განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002587576
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/221-18 25 თებერვალი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031090818001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა, ცაცა ებრალიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: იამზე ჯღარკავა
ბრალდებული: ა---- მ---------ი
მამის სახელი: ისპანდიარ
დაბადებული: 1----–-–--------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-----------–-----–------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 09 აგვისტოს, დაახლოებით 13:30 საათზე, ა---- მ---------ი ფეხით გადაადგილდებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღანლოში საავტომობილო გზასთან, რა დროსაც ეს უკანასკნელი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში შავი ფერის ქსოვილში და პოლიეთილენის პარკში დაფასოებულ მდგომარეობაში უკანონოდ ინახავდა მის მიერ დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენილ 12,3515 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც ა---- მ---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
უდავოდ ცნობილი 2018 წლის 9 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენლია, რომ ა---- მ---------ს მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი ნაცრისფერი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ნაჭერში მოთავსებული, პოლიეთილენის ცისფერ პარკში ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება- მუქი ფერის.
ასევე, უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის N1929/სქ-2244/ქრ დასკვნის თანახმად ა---- მ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილი კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით მშრალ მდგომარეობაში -19,38 გრამი (ნოტიოს წონა 31,86 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ჰეროინს 12,3515 გრამის ოდენობით.
- შავი ფერის ქსოვილის ცარიელი ნაჭრის ზედაპირზე არ აღენიშნება ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კვალი.
მოწმე დავით ბუცხრიკიძის გამოკითვხის ოქმით დასტურდება, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ა---- მ---------ს თანამშრომლებთან ერთად ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ნაცრისფერი ნაჭრის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცისფერ პარკში ერთ ფუთად შეფუთული მუქი ყავისფერი ნივთიერება, რომელიც მოთავსებული იყო შავი ფერის ნაჭერში.
2.2. ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ქიმიური ექსპერტიზის N1929/სქ-2244/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, წონით მშრალ მდგომარეობაში -19,38 გრამი (ნოტიოს წონა 31,86 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 12,3515 გრამის ოდენობით. აღნიშნული ოდენობა წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
საქმის არსებითი განხილვისას ა---- მ---------მა თავსი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა---- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა---- მ---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების გიორგი რაზმაძის, გიორგი სიმონიშვილის და დავით ბუცხრიკიძის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 9 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის N1929/სქ-2244/ქრ დასკვნას, ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას.
სასამართლომ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა---- მ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა---- მ---------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა---- მ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. ა---- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ა---- მ---------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 10(ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ა---- მ---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება.
- საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და შავი ფერის ქსოვილი უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა---- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10(ათი) წლის ვადით.
ა---- მ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 აგვისტოდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ა---- მ---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ა---- მ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და შავი ფერის ქსოვილი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე