გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
330210019002817130
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/958-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი ანდრო კუკავა

 

მოსარჩელე - ლ--–---------ა

წარმომადგენელი - მ---------–----ე

 

მოპასუხე - გ-----------------ე

წარმომადგენელი - მ------------ე

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გ-----------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, გ-------–----------ის (დაბადებული 2-----–-–-----------------ს, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 23 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

ლ--–---------ა და გ-----------------ე 1995 წლიდან 2018 წლამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: ა------------ე (დაბადებული 1----–-–-----------ს) და გ-------–----------ე (დაბადებული 2----–-–-----------------ს). 2018 წლის თებერვლის თვეში, მოპასუხე გ-----------------ემ მიატოვა ოჯახი და ხელმეორედ იქორწინა. მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა არასრულწლოვანი შვილის, გ-------–----------ის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა. მოპასუხემ განაცხადა თანხმობა, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა ალიმენტს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის მიზნით, თუმცა, მას ერთხელაც არ შეუსრულებია პირობა. ლ--–---------ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მას არ შეუძლია ფიზიკური შრომა, თუმცა, ამის მიუხედავად, მუდმივად ეძებს და მუშაობს ოჯახში დამხმარედ, მაგრამ ეს არ არის ის შემოსავალი, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, ლ--–---------ა შვილებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ყოველთვიურად იხდის 350 ლარს. გ-------–----------ეს, გარდა იმისა, რომ სჭირდება ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელი სახსრები, მნიშვნელოვანია მისი, როგორც არასრულწლოვნის, პერიოდული სამედიცინო კვლევა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოპასუხე გ-----------------ე ვალდებულია, ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილზე და სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს მის რჩენა-აღზრდაში.

(სარჩელი, 2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–-----------------ს დაბადებული გ-------–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;

 

მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას, მიიღოს მონაწილეობა მის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე ამჟამად ქორწინებაშია სხვა პირთან. ამ ეტაპზე გ-----------------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, რის გამოც იგი ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას (შესაგებელი, 2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ--–---------ა და გ-----------------ე 1995 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–-----------ს დაბადებული ა------------ე და 2----–-–-----------------ს დაბადებული გ-------–----------ე. ა------------ე სრულწლოვანია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 17);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 18);

- მამობის დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------------ (ს.ფ. 19);

 

3.1.2. მხარეები 2018 წლის თებერვლის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მოსარჩელე ლ--–---------ა ა------------ესთან და არასრულწლოვან გ-------–----------ესთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე ლ--–---------ა პერიოდულად მუშაობს ოჯახში დამხმარედ და მისი მცირე ოდენობის შემოსავალი არ არის სტაბილური. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით, ლ--–---------ას 01.01.2018 წლიდან არ უფიქსირდება რაიმე სახის შემოსავლის მიღების ფაქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 05.02.2019 წელს გაცემული ცნობა N----------- (ს.ფ. 33).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, გ-----------------ე 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, მუშაობდა შპს ,--------------------------- ში და მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 2019 წლის 04 თებერვლიდან გ-----------------ე გათავისუფლდა შპს ,--------------------------- დან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,--------------------------- მიერ 14.01.2019 წელს გაცემული ცნობა Nრეგ. N-- (ს.ფ. 20);

- შპს ,--------------------------- მიერ 11.02.2019 წელს გაცემული ცნობა Nრეგ. N--- (ს.ფ. 44);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 04 თებერვლის მდგომარეობით, გ-----------------ის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1062.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1062.5 ლარს, მარტის თვეში - 1062.5 ლარს, აპრილის თვეში - 1062.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1.25 ლარს, 375.38 ლარს და 300 ლარს, ნოემბრის თვეში - 1000 ლარს და 1.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 2001.25 ლარს. ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღნიშნულ პირს სხვა სახის შემოსავალი არ უფიქსირდება;

მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი 2019 წლის თებერვლის თვიდან აღარ არის დასაქმებული და ამჟამად, მას ხელფასის სახით შემოსავალი არ გააჩნია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 05.02.2019 წელს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 33-34).

 

3.2.3. მოპასუხე გ-----------------ე იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ სხვა პირის რჩენის კანონით დადგენილი ვალდებულების არსებობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

 

3.2.4. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილისათვის, გ-------–----------ისათვის რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ლ--–---------ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–-----------------ს დაბადებული, გ-------–----------ე. მათი საერთო შვილი ა------------ე სრულწლოვანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ--–---------ა და გ-----------------ე 2018 წლის თებერვლის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ლ--–---------ა ა------------ესთან და არასრულწლოვან გ-------–----------ესთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს. საქმის მასალებით, მოსარჩელე ლ--–---------ა პერიოდულად მუშაობს ოჯახში დამხმარედ და მისი მცირე ოდენობის შემოსავალი არ არის სტაბილური. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით, ლ--–---------ას 01.01.2018 წლიდან არ უფიქსირდება რაიმე სახის შემოსავლის მიღების ფაქტი. ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილისათვის, გ-------–----------ისათვის, რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 04 თებერვლის მდგომარეობით, გ-----------------ის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1062.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1062.5 ლარს, მარტის თვეში - 1062.5 ლარს, აპრილის თვეში - 1062.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1.25 ლარს, 375.38 ლარს და 300 ლარს, ნოემბრის თვეში - 1000 ლარს და 1.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 2001.25 ლარს. ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღნიშნულ პირს სხვა სახის შემოსავალი არ უფიქსირდება. საქმეში არსებული მასალებით, გ-----------------ე 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, მუშაობდა შპს ,---------------------------ში და მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 2019 წლის 04 თებერვლიდან გ-----------------ე გათავისუფლდა შპს ,---------------------------დან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გ-----------------ესთან თანაცხოვრების პერიოდში, ამ უკანასკნელს სხვა პირებთან ერთად იჯარით ჰქონდა აღებული ავტოსადგომი კუს ტბის ტერიტორიაზე და ოჯახს გააჩნდა სეზონური შემოსავალი. მოპასუხე მხარის მითითებით, შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით, იგი 2019 წლის თებერვლის თვიდან აღარ არის დასაქმებული და ამჟამად, მას ხელფასის სახით შემოსავალი არ გააჩნია. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება, განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მოპასუხე მხარე თანახმაა არასრულწლოვანი გ-------–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი. მოპასუხე მხარე იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან, თუმცა მის კმაყოფაზე სხვა პირის ყოფნა არ დასტურდება. სხვა არასრულწლოვანი შვილი, მოპასუხეს არ ჰყავს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 (ორასი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ლ--–---------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე გ-----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–---------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ-----------------ეს (პირადი N-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, გ-------–-----------ის (დაბადებული: 2----–-–-----------------ს, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 23 იანვრიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

3. გ-----------------ეს (პირადი N-----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა