გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6840-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - თ---------–---–-----ი
წარმომადგენელი - თო-------–-------–--ლი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მა-–-----–---–---ე
მესამე პირი - შპს „მ----–---ი”
წარმომადგენელი - ნი----------–---ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ივნისის № SP1--------------0 ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მესამე პირის - მესამე პირმა - შპს „მ----–---ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით თ---------–---–-----ის დავალიანების - 4161.99 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 70 ლარი, პირგასამტეხლო - 4161.99 ლარი.
შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „მ----–---ის“ ლარის ანგარიშის რეკვიზიტები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „მ----–---ის“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი და თანდართული მასალები - ს.ფ. 87-116.
3.1.2. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თ---------–---–-----ს (მისამართზე - ქ-------–----------------–---–--------), რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და 10 კალენდარული დღე განუსაზღვრა სათანადო რეაგირებისათვის. აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 22 მაისს ჩაიბარა თ---------–---–-----ის ბებიამ - თ------–---–-----მა. თ---------–---–-----ს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა ასევე მისამართზე ქ. თბილისი, ვ----------–---–---------, რომლიდანაც დაბრუნდა გზავნილი, რომ მეზობლების განცხადებით ადრესატი არ ცხოვრობს ამ მისამართზე. ამდენად, კორესპონდენცია კურიერის მიერ უკან იქნა დაბრუნებული ჩაუბარებლობის გამო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გზავნილი - ს/ფ 81
- 2018 წლის 18 მაისის შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ - ს/ფ 79/80
-გზავნილი - ს/ფ 82
3.1.3. 2018 წლის 6 ივნისს მოპასუხე - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება №SP1--------------0 დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც თ---------–---–-----ს დაეკისრა 4681.99 ლარის გადახდა შპს „მ----–---ის“ სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 ივნისის №SP1--------------0 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ - ს/ფ 83.
3.1.4. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 23 მარტს შ----------სა’’ და თ---------–---–-----ს შორის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, რესპოდენტის მისამართია ქ. თბილისი, ვ----------–---–---------. აღნიშნული მისამართია ასევე მითითებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის ვებ.გვერდზე. თ---------–---–-----ს მოცემულ მისამართზე გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა არ ჩაბარდა. რესპონდენტს შეტყობინება ასევე გაეგზავნა 2018 წლის 19 მაისს მისამართზე: დედოფლისწყარო, ლერმონტოვის 7. საქართველოს ფოსტის დასტურით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი ჩაიბარა ბებიამ- თ------–---–-----მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 13-21)
-ამონარიდი ამომრჩეველთა სიებიდან (ს.ფ. 40)
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV -100/ა) თ------–---–-----ის მიმართ დადგენილია შემდეგი დიაგნოზი: მიმდინარე ეპიზოდში მძიმე რეკურენტული დეპრესიული აშლილობა ფსიქოზური სიმპტომი , F33.2. მოკლე ანამნეზის მიხედვით პაციენტს 15 წელია აღენიშნება ავადმყოფური მდგომარეობა. აღენიშნება არაადეკვატური აზრები და ქცევები, ჩაკეტილია, დაახლოებით 6 წლის წინ დაეწვა სახლი საეჭვო ვითარებაში, იყო ვერსია, რომ შესაძლოა პაციენტის მიერ ყოფილიყო გაჩენილი ხანძარი. მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმწვავდა. მეზობლებთან აქვს კონფლიქტი, შეფარებული ჰყავს უპატრონო კატები და ძაღლები, საჭიროებს სტაციონალურ მკურნალობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV -100/ა) (ს.ფ.39)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ივნისის № SP1--------------0 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 913 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტს წარმოადგენს შპს „მ----–---ი”, ხოლო რესპოდენტს - თ---------–---–-----ი.
აღნიშნული კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით თ---------–---–-----ის დავალიანების - 4161.99 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 70 ლარი, პირგასამტეხლო - 4161.99 ლარი. შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „მ----–---ის“ ლარის ანგარიშის რეკვიზიტები.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის
დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ)
განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად რომ მივიჩნიოთ, უპირველესად, აუცილებელია, რომ უწყება მიტანილ იქნეს ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. მეორე აუცილებელი პირობაა, რომ ადგილზე არმყოფი ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა (უწყების მიმღებმა) ჩაიბაროს უწყება და უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და ეს ხელმოწერით დაადასტუროს. თუ აღნიშნული პირობები დაცულია, მაშინ უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მხარეთა განმარტებებით დადასტურდა, რომ გზავნილი ჩაბარდა პირს, რომელსაც არ ჰქონდა უნარი სრულად გაეცნობიერებინა საკუთარი პასუხისმგებლობა და გზავნილის ჩაბარებით აღებული ვალდებულება მისი შვილიშვილისათვის გადაცემის შესახებ, შესაბამისად, გზავნილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად, რომელსაც შეიძლებოდა ადრესატისათვის გზავნილის გადაცემის თაობაზე ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერების უნარით ემოქმედა.
ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ სასამართლოს გზავნილის მიმღები პირის ქმედენარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობს, აღნიშნული გზავნილი თ---------–---–-----ს ჩაბარებულად ვერ ჩაეთვლება.
ამდენად, თ---------–---–-----ისათვის ჩაბარებული კორესპონდენცია ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის ჩაბარებულად, რაც უდავოდ წარმოადგენს გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევას.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. ამავე კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ---------–---–-----ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას, ამ დარღვევების გათვალისწინებით მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რაც უდავოდ წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ივნისის № SP1--------------0 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპრცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო, მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ივნისის № SP1--------------0 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
3. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაეკისროს მოსარჩელე - თ---------–---–-----ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი