გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6917-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - რ-------------------ეი(R-----------------T, დაბ. 19.10.1---წ. )
წარმომადგენელი თ-------------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - თე--------------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის №1--------- გადაწყვეტილება რ-------------------ეისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2 დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ-------------------ეის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომრ-------------------ე (R-----------------I, დაბ. 19.10.1---წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ეროვნული პასპორტი (ს.ფ.63);
- 07.0-.2---–-----–------- ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 53-56).
3.1.2. 2018 წლის 07 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ-------------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 07.0-.2---–-----–------- ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 53-56).
3.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1-------------------------- გადაწყვეტილებით ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის 2018 წლის 0-------------ამდე წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1-------------ს N1---------/7 წერილი (ს.ფ. 82-83);
3.1.4. საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2-------------ს მოსარჩელე რ-------------------ეიმ წარადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული ნასამართლეობის ცნობა. მოცემული ცნობის ქართულენოვან თარგმანში მითითებულია, რომ რ--------------–--------ის ძე (ირანული პირადი N----------, დაბადებული 19.10.1---წ. ქ. ისპაჰანში) არ ყოფილა ნასამართლევი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 21 სექტემბრის რ-------------------ეიმ წარადგინა განცხადება, ნასამართლეობის ცნობა (ს.ფ. 62-72)
3.1.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 03 ოქტომბრის N--------- წერილის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ნასამართლეობის შესახებ ცნობის ქართულენოვან თარგმანში არასრულადაა მითითებული განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაც, თავის მხრივ, არ ემთხვევა აღნიშნული ცნობის ინგლისურენოვან თარგმანს. აქედან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას საქმისწარმოებისას ეხელმძღვანელა წარდგენილი დოკუმენტებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის N--------- წერილი (ს.ფ.81)
3.1.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის №1---------გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 7------------ს N1--------- განცხადება და რ-------------------ეს უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ირანის რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 84-85).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ-------------------ეს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც რ-------------------ეiს უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და ითხოვს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად კი, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად. ამასთან, მითითებული ნორმის მე–5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
6.3. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1-------------------------- გადაწყვეტილებით ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის 2018 წლის 0-------------ამდე წარდგენა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის №1---------გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 7------------ს N1--------- განცხადება და რ-------------------ეის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ირანის რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 2-------------ს მოსარჩელე რ-------------------ეიმ წარადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული ნასამართლეობის ცნობა. მოცემული ცნობის ქართულენოვან თარგმანში მითითებულია, რომ რ--------------–--------ის ძე (ირანული პირადი N----------, დაბადებული 19.10.1---წ. ქ. ისპაჰანში) არ ყოფილა ნასამართლევი. თუმცა მასში წარმოდგენილია ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, მოსარჩელის გვარი ქართულენოვან თარგმანში არ არის მითითებული.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დღეს, რ-------------------ეს აცნობა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ნასამართლეობის შესახებ ცნობის ქართულენოვან თარგმანში არასრულადაა მითითებული განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაც, თავის მხრივ, არ ემთხვევა აღნიშნული ცნობის ინგლისურენოვან თარგმანს, რის გამოც იგი საქმისწარმოებისას ვერ იხელმძღვანელებდა წარდგენილი დოკუმენტებით.
სასამართლო თვლის, რომ განმცხადებელს არ მიეცა შესაძლებლობა აღმოეფხვრა ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის ზემოაღნიშნული საფუძველი, რამდენადაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მართალია არსებობდა ტექნიკური შეუსაბამობა, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე არ იყო ნასამართლეობის მქონე პირი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებდა აღნიშნული გარემოება შეესწავლა და სათანადოდ გამოეკვლია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მოცემული საკითხის შეფასებას მიუდგა ფორმალურად, რის გამოც მას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს უნდა მისცეს კონკრეტული ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელახლა უნდა იქნეს მოძიებული ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია და ისე იქნეს მიღებული განცხადებაში დასმულ საკითხზე გადაწყვეტილება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქმის მასალების ანალიზით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის №1--------- გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ-------------------ეისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს რ-------------------ეის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რ-------------------ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის №1--------- გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ-------------------ეისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით;
3. მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის - რ-------------------ეის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი