გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/15405-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ფ-----ა მ---------ე
წარმომადგენელი - ი---- მ----–----–--ე
მოპასუხე - ქ---ო მ-------ი, ა------ ნ---------ი
წარმომადგენელი - ლ--–- ბ-–--–---–ი
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს მოპასუხე ქ---ო მ-------ს მოსარჩელე ფ-----ა მ---------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5 000 ლარის ანაზღაურება;
1.2.დაეკისროს მოპასუხე ა------ ნ---------ს მოსარჩელე ფ-----ა მ---------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5 000 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2013 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გერმანიაში, სადაც მოსარჩელე ასრულებდა ინგლისურენოვანი თარჯიმნის მოვალეობას, გაიცნო ა------ ნ---------ი, რომელიც ასევე იმყოფებოდა გერმანიაში მივლინებით. აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო მხარეთა შორის თავდაპირველად მეგობრული ურთიერთობა, ამის შემდგომ მოპასუხე ა------ ნ---------ი მივიდა მოსარჩელესთან რამდენჯერმე ინგლისურის შესწავლით მიზნით გაკვეთილზე. მოგვიანებით მოპასუხემ დაიწყო მოსარჩელის მიმართ ინტერესის გამოხატვა.
მოსარჩელის განმარტებით, ამ დროის განმავლობაში მისთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხეს ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი, თუმცა მათ შორის ქორწინება შეწყვეტილი იყო ფაქტობრივად და ეს ფაქტი მან თავად იცოდა იყო მოპასუხე ა------ ნ---------ისგან და მის საახლობლოში გაკითხვის შედეგად. მოპასუხის მორიგი მივლინებიდან - ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მხარეთა შორის დაიწყო ინტიმური ურთიერთობა და აღნიშნული გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წელი. ამ დროის განმავლობაშიც, მისთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხეს შეწყვეტილი ჰქონდა ფაქტობრივი თანაცხოვრება მეუღლესთან.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2016 წლის ივლისის ბოლოს შეიტყო მისი ფეხმძიმობის შესახებ. მიუხედავად ამ ფაქტიდან გამომდინარე მისი სიხარულისა, მოპასუხისგან საპასუხოდ მიიღო მხოლოდ ის განმარტება, რომ არ შეეძლო მოპასუხეს მისი მხარდაჭერა. ამის შემდგომ მოსარჩელე ერთი თვით კვლავ გაემგზავრა მივლინებით გერმანიაში, დაბრუნების შემდგომ კი ადგილი ჰქონდა მოპასუხის მხრიდან მუდმივ ზეწოლას. მოპასუხისგან ფსიქოლოგიური ზეწოლის და იმაში დარწმუნების შემდეგ, რომ ამ გზით იგი თავს აარიდებდა შვილს მთელი ცხოვრება სირცხვილს და ოჯახს აარიდებდა დარჩენილი ცხოვრება სირცხვილის გარეშე ცხოვრებას, მოსარჩელემ მიიღო ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხედავდა კოშმარულ სიზმრებს მთელი ამ დროის განმავლობაში. ვინაიდან მოსარჩელეს უნდა შეეწყვიტა პირველი ორსულობა და ექიმის რჩევით პირველი ორსულობის შეწყვეტა საშიში იყო ჯანმრთელობისათვის და იწვევდა მომავალში არდაორსულების საშიშროებას, მან გადაწყვიტა მედიკამენტოზური ჩარევით მოეხდინა ორსულობის შეწყვეტა. მას ორსულობის შესაწყვეტად ორჯერ დასჭირდა მედიკამენტოზური მკურნალობა, ამის შემდგომ კი ქირურგიული ჩარევა.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელემ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო იმ გარემოების თავიდან ასაცილებლად, რომ არ გასაჯაროებულიყო მისი პირადი ცხოვრების დეტალი და ოჯახისთვის აეცილებინა სირცხვილი მოპასუხე ქ---ო მ-------ის - მოპასუხე ა------ ნ---------ის ქმედების შედეგად მიიღო უარესი შედეგი. ოქტომბრის თვის ბოლოს ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოპასუხე ა------ ნ---------ის ნომერზე საუბრისას მოსარჩელემ აღმოაჩინა, რომ იგი ესაუბრებოდა მოპასუხის მეუღლეს - ქ---ო მ-------ს. მხარეთა შორის შედგა ხანგრძლივი სატელეფონო კავშირი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე ქ---ო მ-------ი მივიდა მის საცხოვრებელ სახლში და მოითხოვდა მის ნახვას. მოსარჩელის განმარტებით, მან არ მოისურვა ქ---ო მ-------ის ნახვა სწორედ იმ გარემოების გამო, რომ მოპასუხე ა------ ნ---------მა გააფრთხილა ამის თაობაზე წინასწარ. მოპასუხე ქ---ო მ-------ი სადარბაზოში ყვიროდა მოსარჩელის შეურაცხმყოფელ სიტყვებს და იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელეს აბორტი ჰქონდა გაკეთებული. აღნიშნულს მოჰყვა მისი ოჯახის წევრების - მშობლების ცუდად გახდომა და აუცილებელი გახდა ექიმების გამოძახება. აღნიშნული მოვლენების პარალელურად, მოპასუხე ა------ ნ---------ი კვლავ განაგრძობდა მისთვის იმის ახსნას, რომ უყვარდა და სთხოვდა საზღვარგარეთ ერთად წასვლას. ამის შემდგომ მოსარჩელემ მიიღო მოპასუხესთან ყველანაირი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
2017 წლის თებერვალში, როდესაც მოსარჩელე კვლავ იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, მოსარჩელეს მისმა დამ შეატყობინა, რომ მოპასუხე ქ---ო მ-------მა მის კორპუსში, სადარბაზოსა და ლიფტში მიიტანა და გააკრა ფერად სტიკერებზე დაწერილი მოსარჩელის სალანძღავი და შეურაცხმყოფელი წინადადებები, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელის ოჯახის წევრებმა შეიტყვეს მომხდარის შესახებ. მოპასუხეებმა დაარღვიეს მოსარჩელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ვინაიდან, მოპასუხე ა------ ნ---------მა გაახმაურა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო - ფაქტი ორსულობისა და მისი ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ, ხოლო მოპასუხე ქ---ო მ-------მა საჯაროდ გამოაქვეყნა მისი შეურაცხმყოფელი წინადადებები საცხოვრებელ კორპუსში. მოპასუხეებმა თავიანთი ქმედებით გაახმაურეს ის საიდუმლო, რომლის არ გამჟღავნების გამო მოსარჩელემ თავის თავს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და ორსულობა შეწყვიტა ხელოვნურად.
2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს რომ სარჩელი უსაფუძვლოა. ამასთანავე, წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე შედავება და წარმოდგენილი პოზიციით მიუთითეს მოსარჩელის ქმედების ამორალურ ხასიათსა და სიმძიმეზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ მთელი ურთიერთობის დროის განმავლობაში მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხეები ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ფ-----ა მ---------ეს და მოპასუხე ა------ ნ---------ს შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ პირადი ხასიათის ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა მიმოწერა (ს.ფ. 32-151);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 29 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოსარჩელე ფ-----ა მ---------ე ამ დროისათვის იყო რვა კვირის ორსული. ორსულობა შეწყდა ხელოვნურად - თავდაპირველად მედიკამენტოზური აბორტის, მოგვიანებით კი აუცილებელი ქირურგიული ჩარევის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ს.ფ.21-22);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის თებერვალში მოპასუხე ა------ ნ---------ის მეუღლემ - ქ---ო მ-------მა მოსარჩელის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტში გამოაკრა მოსარჩელის შეურაცხყოფისაკენ მიმართული შინაარსის სტიკერები. აღნიშნული ქმედების შედეგად, მოსარჩელის ოჯახის წევრებისთვის და მეზობლებისთვის ცნობილი გახდა მოსარჩელეს და მოპასუხე ა------ ნ---------ს შორის არსებული ურთიერთობის, ისევე როგორც მოსარჩელის ორსულობის და ამ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა მიმოწერა (ს.ფ. 32-151);
- ახსნა-განმარტება.
3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ფ-----ა მ---------ის ორსულობის და მისი ხელოვნურად შეწყვეტის ფაქტის თაობაზე ინფორმაცია მოპასუხე ქ---ო მ-------ისათვის ცნობილი გახდა მოპასუხე ა------ ნ---------ისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფაზე მოპასუხეთა მხრიდან. ამასთან, მისი მითითებით მოპასუხე ა------ ნ---------ის პასუხისმგებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ მან ქ---ო მ-------ს შეატყობინა ფაქტი მისი ორსულობის და შემდგომში ამ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის თაობაზე. მოპასუხეთა განმარტებით, ქ---ო მ-------ისთვის მოსარჩელის ორსულობის თაობაზე ინფორმაცია ცნობილი გახდა თავად მოსარჩელისგან სატელეფონო საუბრის შემდეგ. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით და აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა შედავების პარალელურად, მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი სახის მითითება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ფ-----ა მ---------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლი; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლების მიხედვით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018). შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლი ადგენს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება კანონის მიერ იყოს დაცული ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან. შესაბამისად, ადამიანის უფლება (მათ შორის ზემოაღნიშნული მე-12 მუხლით გარანტირებული უფლებანი) ბუნებით გარანტირებულია, მისი ნებისმიერი შეზღუდვა კი უნდა იყოს კანონით დადგენილი და ამავე დროს ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლის შესაბამისად, არავინ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებელი ადგილის შეუვალობის ამ მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
არსებითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის აღნიშნული რეგულაციის ინკორპორირება ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობაში, აყალიბებს პირადი ცხოვრების პატივისცემის ზოგად უფლებას. ეს მუხლი, იცავს პირის პირად, ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელსა და მიმოწერას სახელმწიფოს (საჯარო ხელისუფლების) ჩარევისაგან. ამასთან, კონვენციის მიხედვით სახელმწიფოებს აქვთ არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება - არ ჩაერიონ მე-8 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ უფლებებში, არამედ ასევე პოზიტიური ვალდებულება - უზრუნველყონ ამ უფლებებით ეფექტური სარგებლობა (CASE OF X &Y v. THE NETHERLANDS). აღნიშნულ საქმეში, განმარტებულია, რომ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოსაგან გარკვეული ღონისძიებების მიღებას მოითხოვს, თუნდაც ინდივიდებს შორის ურთიერთობათა სფეროში.
საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, განმარტავს რა პირადი ცხოვრების ფარგლებს, აცხადებს შემდეგს: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების’’ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს’’. შესაბამისად, სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ამ დრომდე არ დადგენილა გამოკვეთილი ჩარჩოები, არ გამოვლენილა პირის ცხოვრების ის ამომწურავი სფეროები, რომლებიც შეიძლება მოიაზრებოდეს პირადი ცხოვრების დაცვის რეგულაციათა ქვეშ.
ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, პირადი არაქონებრივი უფლებები აღიარებული და დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფს, ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირად არაქონებრივ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება სახელის უფლება, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია. ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლი ითვალისწინებს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასაც, ვიანიდან მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბოლო წინადადებით, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირველესად, თავად მოპასუხე ქ---ო მ-------იც მიუთითებს, რომ მან მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას (სადარბაზოებსა და ლიფტში) გააკრა მოსარჩელის შეურაცხმყოფელი შინაარსის სტიკერები. ვინაიდან აღნიშნული ქმედების შედეგად ცნობილი გახდა მოსარჩელის პირადი ცხოვრების საიდუმლოების დეტალები (ინფორმაცია მისი ორსულობისა და ამ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ) სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს სწორედ იმის განსაზღვრა დარღვეულია თუ არა მოპასუხის ქმედებით მოსარჩელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა აღნიშნული დარღვევის გამო მორალური ზიანის დაკისრება მოპასუხეთათვის.
სასამართლო მიუთითებს, რომ პიროვნების ხელშეუხებლობაში როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური ხელყოფისგან დაცვის სავალდებულობა იგულისხმება. მასში მოიაზრება თავისუფლება, როგორც უფლება, რომელიც პირს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. მისი შეზღუდვა შესაძლებელია სწორედ არაქონებრივი უფლების შელახვის საფუძველი გახდეს. პირადი ცხოვრების საიდუმლოება კერძო პირის პერსონალური მონაცემებთან მიმართებით შეიძლება იქნეს დანახული. იგი შეიძლება შეეხებოდეს როგორც პირის პირად, ისე საოჯახო საიდუმლო მონაცემებს. მართალია, ინფორმაციის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების არსიდან გამომდინარე, საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მონაცემების გასაჯაროება დასაშვებია, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძო პირის პირადი მონაცემები ამგვარ ფარგლებში არ ექცევა. აღნიშნული გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოება მოიცავს ისეთ ცხოვრებისეულ მომენტებს, რომელიც, მართალია, რეალურად მოხდა, მაგრამ ინდივიდს მისი გასაჯაროება არ სურდა.
შესაბამისად, პირად სფეროში ჩარევას უნდა გააჩნდეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული მიზანი. განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხისვე განმარტებიდან გამომდინარე არ იკვეთება ხსენებული კანონით ზუსტად განსაზღვრული მიზანი და მისი ქმედება შეიძლება შეფასდეს მოსარჩელეზე მხოლოდ ,,შურისძიების’’ მცდელობად, რომელიც მოპასუხემ დაუკავშირა იმ დროისათვის მის პირად ცხოვრებაში არსებულ მოვლენებს (ძმის გარდაცვალება) და მიღებულ სტრესს. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხე ქ---ო მ-------ის ქმედება არ არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვა გარანტირებული უფლების - გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სასამართლო მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ნებისმიერი აზრისა თუ ინფორმაციის გავრცელება არ წარმოადგენს აღნიშნული მუხლით დაცულ სიკეთეს. ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ინტერესთა დაპირისპირების დროს (რასაც ამ შემთხვევაში ადგილი აქვს), შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამები საერთოდ დაუცველია (ან ძალიან სუსტად დაცულია) დემოკრატიულ საზოგადოებაში (მაგ. იხ. ნორვუდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, დელფი ესტონეთის წინააღმდეგ).
ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხის ქმედებამ გამოიწვია მოსარჩელის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ არსებული ინფორმაციის გავრცელება მისი ოჯახის წევრებსა და მეზობლებს შორის. შესაბამისად, მოპასუხის ქმედებით გარეშე - მესამე პირებისათვის ცნობილი გახდა ისეთი სახის პირადი ინფორმაცია, რომლის გავრცელების თავიდან ასარიდებლადაც მოსარჩელემ მიმართა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გზას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქ---ო მ-------ის ქმედებით ცალსახად დარღვეულია მოსარჩელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ა------ ნ---------ის მიერ მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა გამოიხატა იმ ფაქტში, რომ მოსარჩელის ორსულობის შესახებ ინფორმაცია ა------ ნ---------მა შეატყობინა ქ---ო მ-------ს. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ მოსარჩელე ფ-----ა მ---------ის ორსულობის და მისი ხელოვნურად შეწყვეტის ფაქტის თაობაზე ინფორმაცია მოპასუხე ქ---ო მ-------ისათვის ცნობილი გახდა მოპასუხე ა------ ნ---------ისგან. აღნიშნული კი გამორიცხავს მოპასუხე ა------ ნ---------ის მიერ მოსარჩელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევას და შესაბამისად, დარღვევიდან გამომდინარე მისთვის მორალური ზიანის დაკისრებას.
6.2. როგორც აღინიშნა სამოქალაქო კანონმდებლობა, კერძოდ მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი არაქონებრივი უფლებების დაცვის მექანიზმს ითვალისწინებს და ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების უფლებამოსილებასაც განსაზღვრავს. ზიანის ანაზღაურება, განსახილველი მუხლიდან გამომდინარე, მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მისი გამოხატულება ობიექტურად ფასდება, არა მხოლოდ დაზარალებულის გადასახედიდან, არამედ ინდივიდუალური შეფასების გზითაც. აღნიშნული გამომდინარეობს, მაგალითად, ღირსების არსიდან, რომელიც ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს იგი ყველა ადამიანისთვის, მისი შეხედულებიდან გამომდინარე, სუბიექტურ სიკეთეს წარმოადგენს. არაქონებრივი ზიანის არსი ვლინდება მის ობიექტურ გამოხატულებაში, რომელიც, გარდა ასეთი შედეგის არსებობისა, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში უნდა იქნეს მოთხოვნილი.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ არაქონებრივი (მორალური) ზიანი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების გამოწვევას, რომელიც სიმძიმის მიხედვით შეიძლება იყოს სულიერი (ზნეობრივი) ტკივილი (ტანჯვა) და სხვ. მაგალითად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ერთი მხრივ, შეიძლება პირის ღირსების დაცვის წინაპირობას წარმოადგენდეს, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებელია პირს აღნიშნულის საფუძველზე არაქონებრივი ზიანი მიადგეს. მიუხედავად ქონებრივი ზიანის არსებობისა, არაქონებრივი ზიანი, თავისი არსით, უმეტეს შემთხვევაში მას აღემატება.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, ამ ზიანის დამტკიცებისათვის სპეციალური კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (№ას-1477-1489-2011 3.04. 2012). კონვენციის მიხედვით, დიფამაციისათვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება უნდა გულისხმობდეს რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანთან პროპორციულობის გონივრულ ურთიერთკავშირს (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ვინაიდან, დადგინდა, რომ მოპასუხე ქ---ო მ-------მა შეგნებულად, წინასწარი განზრახვით გაავრცელა მოსარჩელის მიმართ შეურაცხმყოფელი ხასიათის სტიკერები მისი პირადი ცხოვრების შესახებ, მისი ბრალეულობა აშკარაა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებულ მორალური ზიანის ანაზღაურებას გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ხშირად მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა, სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვა თოთოეული მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრება. ამასთან, ვინაიდან არ დადასტურდა მოპასუხე ა------ ნ---------ის მიერ მოსარჩელის პირადი ცხოვრების საიდუმლოების გავრცელების ფაქტი, იგი არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. მოპასუხე ქ---ო მ-------ს კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 1 000 ლარის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, არაქონებრივი ზიანის ამ ოდენობით დაკმაყოფილება შექმნის სწორედ დარღვევის აღიარების მოცემულობას და დააკმაყოფილებს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით (ს.ფ.153-154). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე ქ---ო მ-------ის მიმართ, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 30 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ფ-----ა მ---------ის სარჩელი მოპასუხეების ქ---ო მ-------ის და ა------ ნ---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ქ---ო მ-------ს დაეკისროს მოსარჩელე ფ-----ა მ---------ის სასარგებლოს მორალური ზიანის - 1 000 ლარის ანაზღაურება;
1.2. ფ-----ა მ---------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ა------ ნ---------ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ქ---ო მ-------ს მოსარჩელე ფ-----ა მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 30 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 270 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია