განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-95-19
(№021030818001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.03.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ლ-------------ე, პირადი ნომერი 3----------, დაბადებული 08.01.2--- წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რუსთავი, მ----------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 03 აგვისტოს, დაახლოებით 21:15 საათზე, გარდაბნის რაიონში, სოფელ თაზაქენდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-------------ე პირადად, ზურგჩანთის გარეთა მხრიდან არსებულ ჯიბეში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ, დიდი ოდენობით - 280,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას - ნედლ მარიხუანას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდებულმა ლ-------------ე წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. 2019 წლის 11 მარტს წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს დასკვნა, ლ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების, ლ---------------ის, ლ-------------ის, მ--–------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ლ-------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით კრიმინალიზებულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანას დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების - ,,მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების (ნედლი მარიხუანა) უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების (ნედლი მარიხუანა) უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების (ნედლი მარიხუანა) ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლ-------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის სამართლიანობის პრინციპის დაცვით ლ-------------ეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი ადეკვატური ზომა, რაც ზუსტად მოემსახურება სასჯელის მიზნების მიღწევას.
მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
6.1. ლ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით განაჩენით დადგენილი ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ინახება გარდაბნის რაიონულ სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ლ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით განაჩენით დადგენილი ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი