გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210018002321158
N 2/214-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა
მოსარჩელე შპს ,,ს---–--“
წარმომადგენელი მ------ ა---–---–ი
მოპასუხე ი---- ჭ----------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი---- ჭ----------ს შპს ,,ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4204.75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3000 ლარს, პროცენტი 204.75 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო 900 ლარს.
1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
შპს ,,ს---–--სა“ და ი---- ჭ----------ს შორის 2017 წლის 13 ივლისს ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი---- ჭ----------ზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 369 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 71.2 %, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) 359.61 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 17 აგვისტოს გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი არ იქნა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აღნიშნულის გამო 2018 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 5344.95 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3000 ლარი, პროცენტი - წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა 204.75 ლარი, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.41% 2017 წლის 17 აგვისტოდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე 2140.20 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი---- ჭ----------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 3000 ლარის ნაწილში და პროცენტის 204.75 ლარის ნაწილში, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლოს 900 ლარის ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელის მიერ ი---- ჭ----------ზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 369 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 71.2 %, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) 359.61 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შემცირებული პირგასამტეხლო შეადგენს 900 ლარს, რაც შეუსაბამოდ მაღალია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს ,,ს---–--ს“ სარჩელი ი---- ჭ----------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე ი---- ჭ----------ს, შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3294 ლარის (საიდანაც, ძირი თანხაა - 3000 ლარი, პროცენტი - 204.75 ლარი, პირგასამტეხლო 90 ლარი) გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელის მიერ ი---- ჭ----------ზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ძირი თანხის 3000 ლარის ნაწილში და პროცენტის 204.75 ლარის ნაწილში, შპს ,,ს---–--ს“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ უარყოფენ, რომ მხარეთა შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, სესხის ვადა 369 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 71.2 %.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ი---- ჭ---------- მოსარჩელის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე პროცენტის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
რაც შეეხება დარიცხულ პირგასამტეხლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ 3.2.1. ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, იგი უნდა შემცირდეს. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს 900 ლარის დაკისრება, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 90 ლარამდე. შესაბამისად, მოპასუხე ი---- ჭ----------ს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 90 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოპასუხე ი---- ჭ----------ს შპს ,,ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2.77 ლარის გადახდა.
შპს ,,ს---–--ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 126.14 ლარიდან 98.48 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 14.02.2018 წელი, საგადასახადო დავალება N16), ხოლო 27.66 ლარი დარჩეს სახ.ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ს---–--ს“ სარჩელი ი---- ჭ----------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ი---- ჭ----------ს, შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 3294 ლარის (საიდანაც, ძირი თანხაა - 3000 ლარი, პროცენტი - 204.75 ლარი, პირგასამტეხლო 90 ლარი) გადახდა.
3. მოპასუხე ი---- ჭ----------ს შპს ,,ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2.77 ლარის გადახდა.
4. შპს ,,ს---–--ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 126.14 ლარიდან 98.48 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 14.02.2018 წელი, საგადასახადო დავალება N16), ხოლო 27.66 ლარი დარჩეს სახ.ბაჟის სახით გადახდილად.
5. მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე