გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/27627-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - შპს ,,ა-----–ი’’
წარმომადგენელი - ხ-------------ა, მ-----–---–--–---–ი
მოპასუხე - შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’
წარმომადგენელი - უჩა სეთური, მიხეილ გოთოშია
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე - შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ა-----–ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 9 428 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შპს ,,ა-----–ი’’ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებულ პირს, შესაბამისად, ახორციელებს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურეობების გაწევა, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება. მასსა და მოპასუხეს შორის 2003 წელს გაფორმდა უთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დარეგულირებულია ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი საკითხები.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილებით, რომელიც კომისიამ მიიღო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, არ იქნა გაგრძელებული საქართველოში საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. ამავე გადაწვეტილების მე-3 პუნქტით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, მათ შორის, მოსარჩელეს დაევალა ინფორმაციის გამჭირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 01 მარტამდე შესაბამისობაში მოეყვანათ მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიაში წარედგინათ გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 01 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარს დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება.
მოსარჩელის განმარტებით, კომისიამ მოახდინა რა ბაზრის დერეგულაცია, კომპანიებს დაავალა თავად მოეხდინათ მოწვევა ოფერტების შესაბამისობაში მოყვანა ახალ გარემოებებთან, რაც გულისხმობდა საკუთარი მომსახურების პირობების დადგენას და გამოქვეყნებას. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მან 2017 წლის 01 მარტს წერილობით გაუგზავნა კომისიას ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მოწვევის ოფერტა, ასევე გამოაქვეყნა ოფერტა საკუთარ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით გაუგზავნა ყველა ოპერატორს, მათ შორის, მოპასუხეს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 19 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #345/22, რომლითაც დადგინდა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის მიერ კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ოფერტები.
2018 წლის 17 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შპს ,,ა-----–ი’’-ს მიმართ შეადგენს 9 428.45 ლარს. ამასთან, მოპასუხის მითითებით, აღნიშნული დავალიანება მოიცავს სამი თვის, კერძოდ 2017 წლის 01 მარტიდან 2017 წლის 16 მაისამდე პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელ თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია შპს ,,ა-----–ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას არ ერიცხება მოსარჩელის მიმართ დავალიანება. მოპასუხემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილებით ,,ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების’’ სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ა-----–ი’’ შპს ,,ახალ ქსელებთან’’ ერთად დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში. ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, არაორაზროვნად და ცალსახად მითითებულია, რომ მოპასუხეს ქსელში ზარის წამოწყება/დასრულებისთვის ზედა ზღვრული ტარიფი განსაზღვრულია 2 თეთრის ოდენობით წუთზე. ზღვრული ტარიფის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 01 იანვარი.
მარეგულირებელი კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ზარების დასრულებაზე დაწესდა დროებითი რეგულაცია: საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულების ქვედა ზღვრული ტარიფები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის - ზარის დასრულებამდე დადგინდა ქვედა ზღვრული ტარიფი - 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამის შემდგომ კომისიის 2016 წლის 30 ივნისის #446/19 გადაწყვეტილებით, კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს და, მათ შორის შპს ,,ა-----–ს’’, მიეცათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერჩართვის ტარიფისგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება კონკრეტული პირობებით.
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/9 გადაწყვეტილებით არ გაუგრძელდა ამავე კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილება - დროებითი რეგულაცია. შესაბამისად, 2017 წლის 01 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისათვის კვლავ ამოქმედდა კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დადგენილი საბითუმო ბაზრის ფიქსირებულ ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრი ერთ წუთზე დღგ-ის ჩათვლით. შესაბამისად, კომისიის ამ გადაწყვეტილებით მოხდა არა ბაზრის დერეგულაცია, არამედ, დროებითი რეგულაციის გაუქმება, რის საფუძველზეც კვლავ ამოქმედდა მანამდე მოქმედი - 2010 წლის ზოგადი რეგულაცია.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოწვევის ოფერტა არ უნდა ჩაითვალოს გამოგზავნილად, რადგან ის არ შეესაბამებოდა 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილებას და ვერ ჩაითვლება მოწვევის ოფერტად. გარდა აღნიშნულისა, მოწვევა ოფერტის პროექტი აღნიშნული პირობებით არ გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე, ვიანიდან ის ეწინააღმდეგებოდა მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს, კომისიის გადაწყვეტილებებს და კანონმდებლობას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ა-----–ი’’ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურების, მათ შორის, საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის ღირებულების მომსახურების გაწევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან (ს.ფ. 18-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2003 წლის 01 სექტემბერს შპს ,,ა-----–ი’’-ს და შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-ს შორის დაიდო ურთიერთჩართვის ხელშეკრულება #219-03, რომლის თანახმადაც მხარეებს შორის ურთიერთობის საფუძვლებს წარმოადგენს მხარეების წესდებები, საქართველოს კანონი კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებები/დადგენილებები და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის რეკომენდაციები. ამავე ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ა-----–ი’’-ს და შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-ს საშუალებების გამოყენებით ხორციელდება მომხმარებელთა უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მხარეები ურთიერთანგარიშსწორებას ახორციელებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტარიფებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);
- დანართი N1 (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილებით, ,,ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების’’ სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ა-----–ი’’ დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად ქალაქ თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში.
ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ.256-265)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით #571/9, დადგინდა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის, მათ შორის შპს ,,ა-----–ი’’-სთვის - ზარის დასრულებამდე დადგინდა ქვედა ზღვრული ტარიფი - 1 წუთი 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ.266-268)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით #857/19, არ იქნა გაგრძელებული საქართველოში საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.
ამავე გადაწვეტილების მე-3 პუნქტით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, მათ შორის - შპს ,,ა-----–ს’’ დაევალა ინფორმაციის გამჭირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 01 მარტამდე შესაბამისობაში მოეყვანა მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიაში წარედგინა გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 01 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ.21-22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით #345/22, დადგინდა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, რომლის თანახმადაც, ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ტარიფად განისაზღვრა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთავაზების წინადადება (ს.ფ.23-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 01 მარტიდან 2017 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდში საერთაშორისო ზარის ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულების) მიზნით შპს ,,ა-----–ი’’-ს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ტარიფი განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: 1 წუთის ღირებულება (გადასახადების ჩათვლით) - 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა შეფასების შედეგად:
არ არის სადავო, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით #857/19, არ იქნა გაგრძელებული საქართველოში საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. ამავდროულად, ამავე გადაწვეტილების მე-3 პუნქტით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, მათ შორის - შპს ,,ა-----–ს’’ დაევალა ინფორმაციის გამჭირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 01 მარტამდე შესაბამისობაში მოეყვანა მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიაში წარედგინა გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 01 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა).
სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ არ იქნა რეგულირებული ფიქსირებული ოპერატორისათვის განხორციელებული საერთაშორისო ზარის ღირებულება, თუმცა აღნიშნული არც იმას გულისხმობს, რომ ამოქმედდა 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ტარიფი. პირიქით, სასამართლოს შეფასებით, კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სწორედ ბაზრის რეგულირებას ისახავდა მიზნად იმდაგვარად, რომ ტარიფის განსაზღვრის საშუალება მიეცათ ავტორიზებულ პირებს მათ მიერვე კონკრეტულ ვადაში განხორციელებული შეთავაზების საფუძველზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, სხვა არაფერია თუ არა სადავო საკითხის (ტარიფის ოდენობის) ხელახალი დროებითი მოწესრიგება, რომელიც შემდგომში აისახა კიდევაც კომისიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაში.
3.2.2. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-ს 2017 წლის 01 მარტიდან 2017 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდში საერთაშორისო ზარის ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულების) მიზნით შპს ,,ა-----–ი’’-ს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების სანაცვლოდ ერიცხება დავალიანება - 9 428.45 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 57);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.58-61);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-----–ი’’-ს სარჩელი საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხე შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-ს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 9 428.45 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია წარმოდგენილი სარჩელი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 282.85 ლარის ოდენობით (ს.ფ.70). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 282.85 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ა-----–ი’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. დაეკისროს შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ა-----–ი’’-ს სასარგებლოდ 9 428.45 ლარის გადახდა;
2. დაეკისროს შპს ,,კე----–--------------------------–----ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ა-----–ი’’-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 282.85 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია