გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27200 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ხ-----------–-–---–ი
წარმომადგენელი - ვ----–-------------ე
მოპასუხე - ი-----------–-–---–ი
წარმომადგენელი - მ------–--–-–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი-----------–-–---–ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, ლ-----------–-–---–ის (დაბადებული 2-----–-–----------------) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 18 სექტემბრიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.2. მოპასუხე ი-----------–-–---–ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, ლ-----------–-–---–ის (დაბადებული 2-----–-–----------------) სასარგებლოდ, წარსული დროის ალიმენტის სახით 10 800 (ათი ათას რვაასი) ლარის გადახდის დაკისრება, ბოლო სამი წლის პერიოდისათვის სარჩელის აღძვრამდე;
ხ-----------–-–---–ს და ი-----------–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------- შეეძინათ შვილი, ლ-----------–-–---–ი. ბავშვის დაბადებიდან მცირე დროის შემდეგ, მხარეთა შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყდა. არასრულწლოვანი ლ-----------–-–---–ი ცხოვრობს დედასთან, რომელიც მარტო უზრუნველყოფს შვილის აღზრდასა და რჩენას. მოპასუხე ი-----------–-–---–ი არ ღებულობს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში. მას ერთხელაც არ გაუწევია ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი ფინანსური ხარჯი და არც ინტერესდება ბავშვის მდგომარეობით. მოსარჩელე მხარემ არაერთხელ სთხოვა მოპასუხეს, დახმარებოდა ბავშვის აღზრდისა და რჩენისათვის აუცილებელი თანხებით, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელე ხ-----------–-–---–ი არ არის დასაქმებული, არ გააჩნია შემოსავალი, რის გამოც ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად იძულებულია, ისესხოს ფულადი თანხები. მხარეთა შორის კომუნიკაცია ბოლოს შედგა 2018 წლის აგვისტოს თვეში. ხ-----------–-–---–მა სთხოვა მოპასუხეს, დახმარებოდა ბავშვის სკოლის გადასახადის გადახდაში, თუმცა უშედეგოდ. ბავშვის აღზრდა ასევე დაკავშირებულია უამრავ ხარჯებთან, ხოლო მოპასუხე სკოლის გადასახადის გადახდაზეც კი უარს აცხადებს. მოპასუხე მხარე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მას აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი აუცილებელი მატერიალური სახსრებით. ი-----------–-–---–ი ვალდებულია, სათანადო სტაბილური მატერიალური დახმარება გაუწიოს არასრულწლოვან შვილს და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდა-განვითარებაში.
(სარჩელი, 2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას, არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–---------------- დაბადებული ლ-----------–-–---–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 170 (ას სამოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ი-----------–-–---–ი არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას, წარსული დროის ალიმენტის დაკისრების შესახებ;
(შესაგებელი, 2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ-----------–-–---–ს და ი-----------–-–---–ს, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------, შეეძინათ შვილი, ლ-----------–-–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ-----------–-–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15).
3.1.2. მხარეები რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ლ-----------–-–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, ხ-----------–-–---–თან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
3.1.3. მოსარჩელე ხ-----------–-–---–ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ხ-----------–-–---–ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 27.09.2018 წელს გაცემული ცნობა N------------ (ს.ფ. 38).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარე დასაქმებულია ვ--------- სფეროში, თბილისში, ც------ ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მ--------–-. მოპასუხის განმარტებით, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ი-----------–-–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2016 წლის სექტემბრის თვეში - 500 ლარს, ოქტომბრის თვეში - 500 ლარს, ნოემბრის თვეში - 500 ლარს, დეკემბრის თვეში - 500 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 500 ლარს, აპრილის თვეში - 500 ლარს, მაისის თვეში -500 ლარს, ივნისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, აგვისტოს თვეში - 500 ლარს, სექტემბრის თვეში - 500 ლარს, ოქტომბრის თვეში - 500 ლარს, ნოემბრის თვეში - 500 ლარს, დეკემბრის თვეში - 500 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 500 ლარს, თებერვლის თვეში - 500 ლარს, მარტის თვეში - 500 ლარს, აპრილის თვეში - 500 ლარს, მაისის თვეში - 500 ლარს, ივნისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს და აგვისტოს თვეში - 500 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 27.09.2018 წელს გაცემული ცნობა N------------ (ს.ფ. 38).
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 14 სექტემბრის ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ლ-----------–-–---–ი სწავლობდა ა(ა)იპ ს----------–---------------------–------------–-------------------------------–-----------–----------ში, სადაც სწავლის საფასური ერთი წლის განმავლობაში შეადგენდა 1500 (ათასი ხუთასი) ლარს;
მოსარჩელე ხ-----------–-–---–ის განმარტებით, არასრულწლოვანი ლ-----------–-–---–ი დღეის მდგომარეობითაც სწავლობს აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც დადგენილია ყოველთვიურად სწავლების გადასახადი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი არ აქვს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.09.2017 წლის ხელშეკრულება N----------- ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 17-19);
3.2.3. მოსარჩელე ხ-----------–-–---–მა 22.05.2017 წელს შპს ,-------------------------------–-- ,----------------ისგან“ მიიღო სესხის თანხა 830 ლარის ოდენობით. ერთი წლის ვადით. მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 10 აპრილს სს ,-------------თან“ გააფორმა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ასათვისებელი საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1000 ლარით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 10.04.2018 წლის ხელშეკრულება O-------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ (ს.ფ. 22-25);
3.2.4. სს ,------------–--------თან“ გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან ან/და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 01.03.2019 წლის მდგომარეობით, ი-----------–-–---–ის ფინანსური ვალდებულება შეადგენს: N------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 46194.69 აშშ დოლარს (ძირი თანხა), N------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1046.71 აშშ დოლარს (ძირი თანხა) და N------ კრედიტიდან გამომდინარე - 836.06 აშშ დოლარს (ძირი თანხა).
სს ,-------------ის“ დიდუბის ფილიალი ადასტურებს, რომ ი/მ ი-----------–-–---–ი არის სს ,-------------ის“ კლიენტი და 01.03.2019 წლის მდგომარეობით, ბანკში აღნიშნულ კლიენტზე რეგისტრირებულია ყადაღა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,------------–--------ის“ მიერ 01.03.2019 წელს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 96);
- სს ,-------------ის“ მიერ 01.03.2019 წელს გაცემული ცნობა 1--------- (ს.ფ. 97);
3.2.5. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან. მოპასუხეს მასთან საერთო შვილი არ ჰყავს. ხ-----------–-–---–ი მოპასუხის მეორე ოჯახთან დაკავშირებით არ ფლობს ინფორმაციას. ი-----------–-–---–ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, მოპასუხე მხარის მიერ სხვა პირის რჩენის კანონით დადგენილი ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
3.2.6. ი-----------–-–---–ს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. მხარეთა განმარტებით, ასევე, მოწმე მ----------–-–---–ის ჩვენების მიხედვით, მამამ ი-----------–-–---–მა ორჯერ გადაუხადა სწავლის საფასური, სულ 400 ლარის ოდენობით, არასრულწლოვან ლ-----------–-–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
- მოწმე მ----------–-–---–ის ჩვენება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).
3.2.7. სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მის მიერ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები მოპასუხისაგან სარჩოს მისაღებად, თუმცა ალიმენტი არ იქნა მიღებული ამ უკანასკნელის მხრიდან თავის არიდების გამო. ასეთი სახის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოწმე მ----------–-–---–ის ჩვენება, რომლისთვისაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (სარჩელის აღძვრამდე მოპასუხისგან სარჩოს მისაღებად მოსარჩელის მხრიდან ზომების მიღება) ცნობილია გადმოცემით. მართალია, მოწმე მიუთითებს, რომ თავადაც შესწრებია იმ ფაქტს, როდესაც მოსარჩელე ხ-----------–-–---–ი სთხოვდა მოპასუხეს არასრულწლოვანის აღზრდისათვის აუცილებელ სახსრებს, კერძოდ, სწავლის საფასურის გადახდას, საჭირო ნივთის (სამეცადინო მაგიდის) შეძენას, თუმცა მისთვის ი-----------–-–---–ის პასუხი, ასევე მოსარჩელისგან გადმოცემით არის ცნობილი. მოწმის ჩვენებიდანვე ირკვევა, რომ ი-----------–-–---–ს არ აურიდებია თავი ფულადი დახმარებისათვის და მოსარჩელეს სთხოვა, დროებით ესესხა თანხა სხვისგან და შემდგომ, შესაძლებლობის ფარგლებში გადასცემდა მას ფულად თანხებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი);
- მოწმე მ----------–-–---–ის ჩვენება (2019 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, არასრულწლოვანი შვილისათვის, შეიძლება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ხ-----------–-–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2-----–-–---------------- დაბადებული ლ-----------–-–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე სასამართლო ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს, რის შესაბამისად ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შეთხვევაში, დადგენილია, რომ ხ-----------–-–---–ს და ი-----------–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------, შეეძინათ შვილი, ლ-----------–-–---–ი. მხარეები რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ლ-----------–-–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, ხ-----------–-–---–თან ერთად. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ხ-----------–-–---–ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 14 სექტემბრის ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ლ-----------–-–---–ი სწავლობს ა(ა)იპ ს----------–---------------------–------------–-------------------------------–-----------–----------ში, სადაც სწავლის საფასური ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 1500 (ათასი ხუთასი) ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ლ-----------–-–---–ი დღეის მდგომარეობითაც სწავლობს აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც დადგენილია ყოველთვიურად სწავლების გადასახადი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი არ აქვს.
დადგენილია მოპასუხე ი-----------–-–---–ის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხის განმარტებით იგი საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან და ცხოვრობს მასთან ერთად ერთ ოჯახად. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. ხ-----------–-–---–ი აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი დასაქმებულია ვ--------- სფეროში, თბილისში, ც------ ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მ--------–-. მოპასუხის განმარტებით, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ი-----------–-–---–ის მიერ მიღებული ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეს აქვს საკუთარი პარფიუმერიის მაღაზია და სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. თავად მოპასუხე მხარე უარყოფს საკუთარი მაღაზიის ფლობის ფაქტს. ამასთან, თუკი მის მშობლებს აქვთ მაღაზია და აქედან მიღებული შემოსავალი, აღნიშნულს არ აქვს კავშირი მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობასთან. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირი განმარტების საფუძველზე ვერ გაიზიარებს სადავო გარემოებას მოპასუხის მატერიალური მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მას გააჩნია საბანკო დავალიანებები. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სს ,------------–--------თან“ გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან ან/და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 01.03.2019 წლის მდგომარეობით, ი-----------–-–---–ის ფინანსური ვალდებულება შეადგენს: N------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 46194.69 აშშ დოლარს (ძირი თანხა), N------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1046.71 აშშ დოლარს (ძირი თანხა) და N------ კრედიტიდან გამომდინარე - 836.06 აშშ დოლარს (ძირი თანხა). სს ,-------------ის“ დიდუბის ფილიალი ადასტურებს, რომ ი/მ ი-----------–-–---–ი არის სს ,-------------ის“ კლიენტი და 01.03.2019 წლის მდგომარეობით, ბანკში აღნიშნულს კლიენტზე რეგისტრირებულია ყადაღა. მოპასუხის განმარტებით, N------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 46194.69 აშშ დოლარის (ძირი თანხა) ოდენობის თანხაზე, იგი წარმოადგენს თავდებ პირს. ხოლო დანარჩენი ორი სესხი აღებული აქვს პირადი მიზნებისათვის. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არ დგინდება მიღებული სესხის მიზნობრიობა და კავშირი არასრულწლოვნის ინტერესებთან. ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სასესხო ვალდებულებები გააჩნია მოსარჩელე მხარესაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. მხარეთა განმარტებით, მოპასუხე ი-----------–-–---–ს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. იგი არ ნახულობს არასრულწლოვან შვილს და არ აქვს მასთან პირადი ხასიათის ურთიერთობები.
მშობლის უპირველესი ვალდებულებაა უზრუნველყოს თავისი შვილის მატერიალური კეთილდღეობა ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ი-----------–-–---–ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმაა, არასრულწლოვანი ლ-----------–-–---–ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 170 (ას სამოცდაათი) ლარი. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მშობლის შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალისა და არასრულწლოვანი ბავშვის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ლ-----------–-–---–ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 220 (ორას ოცი) ლარი.
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ლ-----------–-–---–ის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის სამი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე გასული პერიოდისათვის 10 800 (ათი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის - ლ-----------–-–---–ის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას სამი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. მით უფრო, ორივე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მამა დაეხმარა მოსარჩელეს ორი თვის სწავლის საფასურის გადახდაში. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მის მიერ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები მოპასუხისაგან სარჩოს მისაღებად, თუმცა ალიმენტი არ იქნა მიღებული ამ უკანასკნელის მხრიდან თავის არიდების გამო. ასეთი სახის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოწმე მ----------–-–---–ის ჩვენება, რომლისთვისაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (სარჩელის აღძვრამდე მოპასუხისგან სარჩოს მისაღებად მოსარჩელის მხრიდან ზომების მიღება) ცნობილია გადმოცემით. მართალია, მოწმე მიუთითებს, რომ თავადაც შესწრებია იმ ფაქტს, როდესაც მოსარჩელე ხ-----------–-–---–ი სატელეფონო საუბრისას სთხოვდა მოპასუხეს არასრულწლოვანის აღზრდისათვის აუცილებელ სახსრებს, კერძოდ, სწავლის საფასურის გადახდას, საჭირო ნივთის (სამეცადინო მაგიდის) შეძენას, თუმცა მისთვის ი-----------–-–---–ის პასუხი მოსარჩელისგან არის ცნობილი. მოწმის ჩვენებიდანვე ირკვევა, რომ ი-----------–-–---–ს არ აურიდებია თავი ფულადი დახმარებისათვის და მოსარჩელეს სთხოვა დროებით ესესხა თანხა სხვისგან და შემდგომ, შესაძლებლობის ფარგლებში გადასცემდა მას ფულად თანხებს. მხარეთა განმარტებით, მოპასუხეს რამდენჯერმე გადახდილი აქვს ლ-----------–-–---–ის სწავლის საფასური. გარდა ამისა, სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება არასრულწლოვანი ბავშვის კერძო სკოლაში სწავლების ფაქტი.
ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთება მხარის მიერ სარჩელის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში არასრულწლოვანის სასარგებლოდ სარჩოს მისაღებად რაიმე ქმედების განხორციელება. საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება, სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული ზომების შესახებ, რის გამოც, ხ-----------–-–---–ის მოთხოვნა, მოპასუხე ი-----------–-–---–ის მიმართ, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოსარჩელე ხ-----------–-–---–ი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ი-----------–-–---–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა, წარსული დროის ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაეკისროს მოპასუხე ი-----------–-–---–ს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის, ლ-----------–-–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------, პირადი N-----------) რჩენა-აღზრდისათვის, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2018 წლის 18 სექტემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. არ დაკმაყოფილდეს ხ-----------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ი-----------–-–---–ის მიმართ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე.
4. მოპასუხე ი-----------–-–---–ს (პირადი N-----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა