გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17925-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე ცი–----------–---
წარმომადგენელი ან------------
მოპასუხე სს „თ--–---“
წარმომადგენელი ვა-----------------
დავის საგანი ხანდაზმულობის გამო დავალიანების ჩამოწერა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სააბონენტო ნომერზე 3------ გადმოწერილი დავალიანების 849.42 ლარის ოდენობით ხანდაზმულობის გამო, ამ თანხის ჩამოწერა.
ნა----–-------------ს 2008 წლიდან ერიცხებოდა სს „თ--–---ს“ დავალიანება, ამ პერიოდში იგი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მოსარჩელის მეურვეობის ქვეშ იყო, ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. 2013 წლის 28 თებერვალს ცი–----------–---მ, დის სახელზე რიცხული დავალიანების გადახდა აიღო თავის თავზე.
2014 წელს ნა----–------------ის კუთვნილი ქონების მესაკუთრე გახდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ც-–----------–--ის მიერ აღიარებული დავალიანება გადავიდა მის სააბონენტო ნომერზე N3------, რადგან იგი იყო გადანაწილებული თანხის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი პირი.
დავალიანება დღეისათვის შეადგენს 849.42 ლარს. 2013 წლის 28 თებერვლის რესტრუქტურიზაციის შეთანხმების საფუძველზე, ცი–----------–--- რამდენიმე თვე იხდიდა თანხას, ბოლო გადახდა მოხდა 2013 წელს, საიდანაც გასულია 3 წელიწადზე მეტი დრო. შესაბამისად, აღნიშნული რესტრუქტურიზაციის შედეგად დარიცხული თანხის გადახდის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს „----–----“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 33-42). 2013 წლის 28 თებერვალს სს „თ--–----“ და ცი–----------–---ს შორის გაფორმდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ცი–----------–---ს 1592.96 ლარის დავალიანება გადაუნაწილდა 120 თვეზე. მოსარჩელე იხდიდა დავალიანებას ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2017 წლის ოქტომბრამდე. სააბონენტო ბარათის N2------ ახალი მეპატრონის მ--–------------------ს მოთხოვნის საფუძველზე დავალიანების ც-–----------–--ის სააბონენტო ბარათზე N3------ გადატანის შემდეგ, დავალიანება არ გადაუხდია. ც-–----------–--ის სააბონენტო ბარათზე ირიცხება დავალიანება 849.42 ლარის ოდენობით. ვინაიდან ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის ოქტომბერში, სს „თ--–---ს“ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 28 თებერვალს სს „თ--–----“ და ცი–----------–---ს შორის გაფორმდა, აბონენტის N2------ (ჯ----------) სააბონენტო ბარათზე არსებული დავალიანების 1592.96 ლარის გადანაწილება 120 თვეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5).
ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის
შესახებ (ს.ფ.17).
3.1.2. 2017 წლის 19 ოქტომბერს N2------ სააბონენტო ბარათიდან რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით გადანაწილებული ვალიდან გადასახდელად დარჩენილი 859.31 ლარი გადატანილია ც-–----------–--ის სააბონენტო ნომერზე N3------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5).
N2------ აბონენტის ბრუნვის ისტორია.(ს.ფ. 45-57).
N3------ ბრუნვის ისტორია. (ს.ფ. 58-73).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ცი–----------–---, 2013 წლის მარტიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, იხდიდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით აღიარებულ დავალიანებას.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2013 წლიდან არ გადაუხდია რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მას 2013 წლის შემდეგ, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანება არ გადაუხდია. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად ის მიუთითებს, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 16 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე, ც-–----------–--ის დის ნა----–------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომლის სააბონენტო ნომერზე არსებული დავალიანებაც აღიარა მოსარჩელემ, საკუთრების უფლებით შეიძინა სს „მ-----------------------------–-----------------------–--“. (იხ. განკარგულება, ს.ფ. 18). მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ 2015 წლიდან შეწყდა მისი მფლობელობა ამ ქონებაზე, თუმცა საქმეში მტკიცებულებები ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის.
საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი N2------ ბრუნვის ისტორიის თანახმად, 2013 წლის მარტიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ფიქსირდება გადანაწილებული ვალის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან მესაკუთრის ცვლილება, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ N2------ სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებული გადახდები განახორციელა ახალმა მესაკუთრემ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვერ ადასტურებს მესაკუთრის ცვლილებასთან ერთად მისი მფლობელობის შეწყვეტას უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ს---–----–-----------------–-------------ზე. (ამჟამად, ა-–--------------------------).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცი–----------–---მ ვერ დაადასტურა ბრუნვის ისტორიაში დაფიქსირებული გადახდების სხვა პირის მიერ შესრულების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 28 თებერვლის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ცი–----------–---ს ეკისრება ყოველთვიურად 2013 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში, 13. 83 ლარის გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის ვადის დაწყებიდან 2013 წლის მარტიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ცი–----------–--- იხდიდა პორციის სახით გადასახდელ თანხას. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად გადასახდელ პორციის თანხაზე, კრედიტორს - სს „თ--–---“ მოთხოვნის უფლება, წარმოეშვება გადახდის თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე, კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში გადასახდელი თანხის მოთხოვნის უფლება -2017 წლის დეკემბერში, დეკემბერში გადასახდელ 13.83 ლარზე- 2018 წლის იანვარში და ა.შ. აქედან გამომდინარე, სს „თ--–---“ ც-–----------–--ის მიერ ყველაზე ადრე გადასახდელ თანხაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2017 წლის დეკემბერში, რომელზეც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ გასულა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ”ა” პუნქტის შესაბამისად, განსახილველი სარჩელი მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი სამოქალაქო საქმეა. ამდენად, ამ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტით გათვალისწინებული, სარჩელზე გადასახდელი მინიმალური სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნახევარს 50 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი.
აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ზედმეტად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც-–----------–--ის სარჩელი სს „თ--–---ს“ მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ცი–----------–---ს ა------------ის მიერ 2017 წლის 29 დეკემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ნახევარი 50 ლარის ოდენობით.
2.1. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე მაკა ჭედია