გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
311210018002686437
2-320-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 მარტი, 2019 წელი ქ. ქარელი
ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძირტკბილაშვილი
მოსარჩელე ი-----–------------ია
მოპასუხეები მ---------------შვილი, ი-----------შვილი
დავის საგანი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მურმან და ი-----------შვილებს გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ 4 000 ლარი, საიდანაც 1000 ლარი სესხის ძირი თანხაა, 2 200 ლარი - პროცენტი, 800 ლარი - ზიანი მიუღებელი შემოსავლისათვის;
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხე ი-----------შვილმა მისგან ისესხა 1000 ლარი ყოველთვიური 10% სარგებლით, ი-----------შვილის ვალდებულების შესასრულებლად, მას თავდებად დაუდგა მეუღლე მ---------------შვილი, რომელმაც პასუხისმგებლობა იკისრა სესხის ვალდებულების მთლიან ოდენობაზე;
2016 წლის 13 დეკემბერს, აღნიშნულზე, მხარეებმა დადეს წერილობითი ხელშეკრულება. მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და გადასახდელი აქვთ ძირი თანხა 1000 ლარი, 2016 წლის დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე 2018 წლის ოქტომბრამდე 22 თვის პროცენტი 2 200 ლარი და 8 00 ლარი, - ზიანი მიუღებელი შემოსავლისათვის;
2. მოპასუხის პოზიცია
მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 2 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში. განმარტა, რომ იმ თვეების რაოდენობა, რომლის განმავლობაში ვალდებულებას არ ასრულებს 10 თვეა. შესაბამისად, გადასახდელი აქვს მხოლოდ 10 თვის პროცენტი და არა- 22 თვის, როგორც მოსარჩელე მიუთითებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი-----------შვილმა ი-----–------------იასგან ისესხა 1000 ლარი თვეში 10% სარგებლით, მის წინაშე ი-----------შვილის ვალდებულების შესასრულებლად, თავდებობა იკისრა მ---------------შვილმა;
- ხელწერილი (ს.ფ. 13);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ სარჩელში და ხელწერილში მითითებული ი-----------შვილი არის ი-----------შვილი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ იმ თვეების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც ვალდებულებას არ ასრულებს, 22 თვეზე ნაკლები, - 10 თვეა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მ---------------შვილის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 1 000 ლარით;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე, მუხლი, 891-ე, 892-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის და 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება;
მოცემულ შემთხვევაში, მ---------------შვილს სადავოდ არ გაუხდია რომ თავდებად დაუდგა ი-----------შვილს ი-----–------------იას წინაშე. იკისრა თავდებობა ი-----------შვილის ვალდებულების შესრულებისათვის, თუმცა აღიარა, რომ პასუხისმგებლობა იკისრა მხოლოდ 1000 ლარზე;
მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა რამდენია, არც წარმოდგენილი ხელწერილშია მითითებული თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. შესაბამისად, რადგან დოკუმენტში არ არის აღნიშნული თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა, დადგენილად უნდა იქნეს ცნობილი, რომ მ---------------შვილმა თავდებობა იკისრა მხოლოდ 1000 ლარზე, - რასაც თვითონ აღიარებს;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - ჯამში 2 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში, სადავოდ არ გაუხდია სარჩელში აღნიშნული ხელშეკრულებების დადება იმ პირობებით, რასაც მოსარჩელე მიუთითებს, არ უარყო ხელშეკრულების პირობები (ძირი თანხა, პროცენტი), სადავოდ ხდის მხოლოდ მოთხოვნილი თანხის ოდენობას და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს;
მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხოლოდ ათი თვის განმავლობაში არ ასრულებდა ვალდებულებას, რისი დადასტურებაც, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მას ევალება;
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----------შვილმა და მ---------------შვილმა, 2016 წლის 13 დეკემბრიდან, არ გადაუხადეს მოსარჩელეს 1000 ლარი და სარგებელი - თვეში 10%;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
სადავო არ არის, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრის თანხა, რამაც მოსარჩელეს მიაყენა ზიანი და მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ის;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი ვალდებულების წარმოშობიდან - 2016 წლის 13 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: მოსარჩელე აღნიშნავს, ზიანის ოდენობად 800 ლარი მიუთითა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დავის გადაწყვეტას, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, დაახლოებით 8 თვე დაჭირდება და ამ ხნის განმავლობაში, მოპასუხეებს რომ ჯეროვნად შეესრულებინათ ვალდებულება, მიიღებდა შემოსავალს ძირი თანხის, 1000 ლარის 10%-ს თვეში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული;
სესხის ძირი თანხის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანი უნდა აუნაზღაუროს ძირი თანხის წლიური 7,5 %-ის ოდენობით - ყოველთვიურად 6 ლარი და 25 თეთრი - სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ზიანის სახით 800 ლარის დაკისრებას მოპასუხეთათვის;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 2000 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ი-----–------------იას უნდა დაუბრუნდეს შეტანილი ბაჟის ნახევარი 30 ლარი. მის სასარგებლოდ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი - სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის 225 ლარის (75*3=225) 3% - 6 ლარი და 75 თეთრი.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები
გამოყენებული არ ყოფილა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. ი-----------შვილს და მ---------------შვილს ი-----–------------იას სასარგებლოდ დაეკისროთ 3 200 ლარის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც 1000 ლარის სესხის ძირი თანხაა, 2200 ლარი - პროცენტი;
1.2. ი-----------შვილს და მ---------------შვილს ი-----–------------იას სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2018 წლის 18 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 6 ლარის და 25 თეთრის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
მ---------------შვილის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 1000 ლარით;
2.1. ი-----–------------ის დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 30 ლარი;
2.2. ი-----------შვილს და მ---------------შვილს ი-----–------------იას სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ 6 ლარი და 75 თეთრი - სახელმწიფო ბაჟის თანხა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი