გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5683-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - ზუ---- და-–---–---–-
წარმომადგენელი - მა---- ჯი-–--–--–---–-
მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ხა------ ხე-–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ზუ---- და-–---–---–-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №----- ბრძანება;
1.2. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–-ს სა---------–---------------–------------------------------------------------------------------------–------------------–-------------------------------------------------------–------–----------------–-----------–------------------------------–---–------ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 8 აგვისტოდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–- 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 13 იანვრის №----- ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–- გადაყვანილი იქნა ს----------–---------------–---------------------------------------------------------------------------–-------------------------------------------–----------------------------------------------------------–----------------–------–------------------------------------–-----------------–---–------ თანამდებობაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის №----- ბრძანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელიც ეკავა მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–ს გარდაიქმნა იმავე სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებები (ტ.1, ს.ფ. 27-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის N40/ო ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრა დანართის შესაბამისად, რომლის თანახმად დგინდება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო სულ 226 საშტატო, ხოლო დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში დადგენილი იყო 9 საშტატო ერთეული, რომელთაგან 1 სამმართველოს უფროსის, 1 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, 6 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული იყო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №40/ო ბრძანება და მისი დანართი (ტ.1, ს.ფ. 51-59);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 მაისის №119 ბრძანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაიწყო რეორგანიზაცია, რის შედეგადაც უნდა განხორციელებულიყო დეპარტამენტის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურის მიღება, აგრეთვე საშტატო ერთეულის გადაადგილება ან/და შემცირება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად დგინდება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გათვალისწინებული იქნა 189 საშტატო ერთეული და საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს ნაცვლად განისაზღვრა დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო, ხოლო აღნიშნულ სამმართველოში გათვალისწინებული იქნა სულ 8 საშტატო ერთეული, რომელთაგან სამმართველოს უფროსის 1, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 6 და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული იქნა დადგენილი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 მაისის №119 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 39-40);
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანება და მისი დანართი (ტ.1, ს.ფ. 41-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია, საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს ნაწილში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებით ძირითადად, არსებითად დარჩა უცვლელი, კერძოდ აღნიშნული სამმართველოს ამოცანას წარმოადგენდა, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილების შეტანის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სრულყოფა, მათი საექსპლუატაციო მაჩვენებლების სისტემატური ამაღლების ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული სამუშაო გეგმების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირისათვის დასამტკიცებლად წარდგენა ა.შ., ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანად და კომპეტენციად, დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველოს ნაწილში განისაზღვრა საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთიანი სტრატეგიული მიმართულების და დოკუმენტების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით, ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის/გეგმის შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით და ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და ა.შ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციამდე, საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მოსამსახურეთა ფუნქციები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ ყოფილა. ამასთან, იმავე სამმართველოს პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში არსებითი განსხვავება არ არის განსაზღვრული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს მოეთხოვება 2 წლის სამუშაო გამოცდილება, ხოლო მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს 1 წელი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება (ტ.1, ს.ფ. 60-94);
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება (ტ.1, ს.ფ. 95-122);
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 24 სექტემბრის №258 ბრძანება და მისი დანართები (ტ.3, ს.ფ. 25-72);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2018 წლის 8 აგვისტოს, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ,,ზუ---- და-–---–---–-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №----- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუ---- და-–---–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ,,ზუ---- და-–---–---–-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–-ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებული იყო სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განისაზღვრებოდა კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცული იყო რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან. ამასთან, იმავე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმიანობის და ურთიერთობების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობების გათვალისწინებით, პირის სამსახური, მათ შორის საჯარო სამსახურში უკავშირდება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას.
სასამართლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–-ს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–- 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 13 იანვრის №----- ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–- გადაყვანილი იქნა ს----------–---------------–---------------------------------------------------------------------------–-------------------------------------------–----------------------------------------------------------–----------------–------–------------------------------------–-----------------–---–------ თანამდებობაზე.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის №----- ბრძანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელიც ეკავა მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–ს გარდაიქმნა იმავე სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულად.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
მითითებული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის N40/ო ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრა დანართის შესაბამისად, რომლის თანახმად დგინდება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო სულ 226 საშტატო, ხოლო დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში დადგენილი იყო 9 საშტატო ერთეული, რომელთაგან 1 სამმართველოს უფროსის, 1 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, 6 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული იყო.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად დგინდება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გათვალისწინებული იქნა 189 საშტატო ერთეული და საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს ნაცვლად განისაზღვრა დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო, ხოლო აღნიშნულ სამმართველოში გათვალისწინებული იქნა სულ 8 საშტატო ერთეული, რომელთაგან სამმართველოს უფროსის 1, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 6 და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული იქნა დადგენილი.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს ნაცვლად განსაზღვრულ დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველოში, 6 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნაცვლად, განისაზღვრა 6 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული და მთლიანად გაუქმდა მესამე კატეგორიის უფროსი საშტატო ერთეული, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული განისაზღვრა 1 ერთეულით.
სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს მითითებული სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაზე, პირველი და მეორე კატეგორიის ფუნქციებზე და მათ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია, საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს ნაწილში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებით ძირითადად, არსებითად დარჩა უცვლელი, კერძოდ აღნიშნული სამმართველოს ამოცანას წარმოადგენდა, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილების შეტანის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სრულყოფა, მათი საექსპლუატაციო მაჩვენებლების სისტემატური ამაღლების ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული სამუშაო გეგმების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირისათვის დასამტკიცებლად წარდგენა ა.შ., ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანად და კომპეტენციად, დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველოს ნაწილში განისაზღვრა საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთიანი სტრატეგიული მიმართულების და დოკუმენტების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით, ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის/გეგმის შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით და ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და ა.შ.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციამდე, საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მოსამსახურეთა ფუნქციები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ ყოფილა. ამასთან, იმავე სამმართველოს პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში არსებითი განსხვავება არ არის განსაზღვრული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს მოეთხოვება 2 წლის სამუშაო გამოცდილება, ხოლო მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს 1 წელი.
ამრიგად, სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც არსებითად არ შეცვლილა იმ სამმართველოს ფუნქციები, რომელშიც იგი მუშაობდა, არსებითად არ შეცვლილა, იმ საშტატო ერთეულებისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ფორმალურად, მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულების ნაცვლად განისაზღვრა და იგივე საშტატო ერთეულები, არსებითად იმავე ფუნქციებით არის დატვირთული, რაც მოსარჩელის მიერ დაკავებულ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულს ევალებოდა.
სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულებს შორის ფუნქციურ დატვირთვასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის არსებითი განსხვავების გარეშე, მათი რანგირება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მათი გადანაცვლება არ უნდა ჩაითვალოს საშტატო ერთეულების შემცირებად.
ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული არ შემცირებულა და იგი ტრანსფორმირდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულში არსებითი ცვლილებების გარეშე.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,ზუ---- და-–---–---–-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №----- ბრძანება.
6.6. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მისი სა---------–---------------–------------------------------------------------------------------------–------------------–-------------------------------------------------------–------–----------------–-----------–------------------------------–---–------ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სა---------–---------------–------------------------------------------------------------------------–------------------–-------------------------------------------------------–------–----------------–-----------–------------------------------–---–------ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. სასამართლოს შეფასებით, ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–-ს მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე-24-ე 32-ე-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზუ---- და-–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ზუ---- და-–---–---–-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №----- ბრძანება;
3. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–-ს სა---------–---------------–------------------------------------------------------------------------–------------------–-------------------------------------------------------–------–----------------–-----------–------------------------------–---–------ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
4. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელე ზუ---- და-–---–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 8 აგვისტოდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დავით წერეთელი