გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
080210018002527280
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002527280

საქმე №2/2236-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.02.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ლ-------------ე;

წარმომადგენელი- ი-------------ე;

მოპასუხე - გ-----------------ე;

წარმომადგენელი- მ-------------–---ი;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ-----------------ეს მცირეწლოვანი შვილების ი-----–-----------ისა და ა------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300-300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - მათ სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 11 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ-----------------ესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი, 2009 წლის 14 მარტს დაბადებული ი-----–-----------ე და 2012 წლის 10 აპრილს დაბადებული ა------------------ე. ქორწინების შემდეგ მეუღლეებმა ვერ შეძლეს ოჯახის შენარჩუნება და ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე გ-----------------ე არ იღებს მონაწილეობას შვილების რჩენაში. მოსარჩელე არასრულწლოვანი შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების ოჯახში. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე გ-----------------ეს აქვს უძრავი ქონება თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----–-, სადაც განთავსებულია ბენზინგასამართი სადგური, მიწის ნაკვეთი ტყიბულის რაიონის სოფელ მ--------–-, საცხოვრებელი სახლი ქ. ტყიბულში, ტ--------–-----------ში. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, აქვს სავაჭრო მაღაზია ქ. ტყიბულში, არის შპს „შ--------------„-ის 16 % წილის მფლობელი, შესაბამისად მას გააჩნია საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ ყოველთვიურად მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი 300-300 ლარის ოდენობით. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. გ-----------------ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, განმარტა, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს შეეძინა შვილი მ-–------------ე. იგი შეძლებისდაგვარად ზრუნავს შვილებზე, მიჰყავს თავისთან სახლში და ეხმარება მათ მატერიალურად. დღეის მდგომარეობით გ-----------------ეს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, არის დროებით უმუშევარი. შპს „შ-------------“-დან ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაიმე სახის მოგება არ მიუღია, ქ. ტყიბულში ტ--------–-----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად უვარგისია, ტყიბულის რაიონის, სოფელ მ--------–- არსებულ მიწის ნაკვეთიდან გ-----------------ეს შემოსავალს ვერ იღებს, რადგან არ ამუშავებს მიწის ნაკვეთს სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით. რაც შეეხება ქ. ტყიბულში სამეწარმეო ფართს, იგი ნამვილად აქვს გაქირავებული და ქირის სახით ოჯახი იღებს 250 ლარს. მოპასუხის განმარტებით მისი მამის - მ-----------------ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ოჯახს ჰქონდა ეკონომიური კრიზისი და ბანკის მიმართ მისი ვალდებულება შეადგენს 6732 ლარს. თანახმაა შვილებს ალიმენტის სახით გადაუხადოს ყოველთვიურად 80-80 ლარი. (იხ. შესაგებელი, 14.02.2019 წ. სხდომის ოქმი ).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ლ-------------ე 2009 წლის 11 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ-----------------ესთან. ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. ლ-------------ეს და გ-----------------ესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი, 2009 წლის 14 მარტს დაბადებული ი-----–-----------ე და 2012 წლის 10 აპრილს დაბადებული ა------------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა #6----------;

- დაბადების მოწმობა #6----------;

 

3.1.3. ი-----–-----------ე და ა------------------ე არიან ქუთაისის #2-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. დამატებით სწავლობენ ცეკვასა და მუსიკას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. ლ-------------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ე-----------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხე გ-----------------ე წარმოადგენს შპს შ--------------ის 16%-იანი წილის მფლობელს.

 

შპს „შ-------------„-ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2018 წლის იანვრის თვიდან საწარმოს შემოსავალი არ მიუღია, ხოლო 2018 წლის ივნისის თვიდან აღნიშნული საწარმო არ ფუნქციონირებს. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა შპს „შ-------------„-ის დირექტორმა რ-----------------ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „შ--------------ის მიერ გაცემული ცნობა;

- მოწმე რ-----------------ის ჩვენება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2.2. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 14 იანვარს გაცემული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 10 იანვრის მდგომარეობით ფ/პ „გ-----------------ის“ მიერ 2017 – 2018 წლებში მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.01.2019 წ. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, დანართი;

 

3.2.3. გ-----------------ის ფინანსური ვალდებულება სს ,,თ----------–ი„ 2018 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 7700 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს თიბისი ბანკის მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2.4. მოსარჩელე ლ-------------ე ამჟამად არ მუშაობს და არის მშობლების კმაყოფაზე. შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ბინის ქირა შეადგენს 550 ლარს.

 

მოპასუხე გ-----------------ე ცხოვრობს ტყიბულში, ძირითადად ქ. თბილისში, მეუღლესთან და შვილთან ერთად. მოპასუხის განმარტებით ამჟამად არ მუშაობს და იმყოფება მეუღლის კმაყოფაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------------ემ განმარტა, რომ მოპასუხე გ-----------------ის მამასთან მ-----------------ესთან ერთად ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მ-----------------ე გარდაიცვალა. ტყიბულში აქვთ სავაჭრო მაღაზია, რომლის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს გ-----------------ე. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალს გადასცემს მ-----------------ის შვილს გ-----------------ეს და მეუღლეს ე-–--------------ეს ყოველთვიურად დაახლოებით 3000-3500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------–----ემ განმარტა, რომ მოპასუხე გ-----------------ე არის მისი ბიძაშვილი, გ-----------------ის მამა ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, მის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ საქმიანობას აგრძელებს გ-----------------ე და აქვს შემოსავალი. მისი ინფორმაციით მოპასუხე გ-----------------ე ეკონომიურად ეხმარება შვილებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.

 

საქმის შინაარსიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ დავაში უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შეფასება იურიდიული მართებულობის გადასაწყვეტად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო-სამართლებრივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე. სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს (კვალიფიკაცია), იგი არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული მხარეთა მითითებებზე. სწორედ ამიტომ, მოთხოვნის არსიდან გამომდინარე სასამართლო განსაზღვრავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებები დგინდება მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციების ფარგლებში და რა არის სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 200-200 ლარის ოდენობით 2018 წლის 04 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება;

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სს კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

სსკ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ-------------ე და მოპასუხე გ-----------------ე 2009 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ან------- და ი-----–-----------ე. ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ლ-------------ესთან მოსარჩელის მიერ დაქირავებულ ბინაში. მოსარჩელე ლ-------------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე გ-----------------ე ახორიელებს მამის მ-----------------ის სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლს, თუმცა ამ ეტაპზე სამკვიდრო ქონება არ აქვს მიღებული. მოწმე მ-----------------ის ჩვენების მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე მიღებული მოგების წილს, რომელიც უნდა მიეღო მამას მუ-----------------ს უხდის შვილს გ-----------------ეს და მეუღლეს ყოველთვიურად 3000-3500 ლარის ოდენობით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

 

გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 80-80 ლარი;

 

სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვებს სჭირდებათ ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილები, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.

 

დადგენილია, რომ ლ-------------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით ქ. ქუთაისში, ე------------------ში. იგი ამჟამად არ მუშაობს და მატერიალურად დამოკიდებულია ოჯახის წევრებზე. მხარეთა შემოსავლის ოდენობის მხედველობაში მიღების შედეგად სასამართლო გაუმართლებლად მიიჩნევს მოპასუხისათვის 600 ლარის დაკისრებას. სასამართლო დასახელებული გარემოების გათვალისწინებთ მიიჩნევს, რომ შვილების საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვოს 200-200 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ალიმენტის მითითებული ოდენობა გონივრულია.

 

6.4. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.

 

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლო ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ი-----–-----------ისა და ა------------------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვები არიან არასრულწლოვანები, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს.

 

6.7. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი.

 

მოპასუხე გ-----------------ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80-80 ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას თითოეულ შვილზე 300-300 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში - 200-200 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 04 ივლისიდან, შვილების - ი-----–-----------ის და ა------------------ის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

7.2. საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

7.3. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი);

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილების სასარგებლოდ 80-80 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გ-----------------ეს (პ/ნ 6----------) - არასრულწლოვანი შვილების - 2009 წლის 14 მარტს დაბადებული ი-----–-----------ის და 2012 წლის 10 აპრილს დაბადებული ა------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, სულ 400 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 04 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

3. გ-----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე