გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - მ----------------–---ი
მოპასუხეები - ქ------------------ი, დ--–------------ია, კ----------------ე, ლ------------–---–ი
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ქ------------------ს, დ--–------------იას, კ----------------ესა და ლ------------–---–ს მოსარჩელე მ----------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროთ მატერიალური ზიანის სახით სასამართლო ხარჯების - 10352 ლარის ანაზღაურება;
1.2. მოპასუხეებს ქ------------------ს, დ--–------------იას, კ----------------ესა და ლ------------–---–ს მოსარჩელე მ----------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროთ მატერიალური ზიანის სახით მითვისებული ნივთების ღირებულების 5000 ლარის ანაზღაურება;
1.3. მოპასუხეებს ქ------------------ს, დ--–------------იას, კ----------------ესა და ლ------------–---–ს მოსარჩელე მ----------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროთ მიუღებელი ზიანის სახით 52718 ლარის ანაზღაურება;
1.4. მოპასუხეებს ქ------------------ს, დ--–------------იას, კ----------------ესა და ლ------------–---–ს მოსარჩელე მ----------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 50000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება:
მოსარჩელე 1965 წლიდან 2007 წლის პირველ მაისამდე ცხოვრობდა მისამართზე ქ. თ---–--------------------------, ბინა 33-ში. ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდგომ ორი მემკვიდრე დარჩა: მოსარჩელე და მისი ძმა, გ--–----------–---ი. 2005 წლის 5 ივლისს მოსარჩელემ მიმართა სანოტარო ბიუროს სამკვიდროს გახსნაზე, რათა მომხდარიყო მისი მემკვიდრედ რეგისტრაცია. განცხადება მოსარჩელემ დაწერა ნოტარიუს ნ-------------ის სახელზე, ვინაიდან ასე გაეცნო იგი, თუმცა სინამდვილეში ნოტარიუსი ქ------------------ი აღმოჩნდა. ნოტარიუსმა დაუმალა მოსარჩელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გ--–----------–---ს უკვე ჰქონდა სამკვიდროს გახსნაზე განცხადება, სადაც მემკვიდრედ მ----------------–---ი არ ჰყავდა დასახელებული. ამდენად, ქ------------------ის უმოქმედობამ მიაყენა ზიანი, ხოლო სახელისა და გვარის შესახებ ტყუილმა ეს ზიანი უფრო მეტად გაზარდა.
2005 წელს განხორციელებული ბინის პრივატიზების შედეგად მემკვიდრედ დასახელდა გ--–----------–---ი, რომელმაც პრივატიზება მოსარჩელის თანხმობის გარეშე განახორციელა. პრივატიზების ხელშეკრულება მოპასუხე დ--–------------იამ დაამოწმა. ამის გამო მოსარჩელეს მოუწია არაერთი სასამართლო პროცესის წარმოება და ფინანსური და ადამიანური რესურსის გაწევა.
გ--–----------–---მა ბინა გაასხვისა ლ------------–---–ის სასარგებლოდ, რომლის მოთხოვნით, მოპასუხე კ----------------ემ, როგორც ინსპექტორ-გამომძიებელმა, თავისი უფლებამოსილების გადამეტებით, გამოასახლა სახლიდან. გამოსახლების დროს ბინაში დარჩა ძვირფასი ნივთები, რაც ლ------------–---–მა მიისაკუთრა.
უძრავი ქონების ნახევრის მესაკუთრეს მოსარჩელე მ----------------–---ი 2012 წლის 12 ივლისიდან წარმოადგენს, თუმცა სარჩელის წარმოდგენის დღემდე ვერ სარგებლობს ბინით, რაც ასევე ზიანს აყენებს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეთაგან შესაგებელი ლ------------–---–მა და კ----------------ემ წარმოადგინეს მხოლოდ, რომლებმაც გამორიცხეს მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ:
კ----------------ის განმარტებით, გამოსახლების ორგანიზებისას იგი ასრულებდა ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს და გამოსახლება კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა.
ლ------------–---–ის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილებები. გამოსახლება მიმდინარეობდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ბინის დაცლაში მოსარჩელეს მისი ახლობლები და ნათესავები ეხმარებოდნენ, გამოძახებული იყო სატვირთო მანქანა და ნივთების გატანა სრულად მოხდა. ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ნივთების ფლობის შესახებ და არ დასტურდებოდა მისი მხრიდან ზიანის მიყენება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2005 წლის 2 დეკემბერს გ--–----------–---სა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის უფლებამოსილ პირს, დ--–------------იას, შორის დაიდო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, ბინაზე, მდებარე თ---–--–-------------------, ბინა N33 და ბინის მესაკუთრე გახდა გ--–----------–---ი.
ხოლო 2007 წლის 26 მარტს გ--–----------–---სა და ლ------------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ლ------------–---–ი დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პრივატიზაციის ხელშეკრულება;
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის კანონიერ ძალაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ----------------–---ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 26 მარტის N------ ნასყიდობის ხელშეკრულება - ბინაზე მდებარე, ქ-------–--–-----------------------, ბინა N33 - დადებული ერთის მხრივ გ--–----------–---სა და მეორეს მხრივ ლ------------–---–ს შორის ½ ნაწილში.
ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ----------------–---ი ცნობილი იქნა თ---–--–--------------------ში მდებარე ბინა N33-ის თანამესაკუთრედ ½ ნაწილში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.01.2010 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N----------;
- 06.09.2011 წლის გადაწყვეტილება N-----------;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.3. მოსარჩელე მ----------------–---სა და ლ------------–---–ს შორის სასამართლოში მიმდინარეობდა სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით დავებიც, კერძოდ:
ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ----------------–---ს უარი ეთქვა ნატურით გამიჯვნით საზიარო უფლების გაუქმების, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე; აღნიშნულ დავაში მოსარჩელე ითხოვდა ქონების გაქირავების შეუძლებლობით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ სპეციფიკურ საკითხს წარმოადგენდა, თუ რამდენად მოხდებოდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ თავისი კუთვნილი წილის ფარგლებში ქონების გაქირავება იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მოპასუხე ლ------------–---–ი თავის ოჯახთან ერთად და ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ უძრავი ნივთის გაქირავება ხელს არ შეუშლიდა მეორე თანამესაკუთრეს ამ ქონებით სარგებლობაში.
გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ----------------–---ს უარი ეთქვა ლ------------–---–ის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების (ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები) გამოთხოვისა და მესაკუთრისთვის დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ----------------–---მა ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ლ------------–---–ი ფლობს მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს.
დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მ----------------–---ს უარი ეთქვა პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის განჩინებით დარჩა ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.09.2011 წლის გადაწყვეტილება N-----------;
- 10.07.2014 წლის გადაწყვეტილება N---------;
- 05.01.2010 წლის განჩინება N----------.
3.1.4. ლ------------–---–ის განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების საუბნო ქვეგანყოფილების ინსპექტორ კ----------------ის მიერ მ----------------–---ი 2007 წლის 18 აპრილს გაფრთხილებული იქნა, რომ უნდა მომხდარიყო ლ------------–---–ის კუთვნილი ბინიდან მისი გამოსახლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 0--------- წლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ოქმი N5;
3.1.5. სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე, სხვადასხვა ინსტანციებში მ----------------–---ის ინტერესებს იცავდნენ წარმომადგენლები, რომელთა სასარგებლოდ, გაწეული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილია სხვადასხვა ოდენობის თანხები. ასევე გადახდილია კონკრეტული საპროცესო მოქმედებისთვის სახელმწიფო ბაჟის თანხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რწმუნებულებები, მინდობილობები;
- სალაროს შემოსავლის ორდერები და საგადახდო დავალებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება კ----------------ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ძალის გადამეტება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ უძრავი ქონების გასხვისების შემდგომ, ლ------------–---–ის განცხადების საფუძველზე, უბნის ინსპექტორმა კ----------------ემ გამოასახლა, რა დროსაც მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. გამოსახლება განხორციელდა ძალის გამოყენებით, იგი გამოათრიეს სახლიდან და არც მოძრავი ნივთების გამოტანის საშუალება მიეცა, ხოლო გამოსახლებიდან მე-2 დღეს სახლის კარის საკეტი უკვე შეცვლილი დახვდა, რითაც კუთვნილი ნივთების დაბრუნება ვერ შეძლო.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ვაკე-საბურთალოს საუბნო სამსახურისადმი წარდგენილი განცხადება, სადაც მ----------------–---ი საუბრობს გამოსახლების შესახებ მოპასუხის მხრიდან გაფრთხილების თაობაზე. ასევე წარმოდგენილია საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი N5, სადაც აღნიშნულია, რომ გაფრთხილებიდან რამოდენიმე დღეში, 2007 წლის 18 აპრილს, მ----------------–---მა თავისი ნებით გადასცა მოპასუხე ლ------------–---–ს თბილისში, ი--------------------ში მდებარე ბინა N33-ის გასაღები. ოქმი დადასტურებულია დამსწრე მოწმეთა ხელმოწერებით. საქმეს ასევე ერთვის ოქმის შედგენის დროს ერთ-ერთი დამსწრე მოწმის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მ----------------–---ის გამოსახლება უბნის ინსპექტორის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებით, უფრო მეტიც, ძალის გამოყენებით არ მომხდარა, მოსარჩელემ ნებაყოფლობით დაუტოვა ლ------------–---–ს სახლის გასაღები. მართალია სახლის საკეტი გამოცვალა, თუმცა მოხდა მოსარჩელის დაბარება მეორე დღისთვის, რომელმაც სრულად დაცალა ბინა. ამდენად, დასახელებულ მტკიცებულებებში არსად არარის აღნიშნული, რომ გამოსახლებას მოსარჩელის მხრიდან მოჰყვა წინააღმდეგობა და თავის მხრივ, უბნის ინსპექტორის მიერ გამოსახლება ძალის გამოყენებით განხორციელდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გამოსახლება კ----------------ის მიერ ძალის გადამეტებით არ მომხდარა და უფრო მეტიც, მოპასუხეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსარჩელისთვის ზიანი არ მიუყენებია. მოსარჩელეს დასაბუთებული მტკიცებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს ზიანის ფაქტის დასადასტურებლად.
3.2.2. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქ------------------ის მიერ მოხდა მოსარჩელისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით, არ დასტურდება, რომ სანოტარო ბიუროში მისვლისას მოსარჩელეს არასწორად გაეცნო ნოტარიუსი ქ------------------ი, რომელმაც ამავდროულად სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა მოსარჩელეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი კი ამ შემთხვევაშიც მოსარჩელის მხარესაა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მ----------------–---ის სარჩელი არ უნდა დაკამყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 413-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ კანონის დარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს, რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
დასახელებულ მოპასუხეთაგან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა კ----------------ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და გამოსახლებისას მოსარჩელის მიმართ ძალის გამოყენება. ზიანის ანაზღაურების დროს კი ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. ამდენად, მოპასუხე კ----------------ის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის არარსებობა გამორიცხავს მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს და არ არსებობს ზიანის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება დანარჩენ მოპასუხეებს, არც მათ მიმართ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ:
მოსარჩელის განმარტებით, პრივატიზაციის ხელშეკრულება ნოტარიულად დ--–------------იამ დაამოწმა, რომელმაც დამალა მისი არსებობა და პრივატიზაცია მხოლოდ მის ძმაზე განახორციელა, აღნიშნულმა კი მას ზიანი მიაყენა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მ----------------–---ის განმარტებას, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების დამოწმება დ--–------------იას მიერ განხორციელდა. საქმეში წარმოდგენილი პრივატიზაციის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მისი დადებისას დ--–------------ია წარმოადგენდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომელიც მოქმედებდა გამგეობის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ხოლო პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების საფუძველს წარმოადგენდა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2----–-–---------–--ის განკარგულება ბინის პრივატიზების შესახებ.
ამდენად, არც დ--–------------იას ქმედებაში იკვეთება მართლწინააღმდეგობა, რომლის არსებობაც აუცილებელია ზიანის დასადგენად. აღნიშნული კი იძლევა დ--–------------იას მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
მ----------------–---ი მოპასუხედ ასახელებს ასევე ქ------------------ს, რომლის მიმართ მოთხოვნას ასაბუთებს კონკრეტულად ამ მოპასუხის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში. თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით, არ დასტურდება, რომ სანოტარო ბიუროში მისვლისას მოსარჩელეს არასწორად გაეცნო ნოტარიუსი ქ------------------ი, რომელმაც ამავდროულად სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა მოსარჩელეს.
რაც შეეხება ლ------------–---–ის მიმართ მოთხოვნებს, სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ:
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეების მიერ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, მატერიალურ ზიანს უკავშირებს სხვადასხვა ინსტანციებში გაწეულ სასამართლო ხარჯებს, მოძრავი ნივთების მითვისებით გამოწვეულ ხარჯებს და მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილ ხარჯებს, ხოლო მორალურ ზიანს უკავშირებს მოპასუხეთა ქმედებით მისთვის მიყენებულ მორალურ ზიანს.
სასამართლო ხარჯების სახით მოსარჩელე ითხოვს მის მიერ სხვადასხვა ინსტანციებში სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული ხარჯების სახით გადახდილი თანხების ანაზღაურებას.
სასამართლო ხარჯების, როგორც დამოუკიდებელი დავის საგნის არსებობის თაობაზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებაზე (იხ. №ას-165-158-2013 ), რომლის თანახმად, “საკასაციო სასამართლოს დასკვნით, დავის გადაწყვეტისას მხარის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას, აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით...... ამდენად, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა“.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა ლ------------–---–ისთვის სხვა სასამართლო დავის ფარგლებში გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრების შესახებ.
მოძრავი ნივთების მითვისებით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბერის გადაწყვეტილება, რომლითაც მ----------------–---ს უარი ეთქვა მოძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, რაიმე დამატებით გარემოებაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს კი პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ დასტურდება მოპასუხე ლ------------–---–ის მხრიდან მ----------------–---ის კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტი, შესაბამისად არც მათი დაუფლებით გამოწვეული ზიანი არ დასტურდება და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელე ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რასაც იგი ბინის გაქირავებით მიიღებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოთხოვნის ამ ნაწილში სასამართლო მოიშველიებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც მ----------------–---ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო რაიმე დამატებით გარემოებაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს კი პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ისე ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომ არ ასაბუთებს, ზიანი გამოიხატება თუ არა ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებაში. ასეც რომ იყოს, საქმეში ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სარჩელში მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურებაზეც მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე