გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002501473
2-654-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 მარტი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება "ლ--------------"
წარმომადგენელი ნ--------–-შვილი
მოპასუხეები: ბე–----------------–----------------–---–------------–--------შვილი
დავის საგანი თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ: ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N0002/2015/26977 და თავდებობის: N0002/2015/26977-1, N0002/2015/26977-2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა - 14 121.44 ლარი, საიდანაც 5 603,55 ლარი ძირი თანხაა, 5 716,89 ლარი - პროცენტი და ჯარიმა - 2 801 ლარი, სოლიდარული თავდებების: ხ--------–-------აშვილის და ვ--–----------------შვილის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 6 695 ლარით, გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად - როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2015 წლის 08 მაისს სს "ლ-------------სა" და ბ-–---------ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 6 500 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 2018 წლის 10 მაისამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 44%-ით, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
იმავე დღეს, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს "ლ-------------ს", ვ--–----------------შვილისა და ხ--------–-------აშვილის შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც აღნიშნულმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს, თითოეულის მიმართ 6 695 ლარს;
მოპასუხეები, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ,,ლ--------------ს“ წინაშე ვალდებულებას არ ასრულებენ, 2016 წლის 10 მარტიდან არ იხდიან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით თანხას და 2018 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, მათი ვალი კრედიტორის წინაშე არის სარჩელით მოთხოვნილი თანხა;
2. მოპასუხის პოზიცია
ბ-–---------ძემ და ხ--------–-------აშვილმა შესაგებელი არ წარმოადგინეს.
ვ--–----------------შვილმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნავს, თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, შეცდომაში შეიყვანა ბანკის თანამშრომელმა - თითქოს ხელშეკრულება მის პასუხისმგებლობას არ გამოიწვევდა, გარდა ამისა, მოთხოვნილი პროცენტი კანონთან შეუსაბამოა, პირგასამტეხლო - შეუსაბამოდ მაღალი;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 08 მაისს სს "ლ-------------სა" და ბ-–---------ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2015/26977 კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 6 500 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 2018 წლის 10 მაისამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 44%-ით, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
იმავე დღეს, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს "ლ-------------ს", ვ--–----------------შვილსა და ხ--------–-------აშვილს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები N0002/2015/26977-1, N0002/2015/26977-2, რომელთა საფუძველზე მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ბ-–---------ძის ნაკისრი ვალდებულის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 6 695 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის და თავდებობობის ხელშეკრულებები (ს.ფ.17-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ,,ლ--------------ს“ წინაშე ვალდებულებას არ ასრულებენ. 2016 წლის 10 მარტიდან თანხა არ გადაუხდიათ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკი, ამონაწერი ბ-–---------ძის მიმდინარე ანგარიშიდან (ს.ფ.22-23, 30-31);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ვ--–----------------შვილის მითითებით, თავდებობის ხელშეკრულების დადებისას მოატყუეს, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში ბ-–---------ძესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და 2016 წლის მარტიდან, თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ბ-–---------ძისა და სხვა მოპასუხეებისაგან, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე მსესხებელს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მისი ვალდებულების შესასრულებლად;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა. ვ--–----------------შვილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მის მიმართ უარს აცხადებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თავდებობის ხელშეკრულების დადების დროს მოატყუეს, მას აუხსნეს, რომ მხოლოდ ბ-–---------ძის ბიზნესის არსებობას ადასტურებდა ხელმოწერით, რაც მის პასუხისმგებლობას არ გამოიწვევდა. თუმცა, განმარტა, რომ მოტყუების ფაქტს ვერ დაამტკიცებს. დაადასტურა, რომ მას, როგორც თავდებს, ,, რამდენიმე თვე ძალით მიჰყავდა ბ-–---------ძე და თანხას ახდევინებდა" (იხ.2019 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი: 14:20:50-14:21:50), მის მაგივრად თვითონაც გადაიხადა 1300 ლარი - 2016 წლის 25 თებერვალს - როგორც ,,ლ-------------ში" ბ-–---------ძის მიმდინარე ანგარიშშიც არის დაფიქსირებული (ს.ფ.30-31). ამდენად, ვ--–----------------შვილის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა არ დასტურდება, როგორც თვითონაც აღნიშნავს;
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისია. ამ გარემოების სწაინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოდგენილა. აღნიშნულთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი ურთიერთობა წარმოშობილია 2017 წლის 15 იანვრამდე, როდესაც ამოქმედდა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში სესხის საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემზღუდავი ცვლილებები და ეს ნორმა არ ვრცელდება მანამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე;
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
იმავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის Nას-103-99-2016 განჩინებაში აღნიშნულია: პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს“;
პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას, ,,სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს“;
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს გაცემული სესხის ოდენობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას - რომ ვალდებულება არ სრულდება 2016 წლის მარტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლით მინიჭებული უფლებით კრედიტის გამცემს შეეძლო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა, რადგან გათვალისწინებული იყო კრედიტის დაბრუნება ნაწილ- ნაწილ, კრედიტის ამღების მიერ ზედიზედ ორი ვადის გადაცილების შემთხვევაში, კრედიტორმა კი სასამართლოს მომართა 2018 წლის ივნისში, რითიც ხელი შეეწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2 801 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს - განისაზღვროს 1 500 ლარით.
მოსარჩელე ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, როგორც ამ საკითხის განხილვისას აღნიშნა, იმ საფუძვლით, რომ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თავდებობის ხელშეკრულების დადებისას, მოატყუეს;
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და ბ-–---------ძეს შორის დადებული ხელშეკრულების 3.4 პუნქტით, თავდებობის ხელშეკრულებების 5.3. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავაზე პირველი ინსატნციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც მოსარჩელის თხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოპასუხეებს დაეკისრათ 12 820. 44 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 424 ლარის ნაწილი 385 ლარი.
მოცემულგადაწყვეტილება მიღებულია ამ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შემდეგ. მანამდე, როგორც, აღმასრულებლის მიერ განაცხადების მიღების ბარათიდან, საგადახდო დავალებიდან ჩანს, გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსარჩელემ გასწია ხარჯი 291.91 ლარი, რაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ;
8.სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები
გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1. მოპასუხეებს: ბ-–---------ძეს, ვ--–----------------შვილს და ხ--------–-------აშვილს სს "ლ--------------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ 2015 წლის 08 მაისის საბანკო კრედიტის N0002/2015/26977 და თავდებობის: N0002/2015/26977-1, N0002/2015/26977-2 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის - 12 820 ლარის და 44 თეთრის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც 5 603,55 ლარი ძირი თანხაა, 5 716,89 ლარი - პროცენტი და პირგასამტეხლო - 1500 ლარი
სოლიდარული თავდებების: ხ--------–-------აშვილის და ვ--–----------------შვილის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თითოეულის - 6 695 ლარით;
2. მოპასუხეებს: ბ-–---------ძეს, ვ--–----------------შვილს და ხ--------–-------აშვილს სოლიდარულად, სს "ლ--------------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ 385 ლარის გადახდა - მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 291 ლარი და 91 თეთრი - საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი.
3. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი