებ არ მიუთითებია და ამ მიმართებით მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 24-48)
- 2018 წლის 09 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 58-60)
- 2018 წლის 12 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 61-64)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ------ა ტ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშვება. დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის დადასტურებისას, კერძოდ: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; დამდგარი ზიანი; მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ------ა ტ------ის უძრავი ქონება ფიზიკურად დაზიანდა მოპასუხის მიწის ნაკვეთზე არსებული კაპიტალური შენობის დემონტაჟის შედეგად, ხოლო აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა განსაზღვრულია 48 260 ლარით. გასათვალისწინებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამოქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის წერილიც, რომლის თანახმად, ალ-----–--------–-----------რი კაპიტალური შენობის დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღევის გამო, ამავე სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის #0---- დადგენილებით დაჯარიმდა 30 000 ლარით. ეს გარემოება დამატებით მეტყველებს მოპასუხე მხარის მხრიდან გაწეული სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ.
საყურადღებოა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებანი მასზედ, რომ ალ------ა ტ------ის ქონების დაზიანება გამოწვეულია ალტერნატიული წყაროს შედეგად. მოპასუხე მხარეს სათანადიო ფორმით სადავოდ არ გაუხდია ალ------ა ტ------ის ქონების აღდგენის ღირებულებაც.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით გამოკვეთილია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა და ალ------ა ტ------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 48 260 ლარის დაკისრების შესახებ დასაბუთებულია სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ალ-----–--------–-----------რს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1577.80 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული მომსახურების ღირებულების დაკისრებას, თუმცა ამგვარი ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ალ------ა ტ------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ალ-----–--------–-----------რს ალ------ა ტ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 48 260 ლარი.
3. ალ-----–--------–-----------რს ალ------ა ტ------ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯი 1000 ლარი.
4. ალ-----–--------–-----------რს ალ------ა ტ------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1577.80.
5. ალ------ა ტ------ის მოთხოვნა მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე