გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.01.2019
საქმის ნომერი
330310018002662031
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/6222-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

 

მოსარჩელე - მ----------------------------ი

წარმომადგენელი მ--------------ე

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - თე--------------–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2--- წლის 1-------------- №10-------- გადაწყვეტილება მ----------------------------ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2 დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ----------------------------ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მ----------------------------ი (M-----------------------I, დაბ.1--- წლის 31 ივლისს, ირანში) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ეროვნული პასპორტი (ს.ფ. 55);

- 16.08.2---წ. განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 47-50).

 

3.1.2. 2--- წლის 1-----------ს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ----------------------------იმ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.08.2---წ. განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 47-50).

 

3.1.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 18 აგვისტოს N10--------/7 გადაწყვეტილებით ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის 2--- წლის 7 სექტემბრის ჩათვლით წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 18 აგვისტოს N10--------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 70-71);

 

3.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-------------- №10-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2--- წლის 1-----------ს N10-------- განცხადება და მ----------------------------ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ირანის რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-------------- №10-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 72-73).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ----------------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-------------- №10-------- გადაწყვეტილებას, რომლითაც მ----------------------------ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და ითხოვს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად კი, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად. ამასთან, მითითებული ნორმის მე–5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2--- წლის 1-----------ს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ----------------------------იმ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. თავის მხრივ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 18 აგვისტოს N10--------/7 გადაწყვეტილებით ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის 2--- წლის 7 სექტემბრის ჩათვლით წარდგენა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-------------- №10-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2--- წლის 1-----------ს N10-------- განცხადება და მ----------------------------ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ირანის რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განმცხადებელს ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს აღნიშნული ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუკი მითითებულ ვადაში საპატიო გარემოებათა გამო ხარვეზის შევსება მისთვის შეუძლებელი იყო, უფრო მეტიც, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელეს განსაზღვრულ ვადაში არც კი უცდია ხარვეზის შევსება, რასაც იმით ხსნის მხარე, რომ აღნიშნული უცნობი იყო მოსარჩელისათვის და ამის თაობაზე განცხადების შეტანისთანავე უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. მოცემულ განმარტებას სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, რამდენადაც ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge. კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის წესი და ის პროცედურები, რომლებიც ემსახურება მხარის ინფორმირებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა შესაბამისი განაცხადის ფორმის წარდგენის შემდგომ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო სამახსოვრო ბარათი, რომლის თანახმადაც მას ეცნობა გადაწყვეტილების გაცნობის წესი და მისი გამოქვეყნების პროცედურა, რის შემდგომაც განმცხადებელს შეეძლო თვალყური ედევნებინა მისი განცხადების განხილვის მიმდინარეობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ განცხადების ჩაბარების ეტაპზე განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იბარებს მისთვის წარდგენილ განაცხადსა და თანდართულ საბუთებს, თუმცა მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება წარდგენილი მოთხოვნასთან ერთად თანდართული მასალის სრულყოფილების შემოწმება და მოქალაქისათვის მითითება, თუ რა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო. აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ საქმის განმხილველი პირი, რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირს, დამატებით თუ რა დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჩაიბაროს განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

 

ამდენად, ცალსახაა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-------------- №10-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მ----------------------------ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მ----------------------------ის უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----------------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი