განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/136-19 (№076150618001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15.03.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ი---- ფ------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული ლ-- წ----ე
მამის სახელი: გ------ი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. თბილისი, თ-------------–--- მე-3 მ/რ, მე-5 კვარტ. კორპ N6 ბინაN30
ადვოკატი: ნ-----–---- კ------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლ-- წ----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ-- წ----ემ, 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 13:48 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით ,,ნისანის“ მოდელის, C-------- სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნები, ისე წამოიწყო მარცხნივ მოხვევის მანევრის განხორციელება, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ არ შეუქმნიდა საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით, როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში, მოხვევის მიზნით გადავიდა გზის საპირისპირო ზოლში და დაიწყო მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულება, რა დროსაც მის ავტომანქანას მარცხენა გვერდიდან შეეჯახა მასზე გასწრების მანევრის შესრულებისას ,,ჰონდას“ მოდელის C----- სანომრე ნიშნის მქონე მოტოციკლეტით იური ც----.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტის მგზავრმა ბიძინა მ--–------–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 07 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლ-- წ----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ლ-- წ----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
შესაბამისად, ლ-- წ----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის და მოწმეების - ბ. მ--–------–ის, ზ. გ------------ის, ი. ც----ს, ფ. ვ--–-----ის, ც. წ----ის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემასთან და ფოტოსურათებთან ერთად; ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; შეტყობინებით; მიმართვის წერილებით და შესაბამისი პასუხებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ლ-- წ----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით”.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, ის აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ინკრიმინირებულ დანაშაულს.
ლ-- წ----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, სამართლიანი ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი ამავე სანქციით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-- წ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 09 (ცხრა) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. მსჯავრდებულ ლ-- წ----ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
4. ლ-- წ----ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ CD დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.2. ,,NISANI“-ს მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით C-------- და ,,HONDA“-ს მოდელის მოტოციკლეტი სახ. ნომრით C----- - რომლებიც განთავსებულია ქუთაისის ავტოსაჯარიმო სადგომზე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე