გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
180210018002710153
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/923-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

მოსარჩელე მ--------------ი

წარმომადგენელი - ნ------------–--ე

მოპასუხე გ------------–----ე

წარმომადგენელი - გ---–--------–--–---–ი

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ------------–----ეს ( პ/ნ 2---------- ) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების ნ---------–----ის (პ/ნ 2----------) და ლ---------–----ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ თვეში 350 ლარი თითოეულ შვილზე, ჯამში 700 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან.

 

1.2. მოპასუხე გ------------–----ეს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების ლ---------–----ის (პ/ნ 2----------) და ნ---------–----ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტი 9 თვის თანხის გადახდა, ჯამში 6300 ლარი.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მ--------------სა და გ------------–----ეს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი- ნ---------–----ე ( დაბადებული 2013 წლის 12 თებერვალს, პ/ნ 2----------), და ლ---------–----ე (დაბადებული 2014 წლის 21 ოქტომბერს პ/ნ 2----------). თანაცხოვრების გარკვეული პერიოდის შემდეგ, კონფლიქტური სიტუაციებისა და დაძაბული ურთიერთობის გამო ცხოვრება განაგრძეს ცალ-ცალკე. 2018 წლის 16 თებერვალს მეუღლეები განქორწინდნენ, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები საცხოვრებლად დედასთან დარჩნენ. მოპასუხე არავითარ ყურადღებას და მზრუნველობას არ იჩენს არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე მხარემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ მოსარჩელე მ--------------თან სარჩელის აღძვრამდე ზეპირსიტყვიერად იყო შეთანხმებული და ამჟამადაც თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 130-130 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ--------------ს და გ------------–----ეს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ შვილები, ნ---------–----ე ( დაბადებული 2013 წლის 12 თებერვალს, პ/ნ 2----------) და ლ---------–----ე (დაბადებული 2014 წლის 21 ოქტომბერს პ/ნ 2----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ---------–----ის დაბადების მოწმობა აჩ # 3---------- (ს.ფ.15);

- ლ---------–----ის დაბადების მოწმობა აჩ # 3---------- (ს.ფ.16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე მ--------------თან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე მ--------------ი დასაქმებულია, მუშაობს ექთნის პოზიციაზე შპს ,,ვივამედის“ ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტში“ და შპს ,,მცხეთის სამედიცინო ცენტრში“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,ვივამედის სამედიცინო ცენტრის“ მიერ 2019 წლის 16 იანვარს გაცემული ცნობა. (ს.ფ.67)

- მცხეთის სამედიცინო ცენტრის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გაცემული ცნობა. (ს.ფ.68)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოპასუხე გ------------–----ეს გადაკვეთი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, იგი იმყოფება იტალიის რესპუბლიკაში და იტალიის ქალაქ ლუკას საიმიგრაციო სამსახურისგან ელოდება თავშესაფარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იტალიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი (ს.ფ 69-70);

- შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნევს, რომ მ--------------ის მიერ წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234.2 -ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც საქმის მასალებით არ დადასტურდა. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სადავოდ გახადა მოპასუხემ, ამ ფაქტის სამტკიცებლად საკმარისი არ არის.

 

3.2.2.სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ნორმის მაკვალიფიცირებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ მან კონკრეტული ხასიათის ზომები გაატარა წარსულში სარჩოს მისაღებად. ამგვარ მტკიცებულებებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, ამასთან, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სადავოდ გახადა მოპასუხემ, ამ ფაქტის სამტკიცებლად საკმარისი არ არის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ გ------------–----ეს გააჩნია შესაძლებლობა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად - თითოეულისთვის 350 ლარის ოდენობით და ყოველთვიურად დასაკისრებელ ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს - 150 ლარს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, რაც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ხოლო სასამართლოს დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე მოპასუხისთვის დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს ყოველთვიურად 150-150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით თითოეული ბავშვისთვის. ხოლო რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები - ლ---------–----ე (პ/ნ 2----------) და ნ---------–----ე (პ/ნ 2----------) ;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო- საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვები ფაქტობრივად ცხოვრობენ დედასთან, რომელსაც, თუმცა აქვს სტაბილური შემოსავალი, მაგრამ აღნიშნული თანხა არაა საკმარისი შვილების ნორმალური რჩენისთვის და აღზრდისთვის. მოპასუხე არ არის დასაქმებული, იგი არ იმყოფება საქართველოში; ვერც მოსარჩელე უთითებს, თუ კონკრეტულად რა შემოსავალი გააჩნია გ------------–----ეს, მან ვერ შეძლო მოპასუხის შემოსავლების დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე შრომისუნარიანია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტს, რომელთაგან უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობა ანუ მხედველობაში მიიღება იმ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობა, რაც მათ გააჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მომენტში, ასევე, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია;

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით კი, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნას; ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ალიმენტვალდებული პირის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, მის კმაყოფაზე მყოფ პირთა წრეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობსას, ასაკს, და ასე შემდეგ; სასამართლო ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში იღებს ინდივიადუალურ გადაწყვეტილებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც გარემოებათა შეცვლის შემთვევაში ექვემდებარება გადაანგარიშებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის, უნდა იქნეს დადგენილი.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ამასთან, სასამართლო, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე არის საზღვარგარეთ, იტალიის რესპუბლიკაში, ამჟამად თავშესაფრის მაძიებელია, არ აქვს არანაირი შემოსავალი, თუმცა იგი შრომისუნარიანია.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, უნდა იყოს აღსრულებადი, რომ მას რეალური შედეგი მოჰყვეს).

 

მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ამიტომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან. იმ მინიმალური საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია, პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობის, კვების და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებანი.

 

მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 350 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად თითოეულისთვის 150-150 (ას ორმოცდაათ- ას ორმოცდაათი) ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 06 ნოემბერიდან, ნინო და ლ---------–----ეების სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

ხსენებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ გასული დროისათვის ალიმენტის გადახდევინება, ჩვეულებრივ არ ხდება. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებლობა წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებას ითვალისწინებს მხოლოდ ამისათვის სავალდებულო წინაპირობების დაცულობის შემთხვევაში. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს, რომ სარჩოს მიღების მიზნით გარკვეული ზომები გატარდა მოსარჩელის მიერ და მას შედეგი არ მოჰყოლია. ანუ, აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები. ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებში, რომ მოპასუხე, არავითარ მზურუნველობს არ იჩენდა შვილების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მ--------------ის მხრიდან ალიმენტის მოთხოვნით მოპასუხისათვის მიმართვის დასადასტურებლად გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულებები წარდგენილი არ არის, ხოლო მითითება იმაზე, რომ მოპასუხე თავს არიდებდა შვილების მოვლა- პატრონობას, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. შესაბამისად, მოსარჩელე მ--------------ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა სსსკ 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხე გ------------–----ეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ------------–----ეს (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილების, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ნ---------–----ის (პ/ნ 2----------) და 2014 წლის 21 ოქტომბერს დაბადებული ლ---------–----ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეულისთვის ყოველთვიურად 150-150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

3. ალიმენტის გადახდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 06 ნოემბრიდან.

 

4. მოსარჩელე მარიამ ტალახაძის მოთხოვნა მოპასუხე გ------------–----ისთვის (პ/ნ 2----------) შვილების - ლ---------–----ის და ნ---------–----ის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის 9 თვის თანხის, 6300 (ექვსი ათას სამასი) ლარის ფარგლებში დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

5. გ------------–----ეს (პ/ნ 2----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 14,40 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: მიმღების სახაზინო კოდი 300783150;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა