გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.03.2019
საქმის ნომერი
190310018002622037
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-262-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.03.2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე,მოსარჩელე - გ--- კ-–----–--ლი,წარმომადგენ--–- - შ--–-- კ-–----–--ლი, გ------ი ო-------–-–---–ი,მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი,წარმომადგენ--–- - ნ------- ბ--------ე,მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენ--–- - მ------- ბ------–-–--ლი - პ---–--ლი,მესამე პირები- ა---- კ-–----–--ლი, ლ--–- ს-------–---–ი, მ-----–- კ-–----–--ლი, ნ--–- კ-–----–--ლი, ს-------- კ-–----–--ლი,ა---- კ-–----–--ლის წარმომადგენ--–- - მ----- ლ---------–---ი, კ---- ქ--------ე,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივლისის №8------------10 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, 2017 წლის 8 ივნისის გარდაბნის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 იანვრის №0----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მოსარჩელე ასევე მოითხოვს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც ა---- კ-–----–--ლს უარი ეთქმება წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის დადგენაზე.

 

მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივლისის №8------------10 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა---- კ-–----–--ლის 2017 წლის 29 მაისის განცხადება მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე და მიენიჭა 81.10.08.6-- საკადასტრო კოდი. მოცემულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომლის დარეგისტრირებაც მოახდინა ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. აღსანიშნავია, რომ ა---- კ-–----–--ლის მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო სისტემურ რეგისტრაციებში (ეგრეთ წოდებულ ყვითელ ფენებში) და დგინდებოდა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრები, თუმცა რეგისტრაცია განხორციელდა შეცვლილი მონაცემებით, რასაც საფუძვლად დაედო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმი, რომლის მიხედვითაც თითქოს დადგინდა ა---- კ-–----–--ლის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობა. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 იანვრის №0----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

2. 1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით, 2017 წლის 13 ივლისის №8------------10 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, გარდაბნის რაიონში, სოფელ მარტყოფში მდებარე 1313,0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, დარეგისტრირდა მესამე პირების თანასაკუთრების უფლების ობიექტად. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2017 წლის 07 ივლისის საარქივო ცნობის თანახმად, გარდაბნის რაიონის მარტყოფის სასოფლო საბჭოს სოფელ მარტყოფის 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მ-----–- კ-–----–--ლი, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შვილი - ნ--–- კ-–----–--ლი, შვილი/რძალი - ლ---–- კ-–----–--ლი/კ-------–--ლი, შვილი - ა---- კ-–----–--ლი, შვილიშვილი - ს-------- კ-–----–--ლი, შვილიშვილი - მ-----– კ-–----–--ლი. 1996-2000 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1972 წელს აგებული 30 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი. სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა დადასტურებულია გამგეობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმით. შესაბამისად, ვინაიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესაბამისი ოქმით დადასტურებული იქნა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესაბამისობა, ამასთან არ არსებობდა ზედდება სხვა რეგისტრირებულ თუ წარმოებაში მყოფ მონაცემებთან და ასევე არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რეგისტრაციის შესახებ აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

2.2. მოპასუხის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან მიუთითა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმის შედგენისას დაცული იყო ყველა კრიტერიუმი და იდენტურობა დადგენილია აზომვითი ნახაზისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

 

2.3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირის ა---- კ-–----–--ლის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი გახდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გარდაბნის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმი მიღებულია ასევე კანონის მოთხოვნათა დაცვით, დათვალიერებას ესწრებოდა მოსარჩელეც, რომელმაც ხელი მოაწერა დათვალიერების ოქმს და მოსაზღებების გრაფაში შენიშვნები არ დაუფიქსირებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 29 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა---- კ-–----–--ლმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბანი, სოფელ მარტყოფში მდებარე 1313 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია.

2017 წლის 01 ივნისის №8------------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, ა---- კ-–----–--ლს გადაწყვეტილების მისაღებად მოეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და 2017 წლის 01 ივნისის №1----- წერილით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განცხადება (ტომი I, ს. ფ. 14);

-განცხადების მიღების ბარათი (ტომი I, ს. ფ. 15-16);

-2017 წლის 01 ივნისის №8------------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 89);

-2017 წლის 01 ივნისის №1----- წერილი (ტომი I, ს. ფ. 88);

 

3.1.2. გარდაბნის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმით დადგენილია ა---- კ-–----–--ლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის №8------------10 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, სოფელი მარტყოფი ს. კ. 81.10.08.6-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა---- კ-–----–--ლის, ლ--–- ს-------–---–ის, მ-----–- კ-–----–--ლის, ნ--–- კ-–----–--ლისა და ს-------- კ-–----–--ლის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 8 ივნისის №0---- ოქმი (ტომი I, ს. ფ. 100-102);

-2017 წლის 13 ივლისის №8------------10 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ.17);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 19-20);

 

3.1.3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 8 ივნისის №0---- ოქმი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის №0----- გადაწყვეტილება (ტომი II, ს. ფ.74);

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივლისის №8------------10 რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, 2017 წლის 08 ივნისის გარდაბნის მერის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №0----- გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები) მოსარჩელის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მტკიცებულებები არ განუხილია ერთობლიობაში, არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, არ შეამოწმა საჯარო რეესტრში დაცული მიწის ნაკვეთის ,,ყვითელი ფენა", რაც გამორიცხავდა ზედდების ნაწილში მიწის ნაკვეთის მესამე პირთა სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, არ შეუმოწმებია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია, კერძოდ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე არსებობდა თუ არა ყვითელი ფენები, არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის №4----- წერილით დგინდება, რომ განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში №8----------- და №8----------- განაცხადის ნომერზე სარეგისტრაცოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ტერიტორია თანხვედრაშია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ სისტემურ აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემთა ბაზასთან, რომელიც წარმოადგენს დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ საკადასტრო მონაცემებს და სარეგისტრაციო წარმოების მასალები დაცული არ არის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივლისის №8------------10 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2017 წლის 08 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №0----- გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" და „ი" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების განხილვის ფარგლებში უფლების დამდგენი დოკუმენტი მხარეთა შორის დავას არ იწვევს, სადავოა მხოლოდ რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია გ--- კ-–----–--ლის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, თავის დროზე, საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული, მაგრამ დაუშვებელია, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციის თანმდევი ნეგატიური შედეგების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს არა სარეგისტრაციო მომსახურების გამწევ ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - მომხმარებელს, ამ შემთხვევაში გ--- კ-–----–--ლს; მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის წარმომადგენ--–- ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია ყვითელი ფენები.

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენ--–-: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2017 წლის 8 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №0----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ მომხდარა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შედარება საჯარო რეესტრში დაცული მიწის ნაკვეთის ,,ყვითელი ფენასთან", არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები) მოსარჩელის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მტკიცებულებები არ განუხილია ერთობლიობაში, არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, არ შეუმოწმებია საჯარო რეესტრში დაცული მიწის ნაკვეთის ,,ყვითელი ფენა", რაც გამორიცხავდა ზედდების ნაწილში მიწის ნაკვეთის მესამე პირთა სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას. ასევე ფორალურად იქნა მიღებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და საჯარო რეესტრში დაცული მიწის ნაკვეთის ,,ყვითელი ფენის" შედარება.

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას". ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვან--–- თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2017 წლის 8 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა რაზეც, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №0----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები ფორმალურად მიუდგნენ საკითხს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ მიუწვევიათ დაინტერესებული პირები, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები) მესამე პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მტკიცებულებები არ განუხილიათ ერთობლიობაში, არ დაუდგენიათ მიწის ნაკვეთის ნამდვილი ადგილმდებარეობა, საჯარო რეესტრში დაცული მიწის ნაკვეთის ,,ყვითელი ფენა", რაც გამორიცხავდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი და უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, არ მომხდარა ა---- კ-–----–--ლის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შედარება საჯარო რეესტრში დაცული მიწის ნაკვეთის ,,ყვითელი ფენასთან".

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ახალი აქტის გამოცემა რომლითაც ა---- კ-–----–--ლს უარი ეთქმება დავის ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზის იდენურობის დადგენაზე სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას. 8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა. სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. გ--- კ-–----–--ლის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №8------------10 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, 2017 წლის 08 ივნისის გარდაბნის მერის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის №0----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;

2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე გ--- კ-–----–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი