გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2019
საქმის ნომერი
330210018002644801
კატეგორია
დავის ტიპი
სულ შრომის სამართლებრივი დავებიდან ქალთა და არასრულწლოვანთა შრომასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/27650-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - ლ---- ს-------ი

მოპასუხე - სსიპ მ--–---–----–-----------------–-----------------–------ი

წარმომადგენელი - თ----ა კ------ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე სსიპ მ--–---–----–-----------------–-----------------–------ი-ს მოსარჩელე ლ---- ს-------ის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% - ჯამში 50 869.56 ლარი.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ლ---- ს-------ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2014 წლის 02 ოქტომბრიდან 2018 წლის 06 ივლისამდე თვეში 2 100 ლარის ოდენობით. ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მოპასუხის მიერ გადახდილია დაკისრებული კომპენსაცია სრულად. კერძოდ, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 2018 წლის 10 აგვისტოს გადახდილია 74149.09 ლარი, ხოლო 2018 წლის 13 აგვისტოს გადახდილია 3 409.92 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ სააღსრულებო ფურცელთან ერთად მოპასუხისთვის წარდგენილ იქნა მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის - ჯამში 50 869.56 ლარის გადახდის თაობაზე, თუმცა მოპასუხემ უპასუხოდ დატოვა მისი აღნიშნული მოთხოვნა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხე დაეთანხმა მის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდის ფაქტს. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება შპს ,,აუ-------–------ი’’-ს აუდიტორული დასკვნა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ცენტრისთვის კომპენსაციის დაკისრების გარდა, სხვა რაიმედ დამატებითი გადასახადის გადახდას ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის. წარმოდგენილი დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისთვის აღნიშნული მოთხოვნის კანონიერ საფუძვლად. ამასთანავე, წარმოდგენილ დასკვნაში არასწორად არის მოხსენიებული სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრო როგორც დამსაქმებელი, ხოლო ლ---- ს-------ი, როგორც დასაქმებული. აღნიშნული დასკვნა მომზადებულია 2018 წლის 20 სექტემბერს და შესაბამისი ტერმინოლოგია ვერ იქნება გამოყენებული მისი უსაფუძვლობის გამო. თავად მიღებულ გადაწყვეტილებაშიც არ არის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოხსენიებული როგორც დამსაქმებელი. ამასთანავე, აღნიშნულ დასკვნაში არასწორადაა მითითება იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელს დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა მოსარჩელისთვის, მაშინ როცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლ---- ს-------ს უარი ეთქვა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ცენტრს ვერ დაეკისრებოდა მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის გადახდა და დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწვეტილებით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ლ---- ს-------ის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2014 წლის 02 ოქტომბრიდან 2018 წლის 06 ივლისამდე თვეში 2 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ.27);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხე სსიპ მ--–---–----–-----------------–-----------------–------ის მიერ შესრულებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ---- ს-------ის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.25);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 31 ივლისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის შესახებ მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ.24);

- ჩაბარების დასტური (ს.ფ.23);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ლ---- ს-------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს და მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მხოლოდ სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საფუძვლიანია თუ არა მოპასუხისთვის დამატებით დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა.

 

უდავოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწვეტილებით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ლ---- ს-------ის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2014 წლის 02 ოქტომბრიდან 2018 წლის 06 ივლისამდე თვეში 2 100 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ---- ს-------ის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება სრულად.

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლით დადგენილია დამსაქმებლის ვალდებულება უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში კი დადგენილია დამსაქმებელის მიერ სავალდებულოდ შესასრულებელი ქმედებების მომდევნო რიგითობა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე. თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, კომპენსაციის დაკისრება არ წარმოუშობს მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებასაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ამასთან, ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებას.

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე Nას-291-291-2018) და მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლიდან გამომდინარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი). ამასთან, სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არ შეასრულებს, ანუ, თუ გამოიკვეთება გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ-ები: Nას-285-271-2013; Nას-1502-1422-2017; Nას-1257-1177-2017; Nას- 682-636-2017; №ას-82-82-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში კი, როდესაც მოსარჩელესთან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა და იგი აღარ ასრულებდა შრომით მოვალეობებს, შესაბამისად, ის აღარ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. აღნიშნული გარემოება კი საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებას და მოპასუხისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გამორიცხავს. ამასთანავე, აღნიშნული სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს არსებითად საკვლევ საგანს აღარ წარმოადგენს მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 16-22) და უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის საფუძვლიანობის საკითხი.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---- ს-------ის სარჩელი მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია