განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2019
საქმის ნომერი
080100118002556793
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/661-18 (N041220618001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

13.02.2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----- ბ----–--–---–ი

მამის სახელი: დ-----ი

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ნ---------- შეს. N6/28

 

ადვოკატი - გ------- დ---–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, (02 ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დ----- ბ----–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, (02 ეპიზოდი) რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 21 ივნისს საღამოს 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქუთაისში, ნ---------- შეს. 6/28-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დ----- ბ----–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-----–- მ---------–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ სახის და თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2017 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში, ნ---------- შეს. 6/28-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დ----- ბ----–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-----–- მ---------–ს. კერძოდ ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ სახის და თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

მოწმე ხ------- გ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ბრალდებული დ----- ბ----–--–---–ი და დაზარალებული მ-----–- მ---------–ი არის მისი ნათესავები მეუღლის მხრიდან. მათ იცნობს კარგად და აქვს კარგი ურთიერთობა მათთან. შემთხვევის დღეს დ----- ბ----–--–---–ის დის ქმარმა ვ--–---- ბ----–--–---–მა დაურეკა მის მეუღლეს გ------- ბ------ეს, რის შემდეგადაც მისი მეუღლე გავიდა სახლიდან და მარკეტიდან მოიყვანა მ-----–- და მისი ორი შვილი. მიახლოებით იქნებოდა 21 ივნისი 22:00-22:30 საათი. მ--- (მ-----–-) იყო აღელვებული, რაც გამოწვეული იყო ცოლ-ქმარს შორის მომხდარი შეკამათებით. სახლში მასთან ამ დროს ასევე იმყოფებოდა მისი დედამთილი თ----- გ-----–--ე, ხოლო მეუღლე გავიდა. შეკამათების დეტალებზე არ უსაუბრიათ. ცოტა ხანში კარებზე კაკუნის ხმა გაიგონეს - დ----- ბ----–--–---–ი იყო მოსული. ამ დროს მ---მ შიდა კარები გადაკეტა, რის მიზეზადაც დაასახელა ახალი კონფლიქტის თავიდან არიდება, ვინაიდან დ----- იყო ნასვამ მდგომარეობაში და სთხოვდა სოფელში წაყვანას. როგორც მ---მ მოუყვა, იმ მიზეზით რომ უარს ეუბნებოდა წაყოლოდა სოფელში მთვრალ მეუღლეს, მან იმ დღეს ერთხელ უკვე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გააჩერებინა მანქანა და ჩამოვიდა მარკეტთან. მ---მ მას დაჟინებით სთხოვა დაერეკა 112-ში და დარეკა კიდეც ნომრიდან 5---------. მ---ს რაიმე სახის დაზიანება გარეგნულად არ ეტყობოდა. რაც მან გაიგო, ამ სიტუაციაში კონფლიქტის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ დ-----ს არ უჯდებოდა მანქანაში მ--- ბავშვებთან ერთად. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე გ------- ბ------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ბრალდებული დ----- ბ----–--–---–ი და დაზარალებული მ-----–- მ---------–ი არიან მისი ნათესავები, კერძოდ დ----- არის მისი მამიდაშვილი და მათ ოჯახებით აქვთ ხშირი ურთიერთობა. 2018 წლის 21 ივნისს საღამოს საათებში დაურეკა მისმა სიძემ ვ--–---- რ-----------მ და უთხრა, რომ დ-----სა და მ---ს შორის იყო კონფლიქტი და თუ ეცალა გასულიყო მარკეტთან, ვინაიდან მ--- იქ იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად. ისიც გავიდა, ჩაიჯინა მ--- და ბავშვები მანქანაში და მიიყვანა თავისთან სახლში. დაახლოებით 20 წუთში ჩვეულებრივი კაკუნის ხმა იყო კარებზე - კარებთან იყო დ----- და როდესაც ჰკითხა თუ რა ხდებოდა, მან უპასუხა, რომ მ---ს და ბავშვების წასაყვანად მოვიდა. მან შეიპატიჟა დ----- სახლში, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. შემდეგ შეუტრიალდა დ-----ს და ურჩია, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და აჯობებდა სახლში გაბრუნებულიყო. მისი შეტყობით კონფლიქტის მიზეზი იყო დ-----ს სურვილი წასულიყო მანქანით ვანში, რაზედაც მ--- წინააღმდეგი იყო მისი სიმთვრალის გამო. დ----- მიტრიალდა და წავიდა, ზედმეტი არაფერი უთქვამს. როდესაც შებრუნდა სახლში, მოიკითხა კარების დაკეტვის მიზეზი, რაზედაც მიიღო იგივე პასუხი, რომ ნასვამ მგომარეობაში მყოფი დ-----ს ვერ გაყვებოდა ვანში მანქანით და კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით მიკეტა კარი, რათა დ----- არ შესულიყო შინ. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად, როდესაც მ---ს მანქანით მიაკითხა, მ---მ უთხრა, რომ არაფერი სერიოზული არ ხდებოდა, ნასვამი იყო დ----- და უნდოდა ვანში წასვლა. დ-----ს და მ-----–-ს ჰქონდათ ძალიან კარგი ცოლქმრული ურთიერთობა და მათ შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენია. მ---ს რაიმე სახის დაზიანება გარეგნულად არ ეტყობოდა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე მ---- შ--–--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 21 ივნის მუშაობდა მარკეტ ფემილიში, ქ. ქუთაისში, ნ----ს ქ. N44-ში. დაახლოებით 22:30 საათზე ასრულებდა რა თავის მოვალეობას, შემოვიდა ქალბატონი ორ ბავშვთან ერთად, ერთი ხელში ეჭირა პატარა და მეორე 5-6 წლის იქნებოდა. იყო განერვიულებული და ცრემლიანი ხმით ითხოვდა შველას - მეუღლისაგან დამალვას. ისინი შეეცადნენ მის დაწყნარებას. 3-5 წუთის ინტერვალში მოვიდა ვიღაც კაცი, რომელიც იყო მისი ნათესავი და წაიყვანა. მასთან ერთად ღამის სმენაში იყო ასევე მისი თანამშრომელი ანა კ-----–--ე. ასე მალე რომ არ მოსულიყო ის ადამიანი და არ წაეყვანა აპირებდნენ პოლიციაში დარეკვას. მას გარეთ არ გაუხედავს და არ იცის გარეთ რა ხდებოდა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე მ---- შ--–--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მოწმე ანა კ-----–--ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ვ--–----ანე რ-----------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, დ----- ბ----–--–---–ი არის მისი ცოლის ძმა, ხოლო მ-----–- მ---------–ი - რძალი. 2018 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა მ----–- მ---------–მა და უთხრა, რომ დ-----ი იყო ნასვამ მდგომარეობაში და ვანში აპირებდა მის წაყვანას ბავშვებთან ერთად, რის გამოც მათ მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება ერთმანეთთან. ამასთან, სთხოვა მას მისულიყო და როგორმე შეეშალათ ხელი დ-----სთვის, რომ არ დამჯდარიყო მანქანაზე. აღნიშნულის შემდეგ მივიდა მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა დ-----ი, რომელმაც განუმარტა, რომ მ-----–- და ბავშვები მეზობელთან იყვნენ ჩასულები. მან ჰკითხა დ-----ს თუ რა მოხდა, რაზედაც დ-----მა უპასუხა, რომ ვანში უნდოდა წასვლა და ცოლშვილის წაყვანა, რაზეც შეეწინააღმდეგა მ-----–- და აღნიშნულზე მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ამ დროს შემოვიდა მეზობელი მთვარისა, რომელიც ასევე ურჩევდა დ-----ს, რომ იმ ღამეს დარჩენილიყო და დილას წასულიყო ვანში. მ--- და ბავშვები იყვნენ ამ მეზობელთან და მან სთხოვა ენახებინა ისინი, რათა ამოეყვანა, ვინაიდან დ-----ს სურდა ვანში წასვლა. მ---ს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. ჰკითხა კიდეც აღნიშნულის შესახებ და მ---სგანაც მიიღო პასუხი, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მ---ს ამოყვანის შემდეგ, მან ჩაალაგა ბარგი და ყველანი ჩავიდნენ და ჩასხდნენ მანქანაში. ნასვამმა დ-----მა ცოტა ჩქარა დაძრა ავტომანქანა, რაზედაც მ--- შეშინდა, შემდეგ ნ----ს შესახვევთან ისევ მკვეთრად დაამუხრუჭა დ-----მა, რის გამოც მ-----–- კიდევ უფრო შეშინდა, ჩამოიყვანა ბავშვები და შევიდა იქვე არსებულ სასურსათო მაღაზიაში. ამის შემდეგ მანაც უთხრა დ-----ს, რომ ისიც წინააღმდეგი იყო ბავშვები და მ--- წაეყვანა ასეთ მდგომარეობაში ვანში და ურჩევდა შინ წასულიყო. დ-----ის წასვლის შემდეგ მან დაურეკა დ-----ის ბიძაშვილს გიას, რომ მოსულიყო და მ-----–- და ბავშვები წაეყვანა. მცირე ხნის შემდეგ მან შეიტყო, რომ დ-----ი დაკავებული იყო პოლიციაში. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ლ---- ც----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ის როგორც შემთხვევის დღეს, ასევე ამჟამადაც მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 21 ივნისს განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო ხ------- გ--------ე, რომელიც მიუთითებდა, რომ მ-----–- მ---------–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ დ----- ბ----–--–---–მა. ამ საქმეზე მან გამოკითხა დაზარალებული, ასევე სხვა მოწმეები. განყოფილებაში გამოცხადდა ბრალდებულიც, რომელიც გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. დაზარალებული გამოცხადდა ხ------- გ--------ესთან ერთად, იგი იყო ანერვიულებული და აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო მათ ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, რასაც ასევე ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილები. დაზარალებულმა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, ვინაიდან მისი განმარტებით, არ გააჩნდა დაზიანებები. (სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1474269 22/06/2018 00:38 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის უფროსმა გ. ბ-–----–---–მა აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს ლ---- ც----ს, რომ ქ. ქუთაისში, ნ----ს ქ. მე-2 შეს. 6-1-8-29 ხ------- გ--------ე ატყობინებდა ტელეფონის ნომრით 5--------, რომ მასთან მყოფ ბიძაშვილს, რომელიც შეფარებული ჰყავს, უვარდება სახლში მისი მეუღლე და კონფლიქტი აქვთ. (ს.ფ.2).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N147404 22/06/2018 01:30 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის ,,115“ საპატრულო ეკიპაჟიდან ა. ხარატიშვილმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის მორიგეს აცნობა, რომ ქ. ქუთაისში, ნ----ს ქ. მე-2 შეს. 6/28 მ--- მ---------–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა მეუღლემ დ----- ბ----–--–---–მა (ს.ფ.3).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 22 ივნისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მ--- მ---------–ის და ხ------- გ--------ის ახსნა-განმარტებების თანახმად დ----- ბ----–--–---–მა მ--- მ---------–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - რაც გამოიხატა თავში ხელის ჩარტყმით. შემაკავებელი ორდერის თანახმად დ----- ბ----–--–---–ს აეკრძალა თ----- წ------–---–თან მიახლოვება. ( ს.ფ. 110-115).

 

ბრალდებულ დ----- ბ----–--–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად მ-----–- მ---------–ი არის მისი მეუღლე. 2018 წლის 21 ივნისს მათ შორის მოხდა კონფლიქტი იმის გამო, რომ მეუღლეს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი სთხოვდა წაყოლოდა ვანის რაიონში ბავშვებთან ერთად. მეუღლე კი უარს ეუბნებოდა იმ მიზეზით, რომ სიმთვრალის გამო ავტომანქანის საჭის მართვას ვერ ანდობდა, მით უმეტეს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ამ საკითხზე ჰქონდათ კამათი, რომელიც მისი ნათესავების ჩარევის შედეგად განიმუხტა. კონფლიქტის დროს მეუღლეზე ფიზიკურად არ უძალადია არ იმ დღეს და არც სხვა დროს მათ შორის 2017 წლის 30 სექტემბერს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

დაზარალებულმა მ-----–- მ---------–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად მეუღლის) წინააღმდეგ.

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ დ----- ბ----–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.

წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად პროკურორმა წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმე - დაზარალებული მ-----–- მ---------–ი და მანაც კანონიერი საფუძვლით განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე.

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედებების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

საქმეზე დაკითხული მოწმეები: ხ------- გ--------ე, გ------- ბ------ე, მ---- შ--–--------ე, ანა კ-----–--ე, ვ--–----ანე რ----------- და ლ---- ც---- არ არიან ძალადობის ფაქტის თვითმხილველნი, მათგან მხოლოდ ხ------- გ--------ე და ლ---- ც---- ავრცელებენ იმ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი ჩვენებები.

უფრო მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ დ----- ბ----–--–---–ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულებში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. კერძოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ ძალადობის კვალს, ასევე ვერ წარმოადგინა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.

ამასთან, 21.06.2018 წლის ეპიზოდთან მიმართებაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ შეიცავენ ინფორმაციას დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის შესახებ და ძირითად შემთხვევაში ისინი გამორიცხავენ კიდეც ძალადობის ფაქტის არსებობას. ხოლო, რაც შეეხება 30.09.2017 წლის ეპიზოდს, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არათუ აღნიშნული ბრალდების დასადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, არამედ არ გამოკვლეულა და არ ყოფილა წარმოდგენილი არც ირიბი მტკიცებულება. აღსანიშნავია, რომ 112-ზე გაკეთებულ შეტყობინებაშიც კი საუბარი არ არის ძალადობაზე და მხოლოდ მეუღლეებს შორის კონფლიქტია დაფიქსირებული

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა ორიოდე მოწმის ირიბი ჩვენებისა, რომლებიც წინააღმდეგობაშია სხვა მტკიცებულებებთან, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით დ----- ბ----–--–---–ის მსჯავრდება.

დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დ----- ბ----–--–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, დ----- ბ----–--–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ----- ბ----–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ორივე 30.09.2017 წლის და 21.06.2018 წლის ეპიზოდებში.

2. დ----- ბ----–--–---–ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით დ----- ბ----–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ვ--–----ანე რ-----------ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისი, გ------- ა--–---–ის ქ. N3, კორპუსი N1, სართული N3, ბ N76 (საკადასტრო კოდი 0----------------------) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

3. გამართლებულ დ----- ბ----–--–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე