გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2019
საქმის ნომერი
330310018002583701
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5044-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-----–------------ე, ლ--------------–ი

მოსარჩელე ლ--------------–ის წარმომადგენელი - პა--–--------ე

 

მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - ლ------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანება, რომლითაც ნ-----–------------ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანება, რომლითაც ლ--------------–ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის MO- 7------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ--------------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის MO- 3------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-----–------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

1.5. დაევალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა, ნ-----–------------ისა და ლ--------------–ის ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მან მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, პატიმრობის კოდექსის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ”მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის” სრული დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ლ--------------–ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 3- სხდომის ოქმის ამონაწერი - ს/ფ 105-106.

 

3.1.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა 2018 წლის 30 მ---ს სხდომაზე განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ ლ--------------–ის შესახებ.

 

მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებად მითითებულია: მსჯავრდებულის პირადი ნომერი - 0----------; სახელი, გვარი, მამის სახელი - ლ----------–-------------------–ი; დაბადების თარიღი: 2---------წ. დაბადების ადგილი - ქ. თბილისი; მსჯავრდებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სასჯელის დასაწყისი - 1---------წ. სასჯელის დასასრული - 1---------წ. დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა - 01 წელი, 01 თვე და 10 დღე.

 

რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ლ--------------–ი არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში. მსჯავრდებულ ლ--------------–ის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ლ--------------–ს საშიშროების რისკის სახედ განისაზღვრა მომეტებული. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით რისკის გუნდმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მსჯავრდებულ ლ--------------–ის, მისი რისკის შესაბამის დაწესებულებაში განთავსებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 3- სხდომის ოქმის ამონაწერი - ს/ფ 105-106.

 

3.1.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანებით, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ლ--------------–ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანება - ს/ფ 107

 

3.1.4. ლ--------------–მა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 05 ივლისის საჩივარი - ს/ფ 108-109.

 

3.1.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის MO- 7------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ლ--------------–ს უარი ეთქვა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანების ბათილად ცნობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 03 ნოემბრის MO- 7------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს/ფ 110-112.

 

3.1.6. მოსარჩელე ნ-----–------------ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, 25-ე, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 3- სხდომის ოქმის ამონაწერი - ს/ფ 113-114.

 

3.1.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა 2018 წლის 3- მ---ს სხდომაზე განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ ნ-----–------------ის შესახებ.

 

მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებად მითითებულია: მსჯავრდებულის პირადი ნომერი - 0----------; სახელი, გვარი, მამის სახელი - ნ-----–-------------------------ე; დაბადების თარიღი: 1---------წ. დაბადების ადგილი - ქ. თბილისი; მსჯავრდებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, 25-ე, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სასჯელის დასაწყისი - 1---------წ. სასჯელის დასასრული - 1---------წ. დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა - 01 წელი, 01 თვე და 10 დღე.

 

რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ნ-----–------------ე არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; არღვევს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული იყო ერთხელ, კერძოდ: საკანში ხმაურის და დაწესებულების თანამშრომელთა არაერთი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. წახალისებული არ ყოფილა. არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების, ან სასწავლო პროგრამაში.

 

მსჯავრდებულ ნ-----–------------ის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ნ-----–------------ის საშიშროების რისკის სახედ განისაზღვრა მომეტებული. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით რისკის გუნდმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მსჯავრდებულ ნ-----–------------ის, მისი რისკის შესაბამის დაწესებულებაში განთავსებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 3- სხდომის ოქმის ამონაწერი - ს/ფ 113-114.

 

3.1.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანებით, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ნ-----–------------ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანება - ს/ფ 115

 

3.1.9. ნ-----–------------ემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 05 ივლისის საჩივარი - ს/ფ 116-117.

 

3.1.10. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის MO- 3------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ-----–------------ეს უარი ეთქვა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- ბრძანების ბათილად ცნობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 03 ნოემბრის MO- 3------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს/ფ 118-120.

 

3.1.11. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ ლ--------------–ისა და ნ-----–------------ის საშიშროების რისკის განსაზღვრისას შეფასდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან გამოთხოვილი ლ--------------–ისა და ნ-----–------------ის მიმართ არსებული ოპერატიული ინფორმაცია. საიდუმლოების შემცველი ინფორმაციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებაში მისი შინაარსი არ აისახება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან გამოთხოვილი ლ--------------–ისა და ნ-----–------------ის მიმართ არსებული ოპერატიული ინფორმაცია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 09 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ”მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- და N8--- ბრძანებები, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის MO- 7------------ და MO- 3------------ აქტები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

 

კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).

 

კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.

 

კოდექსის 12-ე მუხლი განმარტავს, რომ დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

 

კოდექსის 64-ე მუხლი ადგენს, რომ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

 

პატიმრობის კოდექსის მე-46 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად; პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცდა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი’’, რომელიც განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში – გუნდი), აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.

 

წესის მე-2 თავში გაწერილია მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურა. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშავოს არაუმეტეს შვიდასი მსჯავრდებულის მონაცემები. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ფუნქციონირებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი, ჯგუფი არ იქმნება და მის ფუნქციას ასრულებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი.

 

წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულია გუნდის უფლებამოსილება, კერძოდ, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები. გუნდი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან. გუნდის შემადგენლობაში შედიან: დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს წარმომადგენელი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს წარმომადგენელი, სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს წარმომადგენელი და ფსიქოლოგი. გუნდი უფლებამოსილია საკითხის განხილვისას სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ექიმი, სპეციალური ცოდნის მქონე სხვა პირი ან პირი, რომელსაც შეუძლია გუნდს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე.

 

ამავე წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გუნდის სხდომა, როგორც წესი, დახურულია და იმართება პერიოდულად, არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ. მე-3 პუნქტის შესაბამისად, სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც ფიქსირდება თითოეული წევრის ხმა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა წევრი. მე-4 პუნქტის თანახმად, გუნდი ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის რისკის ერთ-ერთი სახისადმი მიკუთვნების შესახებ. გუნდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება ყველა წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გუნდის უფროსის ხმა. მე-6 პუნქტის შესაბამისად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს ამ ბრძანების დანართი №2-ის (მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა) და დანართი №3-ის (უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია) შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების გზით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საშიშროების მომეტებული რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მომეტებული. მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

მითითებული წესის მე-4 მუხლში მოცემულია მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: მისი პიროვნული თვისებები; დანაშაულის ჩადენის მოტივი; დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების შესრულება; ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; ჩადენილი დანაშაულის კატეგორია; დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; მსჯავრდებულის ასაკი; ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენება.

 

ამდენად, დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების მიზნით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენისათვის, კანონმდებელი რისკების შეფასების გუნდს კონკრეტულად უდგენს მსჯავრდებულის რისკის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის’’ მე-3 მუხლის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

 

ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით დეპარტამენტის დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, უშუალოდ რომელ მათგანში მოხდება მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, მსჯავრდებული, შეძლებისდაგვარად, გადაყვანილი უნდა იქნეს მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე შესაბამისი რისკის დაწესებულებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საშიშროების რისკის დადგენის შესახებ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ სადავო საკითხის, ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ დადგენა/შეფასებას. ამგვარი უფლებამოსილება მოპასუხეს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულების ლ--------------–ისა და ნ-----–------------ის შესახებ. გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასა ზემოთ მითითებული მუხლით დადგენილი მსჯავრდებულების საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ლ--------------–ის მხრიდან დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევაზე იგი არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ლ--------------–ს საშიშროების რისკის სახედ განისაზღვრა მომეტებული.

 

ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მსჯავრდებულ ნ-----–------------ის მხრიდან დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევაზე, დაწესებულების დებულების მოთხოვნების შესრულებაზე, არღვევს პენიტენციური დაწესებულების დებულების მოთხოვნებს. არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში. მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ერთხელ საკანში ხმაურის და დაწესებულების თანამშრომელთა არაერთი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ნ-----–------------ეს საშიშროების რისკის სახედ განისაზღვრა მომეტებული.

 

მსჯავრდებულის საშიშორების რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 3- მ---ის სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- და N8--- ბრძნებებით მსჯავრდებულებს ლ--------------–სა და ნ-----–------------ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრათ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და მის საფუძველზე, განთავსდნენ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით კი განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით’’ დადგენილი რისკის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი გარემოებები შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ აქვს, ხოლო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო აქტების მიზანშეწონილობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხემ სრულად გაითვალისწინა გარემოებები, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს კანონიერად მიაჩნია, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3------ის №8--- და N8--- ბრძანებები, რომლებითაც ნ-----–------------ესა და ლ--------------–ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრათ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, თვლის, რომ ასევე კანონიერია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის MO- 7------------ და MO- 3------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ლ--------------–ისა და ნ-----–------------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------------–ისა ნ-----–------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ”თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე, თითოეული მოსარჩელისათვის – 100 ლარს, რაც მოსარჩელეთა მიერ არ არის გადახდილი სარჩელის აღძვრისას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.

 

ამდენად, სარჩელზე უარის თქმის პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ლ--------------–სა და ნ-----–------------ეს თითოეულს უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–------------ის და ლ--------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ-----–------------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. ლ--------------–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი