გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.03.2019
საქმის ნომერი
020310019002845704
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310019002845704 (3/23-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მუ------------–--

 

მოპასუხე - კ--------------–---–--

 

დავის საგანი - ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხისათვის ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 355,20 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნება) დავალდებულება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კ--------------–---–--მ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ არ უარყოს დავალიანების არსებობას, თუმცა მას ვერ გადაიხდის ეკონომიკური მდგომარეობისა და სარჩელის ხანდაზმულობის გამო.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

 

3.1.1.მოპასუხე კ--------------–---–-- მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------------------------------------------–---------------------------–--------------–------------------–-------------------–-–--------------–------------------------------------–-დ. იგი ს-----------–--- უფროსის 2----–-–------------------------- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2----–-–--------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ბრძანება (ს.ფ. 13);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 20.03.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2----–-–------------------ნ სამსახურიდან გათავისუფლების მიუხედავად, მოპასუხეს 2----–-–------------------ნ 20---–-–---------------ს ჩათვლით შეცდომით ჩაერიცხა ხელფასი 355,20 ლარის ოდენობით. ამდენად, მოპასუხემ ეს თანხა მიიღო ზედმეტად, რასაც არ აბრუნებს ნებაყოფლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-27.0--2----–-–-- წერილი (ს.ფ. 14);

-საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 15-17);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 20.03.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოპასუხე კ--------------–---–--ს მიმართ 12.02.2019 წელს აღძრული სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 20.03.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მუშაობდა რა საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, წარმოადგენდა მოხელეს და ამავე კანონის მე-4 მუხლის და ,,პოლიციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო მუხლის მე-4 პუნქტით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ დავალიანების არსებობის აღიარების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ხელფასი პოლიციელმა შეიძლება მიიღოს პერსონალურად, მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. შემდგომ, კი სახელმწიფოს უწყდება ხელფასის გაცემის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, 2----–-–------------------ნ 20---–-–---------------ს ჩათვლით ხელფასის სახით ჩარიცხული თანხა - 355,20 ლარის ოდენობით.

 

6.2.სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოყენებას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა გამოყენებულ იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც, პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, ხელფასის გაცემის სახით მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სწორედ განსახილველ ვითარებას აქვს მოცემულ შემთხვევაში ადგილი: მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 355,20 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

6.3.რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სამწლიანი ხანდაზმულობის გასვლის გამო სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

აღნიშნული კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

 

მნიშვნელოვანია სადავო, ხანდაზმულობის საკითხზე მოხმობილ იქნეს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 05 დეკემბრის №ას-472-448-2013 გადაწყვეტილება, რომლითაც საკასაციო პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ ,,ამ ურთიერთობაზე ვრცელდება არა დელიქტური ვალდებულებების, არამედ - უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი. ამდენად, ამ ურთიერთობაზე გამოყენებულ უნდა იქნას ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობებისათვის, რომელიც არ ითვალისწინებენ სპეციალურ ვადას, მაგალითად, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ი. კ-ის მიერ ნ. ა-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრებით ამ უკანასკნელმა არ მიიღო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი, ამდენად, ამ ურთიერთობაზე არ გავრცელდება 992-1008-ე მუხლები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრების 2006 წლიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, გაზიარების შემთხვევაშიც 10- წლიანი ვადა ჯერ არ არის გასული (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი)’’.

 

მოცემულ ვითარებაში უდავოა, რომ 2----–-–------------------ნ ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც მოპასუხეს ზედმეტად, უსაფუძვლოდ ჩაერიცხა თანხა 355,20 ლარის ოდენობით და ამით დაირღვა მოსარჩელის უფლება, ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა გასული არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 355,20 ლარის გადახდა.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე კ--------------–---–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის სახით უკანონოდ მიღებული თანხის – 355,20 ლარის ანაზღაურება;

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა