განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი,სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ან-------ა;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გი-------------ე,ბრალდებული - კო----------------------ე, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხაშური, ა-–---------------------------8, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ---------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 23 სექტემბერს დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. თბილისში, ჭ---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კო-----------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ემ----------ს, კერძოდ მუშტი ძლიერად დაარტყა თავის არეში, შემდეგ კი ხელები მოუჭირა სახის არეში, რის შედეგადაც ემ----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ----ან, საერთო თანაცხოვრებისას კო----------- 2018 წლის 23 სექტემბრამდე სისტემატურად ახორციელებდა ემ---------ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.
ემ---------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები ნა----------ე და გი--------------ე.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, კო-----------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ემ----------მ და მოწმე ნა----------ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჟა----------------ა განაცხადა, რომ ბრალდებული არის მისი სიძე, შვილის ემ---------ის მეუღლე. მან მომხდარის შესახებ გაიგო მისი შვილისაგან. ის არასოდეს შესწრებია მისი შვილისა და სიძის ჩხუბს.
მოწმე ლე--–----------–---მ განმარტა, რომ ის არის ემ---------ის მეგობარი. სმენია სიტყვიერ შეურაცხყოფებზე, მაგრამ ძალადობის მოწმე არ ყოფილა. ძალადობის შესახებ იცის მხოლოდ გადმოცემით. როდესაც ემ----ან სახლში იყო ერთხელ შეესწრო სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა კონკრეტულად რა სიტყვებით მიმართავდა ე--- მას არ ახსოვს. იყო მუქარაც, მაგალითად დაემუქრა მისი თანდასწრებით ოჯახიდან გაგდებით, ასევე იყო სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მუქარაც, მაგრამ კონკრეტული სიტყვების ფორმულირება არ ახსოვს. 2018 წლის 23 სექტემბერს იყო სახლში, ე--- დაურეკა და შეატყობინა, რომ იგი გამოიპარა სახლიდან, ეშინოდა მეუღლის და სთხოვა ჩასულიყო მ----ან, განუცხადა, რომ მეუღლემ ჩაარტყა მუშტი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კო-----------მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ბ. ჭ----------------------------- N7, ბინა N6-ში. ემ---------ის განმარტებით მისაღებ ოთახში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლემ კო-----------მ.
სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, კო-----------ს ქმედების შედეგად ემ----------მ არ განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმე პოლიციის თანამშრომელი შა-–---------–---–ი ჩვენებაში უთითებს, რომ ინფორმაცია მიიღო კო-----------ს ადგილსამყოფლის შესახებ, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო მოწმეები ვა-–-----------–---–ი და მა-–-----------ა მონაწილეობას იღებდნენ ბრალდებულის დაკავებაში. მოწმე ლე--–----------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ შემსწრეა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნული მხოლოდ გადმოცემით იცის დაზარალებულისგან. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება სისტემატური შეურაცხყოფის და არა ერთჯერადი შეურაცხყოფის ფაქტი როგორც ეს მოწმე ლე--–----------–---ს შემთხვევაშია, გარდა ამისა უნდა იკვეთებოდეს შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულის მიერ განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ემ----------მ მასზე განხორციელებული ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს, ისევე როგორც ნა----------ემ არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ბუნებრივია უარყოფილია ასევე მისი მხრიდან მიყენებული ტანჯვის საკითხი, ხოლო რაც შეეხება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, კო-----------ს ქმედების შედეგად ემ----------ს არ განუცდია ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა. ჟა---------------ის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი არ არის თვითმხილველი მოწმე და ყველა ინფორმაცია მისთვის ცნობილია გადმოცემით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების (ჟა---------------ი, ლე--–----------–--- ძალადობის ნაწილში) ჩვენებები ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს გაცემული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარომ (დაზარალებული) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, უტყუარად იმ პირის ვინაობაც კი არ დგინდება ვის ინფორმაციასაც ყვებიან სასამართლოზე მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას კო-----------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე და აღნიშნავს: შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარების და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით. არ შეიძლება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებით ისეთი გარემოების მტკიცება, რაც მისი ბუნებიდან და შინაარსიდან არ გამომდინარეობს (საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც პირი ფლობს უნდა აისახოს გამოკითხვის ოქმში ან საგამოძიებო ექსპერიმენტში). შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია (დაზარალებულის განცხადება), სასამართლოს მოსაზრებით, ასახული უნდა იყოს უფრო საგამოძიებო ექსპერიმენტის (მიღებული ინფორმაციის შემოწმება) და არა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, თუმცა არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რომელ დოკუმენტშია ასახული დაზარალებულის მიერ გაცემული ინფორმაცია, არამედ იმას, თუ რა დაადასტურა მან (დაზარალებული, მოწმე) სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია (იქნება ეს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის განცხადება ან განმარტება) ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ეს უკანასკნელი იგივეს არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე, ისეთივე დატვირთვა და მტკიცებულებითი ძალა აქვს, როგორც გამოძიებაში ჩატარებულ გამოკითხვის ოქმს ან საგამოძიებო ექსპერიმენტს და რაიმე არსებითი ხასიათის განსხვავება მათ შორის არ არსებობს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა შეიქმნას საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლის არსებობის მცდარი წარმოდგენა.
ამ----ან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კო-----------ს ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კო----------- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
კო-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
კო----------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
ფოტომასალა ერთ დისკად - დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს სისხლის სამართლის სქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი დარახველიძე