გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017002157141
საქმე №3/1274-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ . ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე – მ-----–------–--ე
წარმომადგენელი - გ--------------------ე
მოპასუხე - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ა----------ე
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ტრანსფორმირებული).
1.1. დადგინდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ აღიარებული იქნეს ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბერს გაცემული N6 განკარგულების ნამდვილობა.
მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის აღმასრულებლის მიერ გამართულ აუქციონზე შეიძინა რაიკავშირის საკუთრებაში არსებული მაღაზიის შენობა, მდებარე: ქ. ვანი, რ---------–ის ქუჩა N3 (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია). მოსარჩელე განმარტავს, რომ მან იმავე დღეს აუქციონის წესით გათვალისწინებული თანხა სრულად დაფარა და მის სახელზე გამოიცა ვანის აღმასრულებლის გ----------–-----ის მიერ N6 განკარგულება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღმასრულებლის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე ზოგიერთმა მესაკუთრემ დაირეგისტრირა შეძენილი ქონება საჯარო რეესტრში. მოსარჩელეს თქმით სხვადასხვა მიზეზთა გამო მან ვერ მიმართა საჯარო რეესტრს შეძენილი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით. ხოლო, როდესაც მიმართა შეძენილი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით, აცნობეს, რომ აღნიშნული აუქციონის შესახებ მონაცემები არ იძებნებოდა. მოსარჩელემ ასევე მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა ჩატარებული აუქციონის საქმის მასალები, რაზეც განუმარტეს, რომ საქმე არქივში არ იყო დაცული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მ-----–------–--ე რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, ს/კ -1-------- (ძელი), 1----------; იურიდიული მისამართი - ვანის რაიონი, სოფელი ს--–---ო; ეკონომიკური საქმიანობის მისამართი - ვანი, რ---------–ის ქ. N3 (უნ.კოდი 0---).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 15).
3.1.2. დადგენილია, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნა ვანის რაიკოოპკავშირის უძრავ-მოძრავი ქონება. აუქციონზე გამოცხადდა მყიდველი მ-----–------–--ე, რომელმაც სურვილი გამოთქვა აღნიშნული ქონებიდან მხოლოდ ვანის რაიკოოპკავშირის კუთვნილ NI მაღაზიის შეძენაზე. რომელშიც მ-----–------–--ე აწარმოებდა სავაჭრო საქმიანობას. მ-----–------–--ის მიერ გადახდილ იქნა მაღაზიის მთლიანი ღირებულება - 2500 ლარი, რომელიც იმავე დღეს შეტანილი იქნა ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტურ ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2000 წლის 28 სექტემბრის N6 განკარგულების ასლი (იხ. ს.ფ. 16);
3.1.3. ვანის რაიკავშირის თავმჯდომარის 2017 წლის 19 აპრილის ცნობით ირკვევა, რომ მ-----–------–--ემ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ ვანის რაიკავშირის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გამო გამართულ აუქციონზე შეიძინა ვანის რაიკავშირის ყოფილი მაღაზია N1 მდებარე: ქ. ვანი რ---------–ის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და მის სახელზე გაიცა ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ N6 განკარგულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვანის რაიკავშირის თავმჯდომარის 2017 წლის 19 აპრილის ცნობა (იხ. ს.ფ. 32).
3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა მ-----–------–--ემ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ვანში, რ---------–ის ქუჩაზე მდებარე 25 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მ-----–------–--ის მიერ წარდგენილი იქნა (საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2000 წლის 28 სექტემბრის N6 განკარგულება).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის N304220 გადაწყვეტილებით მ-----–------–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ ინფორმაციით არ დადასტურდა ქალაქ ვანში, რ---------–ის ქუჩაზე არსებული უძრავ ნივთზე მ-----–------–--ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია, რომ ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2000 წლის 28 სექტემბრის N6 განკარგულებაში არ არის მითითებული აუქციონზე გადაცემული უძრავი ნივთის კონკრეტული მახასიათებლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის N304220 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 69-73).
3.1.5. დადგენილია, რომ ვანის რაიონულ სასამართლოში 2000 წლის 28 სექტემბერს გამართულ აუქციონზე მიღებული N6 განკარგულება, რომლითაც გასხვისდა ვანის რაიკოოპერატივის უძრავი ქონება მდებარე ქ. ვანში, რ---------–ის ქუჩაზე არსებული ფართი და ამ აუქციონთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივში არ ინახება.
დადგენილია, რომ ვანის რაიონულ სასამართლოში გამართული აუქციონის განკარგულებები და დოკუმენტაცია სსიპ საერთო სასამართლოების არქივში არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 05 თებერვლის N02-3/13148 წერილი.
- საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 06 თებერვლის N13/13147 წერილი.
- საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 06 თებერვლის N13/13897 წერილი.
- საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 06 თებერვლის N13/13897 წერილი.
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2019 წლის 08 თებერვლის N07/-1212 წერილი;
3.1.6. დადგენილია, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნა ვანის რაიკოოპკავშირის უძრავ-მოძრავი ქონება. აუქციონზე გამოცხადდა მყიდველი ჯ--------------ე, რომელმაც სურვილი გამოთქვა აღნიშნული ქონებიდან მხოლოდ ვანის რაიკოოპკავშირის კუთვნილ N5 მაღაზიის 70%-ის შეძენაზე.
დადგენილია, რომ ქ. ვანის 2000 წლის 28 სექტემბრის N8 განკარგულების საფუძველზე ქ. ვანში, რ---------–ის ქ. N5-ში მდებარე ფართი აღირიცხა ჯ--------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2000 წლის 28 სექტემბრის N8 განკარგულების ასლი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 29).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 06 თებერვლის N40112 წერილი.
3.1.7. დადგენილია, რომ ქ. ვანის 2000 წლის 28 სექტემბრის N5 განკარგულების საფუძველზე ქ. ვანში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მდებარე ფართი აღირიცხა კ-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 30).
3.1.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--------------ემ განმარტა, რომ ის არის ვანის რაიკოოპკავშირის თავმჯდომარე. 2000 წლისთვის საბიუჯეტო დავალიანების გამო ყადაღა დაედო ვანის რაიკოოპკავშირის ობიექტებს და დაიწყო სააღსრულებო წარმოება ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ, აუქციონი ჩაატარა აღმასრულებელმა გ----------–-----ემ 2000 წლის 28 სექტემბერს, სადაც ქ. ვანში რ---------–ის ქუჩაზე მდებარე N1 მაღაზია შეიძინა მ-----–------–--ემ, რომელიც იყო მისი თანამშრომელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-----------ემ განმარტა, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ჩატარდა აუქციონი სასამართლოს შენობაში აღმასრულებელ გ----------–-----ის მიერ. დარბაზში აუქციონში მონაწილე პირები ერთობლივად ესწრებოდნენ აუქციონს, სადაც მან და რამოდენიმე ადამიანმა, მათ შორის მ-----–------–--ემ შეიძინა მაღაზია (დაახლოებით 24 კვ.მ). ყველამ ის მაღაზია შეიძინა სადაც თავად ახორციელებდა საქმიანობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც-----------–---–მა განმარტა, რომ 2000 წლის ჩატარდა აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მან და სხვადსხვა პირებმა, მათ შორის მ-----–------–--ემ, რომლებმაც აუქციონზე შეიძინეს მაღაზიები. მ-----–------–--ე წლების განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა მის გვერდით მდებარე მაღაზიაში. მისივე განმარტებით, მ-----–------–--ემ შემდგომ 29.04.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისგან შეიძინა 18.00კვ.მ ფართის მაღაზია, რომელიც ც-----------–---–მა ასევე შეიძინა 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის აღმასრულებლის მიერ გამართულ აუქციონზე N7 განკარგულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი);
- საჯარო რეესტრის ამონაწერები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე უფლების ან სამართლებრივ ურთიერთობაში მოიაზრება კონკრეტული უფლებისა და შინაარსის ურთიერთობა რომელიც არსებობს ორ სუბიექტს შორის, და რომელიც, თავის მხრივ, ასევე მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებებისგან შედგება, რაც სამართლებრივი ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან, ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან და სხვ. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის აღიარების კანონიერი ინტერესი შესაძლოა წარმოიშვას კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს შორის. თავის მხრივ, სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს სამ ელემენტს: კონკრეტული საქმის გარემოება, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა და ურთიერთობა პირებს (სუბიექტებს) შორის. კონკრეტული დავის გათვალისწინებით მოპასუხე მხარე წარმოადგენს იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტს, რომლის მიმართაც არსებობს იურიდიული ინტერესის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის თაობაზე.
ამდენად, აღიარებითი სარჩელი, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, ყოველთვის გულისხმობს მოდავე მხარეებს: მოსარჩელეს და მოპასუხეს. ამასთან მას წაეყენება დამატებითი წინაპირობა - კანონიერი ინტერესის არსებობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთი სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს ან პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში ან არარსებობაში. აღიარებითი სარჩელის განხილვისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს სარჩელის დაკმაყოფილების გზით შესაძლებელი გახდება თუ არა მოსარჩელის კანონით დაცული ინტერესის რეალიზება ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს თუ არა დაინტერესებული პირის ინტერესის დაცვას. მოსარჩელე ითხოვს დადგინდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოსარჩელე მ-----–------–--ესა და მოპასუხე იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს შორის, კერძოდ აღიარებული იქნეს ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბერს გაცემული N6 განკარგულების ნამდვილობა. ცხადია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოხდენს უფლების რეგისტრაციას, ანუ მხარეს აქვს წინამდებარე სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი.
სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნა ვანის რაიკოოპკავშირის უძრავ - მოძრავი ქონება. აუქციონზე გამოცხადდა მყიდველი მ-----–------–--ე, რომელმაც სურვილი გამოთქვა აღნიშნული ქონებიდან მხოლოდ ვანის რაიკოოპკავშირის კუთვნილ NI მაღაზიის შეძენაზე, რომელშიც მ-----–------–--ე აწარმოებდა სავაჭრო საქმიანობას. მ-----–------–--ის მიერ გადახდილ იქნა მაღაზიის მთლიანი ღირებულება 2500 ლარი, რომელიც იმავე დღეს შეტანილი იქნა ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტურ ანგარიშზე. დადგენილია, რომ მ-----–------–--ის სახელზე გაიცა ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ N6 განკარგულება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, დაადასტურეს, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მ-----–------–--ემ და შეიძინა ვანის რაიკოოპკავშირის კუთვნილ NI მაღაზია.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აქტებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები. 1999 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, რომლითაც ახლებურად მოწესრიგდა საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესი და პირობა. ამავე კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია.
,,სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 20 მაისი №145 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოს-სააღსრულებო ბიუროს ტიპიური დებულება, რომლის მე-9 მუხლის შესაბამისად, ბიუროს მიზანია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–------–--ის სარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და დადგინდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოსარჩელე მ-----–------–--ესა და მოპასუხე იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს შორის იმის შესახებ, რომ ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბერს გაცემული N6 განკარგულების ნამდვილია.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილის სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, შესაბამისად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ-----–------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დადგინდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ აღიარებული იქნეს ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბრის 28 სექტემბერს გაცემული N6 განკარგულების ნამდვილობა.
3. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მ-----–------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი