გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002764452
2-1289-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 მარტი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელეები - მა-----–--------------–-------------------------ლი
წარმომადგენელი - მ---------–-შვილი
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩი----------------------------------------------------------------------------------ი''
წარმომადგენლები - ო-–---------–-------------------ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მ------–-----------------------------–-ბის სასარგებლოდ 7638 ლარის და 35 თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეთა საკუთრებაშია უძრავი ნივთი - საცხოვრებელი სახლი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. მისი შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება; მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 7638.35 ლარი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, მათი სახლის რემონტისათვის საჭირო თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელეთა სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია. წარმოადგინა აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეთა საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავ ნივთზე -1010 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.14-15);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.19-40), რომლის თანახმად, მოსარჩელეთა სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის, დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. ამავე დროს, გარე კედლებზე ბათქაშის ჩამოშლა ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით და ტექნიკური მოუვლელობითაა გამოწვეული, ხოლო შიგა კედლებზე და ჭერზე ბათქაშის ჩამოშლა ნაწილობრივ დინამიური დატვირთვებით და ნაწილობრივ ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისა და ტექნიკური მოუვლელობის შედეგია.
მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით (ს.ფ.41-60), მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე შესასრულებელი სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ღირებულებაა 7 638 ლარი და 35 თეთრი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ვინაიდან, მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის ზიანი მიყენებაში არის ნაწილობრივი, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარემ არ უნდა აანაზღაუროს, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს გადახდეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 4 000 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზებით; ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 7 638 ლარი და 35 თეთრი, ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ნაწილობრივ, - ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით და ტექნიკური მოუვლელობით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სარჩელში აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I-II (მსუბუქი-საშუალო დაზიანება) ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება. შენობის კედლებზე არსებული ბზარები ძირითადად გამოწვეულია სოფელ ქვიშხეთში საქართველოს რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმჯოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამეთუ სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც შენობაზე ბზარების წარმოქმნას გამოიწვევდა, არ არსებობს; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის", რომლის თანახმად, მოსარჩელეთა სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აგვისტოს დასკვნა შედგენილია უძრავი ნივთის ვიზუალური შესწავლის შედეგად, მიუთითებს სახლის დაზიანების მიზეზებზე და გამორიცხავს დაზიანების მაპროვიცირებელ სხვა მიზეზს; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზების და ექსპლუატაციისათვის სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამდენად, დადგენილია რა, რომ სახლი დაზიანებულია, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, მოპასუხეს ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისათვის. ამასთან, რადგან სახლის დაზიანების სხვა მიზეზებიც არსებობს - ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება და ტექნიკური მოუვლელობა, სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4 000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა;
7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 229 ლარი (ს.ფ.66), წარმომადგენლის დახმარებისათვის - 650 ლარი (ს.ფ.65); ექსპერტიზის ხარჯი - 713 ლარი და 90 თეთრი: - 500 ლარი - შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენისათვის და 213 ლარი და 90 თეთრი - სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დადგენისათვის (ს.ფ.61-64); ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მხარე მოითხოვდა მოპასუხისათვის 7638.35 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 ლარის გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად: სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 120 (ას ოცი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 (სამასი) ლარი, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი - 370 (სამას სამოცდაათი) ლარი; სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გადაწყვიტა: 1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მ------–--------------–---------------------------–-ს სასარგებლოდ გადახდეს 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; 2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მ------–-----------------------------–-ბის სასარგებლოდ გადახდეს მათ მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 120 (ას ოცი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 (სამასი) ლარი, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი - 370 (სამას სამოცდაათი) ლარი; 3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით; 4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ზაზა რამიშვილი