გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7116-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - პ-----------ა
წარმომადგენელი - გ-----------ა
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ოქტომბრის MES 8------------ გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პ-----------ას მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტ „პ---------–------------------------–----------------ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 01 აგვისტოს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის - „პ---------–------------------------–----------------ის“ მიერ გაცემული B №2----- ბაკალავრის დიპლომის თანახმად, პ-----------ამ 2018 წელს დაამთავრა კერძო სააქციო საზოგადოება „უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის პ---------–------------------------–----------------ა“ და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი სამართალში, საერთაშორისო სავაჭრო სამართლის სპეციალობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დიპლომი B №2----- - ს/ფ 21-23
3.1.2. 2018 წლის 03 ოქტომბერს პ-----------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა კერძო სააქციო საზოგადოება „უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის პ---------–------------------------–----------------ში“ მიღებული განათლების აღიარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება თანდართული მასალით - ს/ფ 86-88
3.1.3. 2018 წლის 08 ოქტომბერს MES 1------------ წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის პ-----------ასაგან მოითხოვა, 10 დღის ვადაში, ცენტრში წარედგინა ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იღებდა განათლებას და სწავლის პერიოდში იმ ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 08 ოქტომბერს MES 1------------ წერილი - ს/ფ 95.
3.1.4. 2018 წლის 25 ოქტომბერს პ-----------ამ 2018 წლის 04 ოქტომბრის წერილის პასუხად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა განცხადებით და აცნობა, რომ კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტის „პ---------–------------------------–----------------ში“ სწავლება მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში. ამდენად, სწავლის პერიოდში მას უ-------ში არ უცხოვრია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ვერ წარადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 ოქტომბრის განცხადება - ს/ფ 97
3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ოქტომბრის MES 8------------ გადაწყვეტილებით ცენტრმა, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დატოვა პ-----------ას განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ოქტომბრის MES 8------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 99-100
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პ-----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ოქტომბრის MES 8------------ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
6.3. სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამიასდ კი, დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 01 აგვისტოს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის - „პ---------–------------------------–----------------ის“ მიერ გაცემული B №2----- ბაკალავრის დიპლომის თანახმად, პ-----------ამ 2018 წელს დაამთავრა კერძო სააქციო საზოგადოება „უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის პ---------–------------------------–----------------ა“ და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი სამართალში, საერთაშორისო სავაჭრო სამართლის სპეციალობით.
საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს პ-----------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა კერძო სააქციო საზოგადოება „უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის პ---------–------------------------–----------------ში“ მიღებული განათლების აღიარება.
მოცემული დავის ფარგლებში დადგენილია, 2018 წლის 08 ოქტომბერს MES 1------------ წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის პ-----------ასაგან მოითხოვა, 10 დღის ვადაში, ცენტრში წარედგინა ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იღებდა განათლებას და სწავლის პერიოდში იმ ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს პ-----------ამ 2018 წლის 04 ოქტომბრის წერილის პასუხად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა განცხადებით და აცნობა, რომ კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტის „პ---------–------------------------–----------------ში“ სწავლება მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში. ამდენად, სწავლის პერიოდში მას უ-------ში არ უცხოვრია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ვერ წარადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარემ მოპასუხე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწოდა მის ხელთ არსებული, სრლი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, აღნიშნულზე დაყრდნობით, ცენტრი ვალდებული იყო ემსჯელა მოსარჩელის 2018 წლის 04 ოქტომბრის განცხადებაზე არსებითად, ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღნიშნულინდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ოქტომბრის MES 8------------ გადაწყვეტილებით განცხადების, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დატოვება არ გამომდინარეობას სადავო საკითხის სწორი სამართლებრივი შეფასებიდან. მოსარჩელე მხარემ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინა ინფორმაცია, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა პ-----------ას განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოება განეხორციელებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სრული დაცვით, კერძოდ საკითხის სრულყოფილი გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება პ-----------ას მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტ „პ---------–------------------------–----------------ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პ-----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 26 ოქტომბრის MES 8------------ გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განიხილოს პ-----------ას 2018 წლის 04 ოქტომბრის განცხადება არსებითად და მიიღოს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
7.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების საფასურის შესახებ 2018 წლის 10 ნოემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე პ-----------ას განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით, საადვოკატო მომსახურების საფასურად, ადვოკატისათვის გადახდილი აქვს თანხა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (ს/ფ 17).
წარმოდგენილი მტკიცებულებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მის სასარგებლოდ, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატისათვის გადახდილი 500 (ხუთასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრულობის ფარგლებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ ნაწილში 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პ-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ოქტომბრის MES 8------------ გადაწყვეტილება პ-----------ას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განიხილოს პ-----------ას 2018 წლის 04 ოქტომბრის განცხადება არსებითად და მიიღოს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელე პ-----------ას სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასურიდან - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი