განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------–--------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #1----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თბილისი, ნ-----–--------------–-------------–------------------.
ადვოკატი - ლ-–------–------ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 2 იანვარს, საღამოს საათებში, თბილისში, მ-------------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელ სახლში, გ--------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ---------–-----ს, კერძოდ, სახეში გაარტყა ხელი, რამაც ხ---------–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. გარდა ამისა, მათი თანაცხოვრების 12 წლის განმავლობაში გ--------------ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს, რაც იწვევდა ხ---------–-----ის ტანჯვას.
ასევე 2019 წლის 2 იანვარს, საღამოს საათებში, თბილისში, მ-------------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელ სახლში, გ--------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი მეუღლის ხ---------–-----ის მამას - რ-------------–-----ს, კერძოდ: უკბინა ცერა თითზე, რამაც რ-------------–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა გ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ--------------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შეტყობინებას და პატაკს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, მოწმეთა გ-----------–---–ის, ხ---------–-----ის, რ-------------–-----ის, თ----–-------–--ის გამოკითხვის ოქმებს, ალკოტესტით შემოწმების შედეგს, სასამართლო ექსპერტიზების დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ--------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 2 იანვარს, საღამოს საათებში, თბილისში, მ-------------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელ სახლში, გ--------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ---------–-----ს, კერძოდ, სახეში გაარტყა ხელი, რამაც ხ---------–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. გარდა ამისა, მათი თანაცხოვრების 12 წლის განმავლობაში გ--------------ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს, რაც იწვევდა ხ---------–-----ის ტანჯვას, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
ასევე 2019 წლის 2 იანვარს, საღამოს საათებში, თბილისში, მ-------------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელ სახლში, გ--------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი მეუღლის ხ---------–-----ის მამას - რ-------------–-----ს, კერძოდ: უკბინა ცერა თითზე, რამაც რ-------------–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე გ--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც გ--------------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
ბრალდებულ გ--------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ გ--------------ის სინანული წარდგენილი ბრალდებების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე (დაზარალებულებზე) თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - რ-------------–-----ის და ხ---------–-----ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ გ--------------ის მიმართ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და ითხოვენ მის გათავისუფლებას). სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ ბრალდებული აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, მომხდარი ფაქტი იყო პირველი შემთხვევა.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, გ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, შეურიგდა დაზარალებულებს, დაზარალებულებს მის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავთ სამი მცირეწლოვანი შვილი, ასევე სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს და შესაბამისად ამ პირობებში ბრალდებულ გ--------------ის მიმართ ნიშნავს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებისთვის გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ხ---------–-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
გ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რ-------------–-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 იანვრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე