გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/30667-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს “ჯ---------“
წარმომადგენელი გო----------------
მოპასუხე შპს „ნ------–-----–----“
წარმომადგენელი და-------------
დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----------“ მოსარჩელე შპს „ჯ---------ს“ სასარგებლოდ 14 300 ლარის გადახდის დაკისრება.
2018 წლის 17 ივლისს შპს „ჯ----------“ შპს „ნ-----–-----–-----“ მიაწოდა 1950 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, 2018 წლის 31 ივლისს 5096 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, 2018 წლის 01 აგვისტოს 156 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, 2018 წლის 02 აგვისტოს 3198 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, ხოლო 2017 წლის 07 აგვისტოს 3900 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა.
მიუხედავად არაერთი დაპირებისა შპს „ნ-----–-----–-----“ შპს „ჯ---------სათვის“ დავალიანება არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული.
მოპასუხის მიერ წამოღებული პროდუქცია მოსარჩელის მიერ საბუთების არასათანადოდ შედგენის გამო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ჩამოართვა და ამასთან, დააჯარიმა 5000 ლარით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 17 ივლისს შპს „ჯ----------“ შპს „ნ-----–-----–-----“ მიაწოდა 1950 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, 2018 წლის 31 ივლისს 5096 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, 2018 წლის 01 აგვისტოს 156 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, 2018 წლის 02 აგვისტოს 3198 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა, ხოლო 2017 წლის 07 აგვისტოს 3900 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- ანგარიშის ბარათი.
- სასაქონლო ზედნადებები.
3.1.2. N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს „ნ-----–-----–----“ დაჯარიმდა 5000 ლარით, დოკუმენტების (ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების) გარეშე საქონლის (ხე- მასალის) ტრანსპორტირების გამო და ჩამოერთვა 3185 ლარის ღირებულების საქონელი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ნ-----–-----–-----“ დავალიანება შპს „ჯ---------ს“ მიმართ შეადგენს 14 300 ლარს.
მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას დავალიანების არსებობის თაობაზე და მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს. თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ამ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება კი ცალსახად მოვალეს ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის ზეპირი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 17 ივლისიდან - 07 აგვისტომდე პერიოდში. ამ პერიოდში მყიდველის შპს „ნ-----–-----–-----“ შეკვეთის შესაბამისად, პერიოდულად ხდებოდა დახერხილი ხის მასალის მიწოდება.
მოპასუხეს, რომელიც სადავოდ ხდის დავალიანების არსებობის ფაქტს, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, 14 300 ლარის გადახდის ფაქტს. შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის განმარტებას დავალიანების არარსებობის თაობაზე, სასამართლო არ იზიარებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----“ არა აქვს შესრულებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მას უნდა დაეკისროს 14 300 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 316-ე, 442-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჯ----------“ და შპს „ნ-----–-----–-----“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, გამყიდველმა შპს „ჯ----------“ მიაწოდა მოპასუხეს 14 300 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო მყიდველს იკისრებოდა მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, დადგენილია, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 14 300 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს „ჯ---------ს“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით და კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
მოპასუხე შესაგებელში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ გამყიდველის - შპს „ჯ---------ს“ მიერ სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესის დარღვევის გამო, მიადგა ზიანი 8185 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, ესენია: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით, ცალკეულ შემთხვევებში კრედიტორის გარდაცვალებით და იურიდიული პირის ლიკვიდაციით. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დადგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. მოთხოვნათა სადავოობის შემთხვევაში გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ ანუ, სასამართლოს მიერ ვალდებულების არსებობის ფაქტისა და დადასტურების შემდგომ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოპასუხის მიერ სარჩელის საწინააღმდეგოდ დასახელებული უფლება არ ყოფილა აღიარებული მოსარჩელის მიერ და ამდენად, წარმოადგენს სადავო უფლებას. შესაბამისად, მისი რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო განხილვის შედეგად, დადასტურებით. იმისათვის, რომ მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის ჩასათვლელად გამოეყენებინა თავისი უფლება, უნდა მოეთხოვა ასეთი გადაწყვეტილების მიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ფორმითა და წესით შესაბამისი სარჩელის (შეგებებული სარჩელის) წარდგენის გზით. მხარეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის ან განცხადების წარდგენის გზით დაიწყონ წარმოება კონკრეტული უფლებისა თუ ინტერესის დასაცავად, თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს, თვითონვე განსაზღვრავენ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებსა და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-189-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს უფლება აქვს, აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნება განსახილველად: თუ:(ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; (ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; (გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არსებობს ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება. სასამართლო იმ შემთხვევაში იქნებოდა უფლებამოსილი, ემსჯელა შპს „ჯ---------ს“ ვალდებულებაზე, თუ წარდგენილი იქნებოდა შეგებებული სარჩელი კანონით გათვალისწინებული დასაშვებობის პირობების დაცვით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, დაადასტუროს შემხვედრი ვალდებულების არსებობის ფაქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შპს „ნ-----–-----–-----“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული, კერძოდ მას გადასახდელი აქვს ნასყიდობის საფასურის სახით 14 300 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
ამ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 429 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე საჯარო რეესტრში გადახდილი მომსახურების საფასური 21 ლარი, სსიპ მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასური 143 ლარი და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 572 ლარი. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საფოსტო მომსახურების ხარჯის 24.5 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „ჯ---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----“ მოსარჩელე შპს „ჯ---------ს“ სასარგებლოდ 14 300 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----“ მოსარჩელე შპს „ჯ---------ს“ სასარგებლოდ 429 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----“ მოსარჩელე შპს „ჯ---------ს“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის 572 ლარის, სასამართლოს გარეშე ხარჯის 164 ლარისა და საფოსტო მომსახურების ხარჯის 24.50 ლარის ანაზღაურება.
2.2. დაუბრუნდეს შპს „ჯ---------“ 19.10.2018 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ნაწილი - 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სახაზინო კოდი: 300773150.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია