განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
330100118002740108
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლი სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებლების _ თ----------------, ი-------------------

ბრალდებულ _ ვ------------------------ მონაწილეობით,განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ვ---------------------------------------- (დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–--------------) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

დაახლოებით ხუთი თვეა ვ----------------------- და მ------------------ ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2018 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ---–----------–--------–---------------–-, ვ------------------------ საცხოვრებელ სახლში, ვ---------------------- მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ------------------ს თავში ჩაარტყა ჩაქუჩის ტარი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 26 ნოემბერს, დილის საათებში, თ---–----------–--------–---- ქუჩის დასაწყისში ვ------------------------ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ------------------ს მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა მუხლის მიდამოში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

დაზარალებულ მ------------------- ჩვენებით, ვ.-------–---–თან ერთად ცხოვრობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა ერთმანეთის მეუღლეები არ იყვნენ. გადასახადებს და ბინის ქირას ვ.-------–---–ი იხდიდა. თანაცხოვრების პერიოდში მას ეხმარებოდა კაკლის დამტვრევაში, რასაც შემდეგ ვ.-------–---–ის დედა ბაზარში ყიდდა. 2018 წლის 20 ოქტომბერს, ეკამათა ვ-----------------------, რის შემდეგაც მან მისი პირადი ნივთები ჩაულაგა და სახლიდან აგდებდა. ვინაიდან წასვლა არ სურდა, ეწინააღმდეგებოდა, ხოლო ვ.-------–---–მა მას ჩაქუჩის ტარი ჩაარტყა და წაიქცა. წაქცევისას თავი დაარტყა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 26 ნოემბერს ვ.-------–---–ი იყო მასზე გაბრაზებული, რადგან მის გამო პრობლემები შეექმნა პოლიციასთან და სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნულზე იკამათეს და ის კვლავ ცდილობდა მისი სახლიდან გაგდებას. თავად წასვლა არ უნდოდა, რადგან ვ.-------–---–ი უყვარდა. როდესაც სახლიდან წავიდა, ვ.-------–---–ი მას დაეწია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა და დაეცა ძირს. აღნიშნულის შემდეგ, ასევე სხვა შემთხვევებშიც, როდესაც ვ.-------–---–ი სთხოვდა მისი სახლიდან წასვლას, მიდიოდა პოლიციაში. ვ.-------–---–ის ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მოწმე ლ------------------- ჩვენებით, ვ----------------------- არის მისი შვილი და ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ერთმანეთთან ახლოს. ვ----------------------- ჰყავდა მეუღლე, რომელიც ს--------––- იმყოფება. ისინი ოფიციალურად დაშორებულები არ არიან. მ------------------ ვინ არის, ზუსტად არ იცის. ის დაახლოებით ორჯერ ნახა მისი შვილის სახლში. იცოდა, მ.----------ძე კაკლის დამტვრევაში ეხმარებოდა ვ.-------–---–ს. ყოველ საღამოს მიდიოდა მის შვილთან, საჭმელს უკეთებდა, ერთად ვახშმობდნენ. მისი შვილსა და მ------------------ს შორის კონფლიქტს არ შესწრებია. იცის მხოლოდ ის, რომ ვ.-------–---–ს მასთან ურთიერთობა არ სურდა და ეუბნებოდა, რომ წასულიყო მისი სახლიდან. იყო შემთხვევა, როცა ვ.-------–---–ის თხოვნით ესაუბრა მ.----------ძეს, რა დროსაც ის იყო ისეთი ნასვამი, რომ ვერ საუბრობდა. უთხრა, რომ მისი შვილისთვის თავი დაენებებინა, ეგონა, რომ მან დაუჯერა და წავიდა, თუმცა შემდეგ გაიგო, რომ ის ვ.-------–---–ის სახლში დაბრუნებულა. აღნიშნულის შემდეგ მას მ------------------ აღარ უნახავს.

მოწმე ზ------------- ჩვენებით, ვ----------------------- არის მისი მეზობელი. მის სახლში რამდენჯერმე დაუნახავს მისთვის უცნობი ქალბატონი, თუმცა ვინ არის ის ვ.-------–---–ისთვის, მისთვის უცნობია. იყო შემთხვევა, როცა შეესწრო მათ შორის პატარა წაკამათებას. კამათის მიზეზი მისთვის უცნობია.

მოწმე გ--------------------- ჩვენებით, მუშაობს შ----------------------------------------------–--------------------–---–- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ვ.-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ვ---------------------, მ------------------, ვ-----------------------, ლ------------------, ზ------------, ნ-----------------, ნ-----------------, თ----------------------------, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და შეადგინა შესაბამისი ოქმი, ჩაატარა დათვალიერებები და შეადგინა შესაბამისი ოქმები, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოითხოვა ინფორმაციები ვ.-------–---–თან დაკავშირებით. მოწმის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ნამდვილობა.

მოწმე ნ------------------ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მტკიცებულებად მიღებული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დათვალიერების ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშვედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ვ------------------------ მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ორივე ეპიზოდთან მიმართებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა აღნიშნული მუხლით მოხდეს პირის მსჯავრდება, აუცილებელია, რომ: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ განხორციელდეს ძალადობა ოჯახის სხვა წევრზე, 2) ძალადობის მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი და 3) ძალადობას არ მოჰყვეს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩამოთვლილი კომპონენტიდან რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრი არის: მეუღლე; არასრულწლოვანი შვილი ან გერი; მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

ბრალის შესახებ დადგენილებაში, ბრალდების მხარე უთითებს შემდეგს: „დაახლოებით ხუთი თვეა ვ----------------------- და მ------------------ ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას“.

დაზარალებულ მ------------------- ჩვენებით, ვ.-------–---–ი არ არის და არც ყოფილა მისი მეუღლე. ამასთან, მის სახლში რჩებოდა დროებით, რადგან წასასვლელი არ ჰქონდა და ხანდახან ეხმარებოდა მას კაკლის დამტვრევაში. რაც შეეხება ბინის ქირას და გადასახადებს, აღნიშნულს ვ.-------–---–ი იხდიდა. თავად ბრალდებულის განმარტებით, მ------------------ იყო მისი მეგობარი ქალი, რომელსაც თავდაპირველად მასთან დარჩენის უფლება მისცა, რადგან წასასვლელი არ ჰქონდა, ხოლო შემდეგ, არაერთი თხოვნის მიუხედავად, იგი მისი სახლიდან არ მიდიოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მ------------------ იყო ვ.-------–---–თან მუდმივად მცხოვრები პირი, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მან ვ.-------–---–ისგან თავიდანვე იცოდა, რომ მის სახლში იმყოფებოდა დროებით და არ ჰქონდა მეუღლის სტატუსი და მეორეც, ისინი არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ.----------ძე კაკლის დამტვრევაში იღებდა მონაწილეობას, არ ნიშნავს, რომ ისინი ეწეოდნენ ერთიანი საოჯახო მეურნეობას, რადგანაც თავად დაზარალებულის განმარტებით, ის მხოლოდ დახმარების მიზნით ამტვრევდა კაკალს და არა საერთო, ოჯახური მიზნებისთვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----------------------- და მ------------------ არ იყვნენ ერთმანეთის ოჯახის წევრები.

რაც შეეხება საკითხს, განახორციელა თუ არა ვ.-------–---–მა 2018 წლის 20 ოქტომბერს და 26 ნოემბერს მ------------------- მიმართ ძალადობის ფაქტები, აღნიშნული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა, რადგან ერთადერთი მოწმე, რომელიც უთითებს, რომ ვ.-------–---–მა 2018 წლის 20 ოქტომბერს და იმავე წლის 26 ნოემბერს განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, პირველ შემთხვევაში ჩაარტყა ჩაქუჩის ტარი, ხოლო მეორედ ფეხი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, არის თავად დაზარალებული მ------------------. სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში დაადასტურებდა რომ ვ.-------–---–მა მართლაც განახორციელა მ.----------ძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ორივე ფაქტი. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისივე განმარტებით დადგენილია, რომ იმ შემთხვევებში, როცა ვ.-------–---–ი ეუბნებოდა წასულიყო მისი სახლიდან, გამწარებული მიდიოდა პოლიციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებული მ.----------ძე, მისივე განმარტებით, არის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ასევე იმის გამო, რომ ვ.-------–---–ი და მ.----------ძე არ არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები, სასამართლომ ვერ დაადგინა ბრალდებულ ვ------------------------ მხრიდან მ------------------- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტები. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ვ------------------------ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც ვ----------------------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ----------------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გამართლებულ ვ------------------------ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ ვ----------------------- განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.

სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:

_ საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხის ტარიანი ჩაქუჩი, დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით F---------, რაც ინახება ი----------------------------–--------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

_ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო სურათები, ორ ცალ ლაზერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი გასაჩივრდება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი