გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
330210018002595930
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #2/24361-2018 28 თებერვალი 2019 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“

(თავდაპირველ სარჩელში)

წარმომადგენლები და-------–-------–---–ი

ეკ------------------–---–ი

 

მოპასუხე შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“

(თავდაპირველ სარჩელში)

წარმომადგენლები ან---------–---–ი

ზა--------------ე

ან-----------------ა

 

დავის საგანი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება

(თავდაპირველ სარჩელში) პირგასამტეხლოს დაკისრება

 

მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“

(შეგებებულ სარჩელში)

 

მოპასუხე შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“

(შეგებებულ სარჩელში)

 

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

(შეგებებულ სარჩელში)

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შ.პ.ს. „ს--------------------–--“ ითხოვს შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ დაეკისროს: 1) შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 106400 ა.შ.შ. დოლარის გადახდა; 2) პირგასამტეხლოს _ 255 892 ა.შ.შ. დოლარის გადახდა და სარჩელის შეტანის დღიდან _ 2018 წლის 17 აგვისტოდან ყოველდღიურად 532 ა.შ.შ. დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 25 სექტემბერს შ.პ.ს. „ს--------------------–--“-ს და შ.პ.ს. „ე------–-----------ს“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შ.პ.ს. „ს--------------------–--“-ს მოპასუხისთვის უნდა აეშენებინა დროებითი ანგარი. 2016 წლის 24 ივნისს შ.პ.ს. „ს--------------------–--“-ს და შ.პ.ს. „ე------–-----------ს“-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება #1, რომლის შესაბამისადაც შ.პ.ს. „ს--------------------–--მა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა თბ--–-------------–-----------------------ს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურეობის კომპლექსის, ფაზა #1-ის სამიმოსვლო ბილიკისა და სატესტო ანგარის საძირკველის მშენებლობა, ხოლო შ.პ.ს.“ე------–-----------ს“-ს უნდა აენაზღაურებინა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 383 731 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით. 2017 წლის 7 თებერვალს გაფორმდა სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს სატესტო ანგარის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დარჩენილ სამუშაოთა ჩამონათვალი, მათი შესრულების ახალი ვადები და სხვა პირობები. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დამკვეთის მიერ სამუშაოთა მიღებიდან 5 დღეში შ.პ.ს.“ე------–-----------ს“-ს უნდა გადაეხადა შ.პ.ს. „ს--------------------–--ისთვის“ დარჩენილ სამუშაოთა შესრულების საფასური _ 106 400 ა.შ.შ. დოლარი. 2017 წლის 25 მარტს შ.პ.ს. „ს--------------------–--მა“ დაასრულა ანგარის მშენებლობა და წარუდგინა ის დამკვეთს, თუმცა დამკვეთის მიერ შედგენილ იქნა დეფექტების აქტი. მიუხედავად მათი აღმოფხვრისა, დამკვეთი სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებდა სამუშაოთა მიღებას, რათა თავი აერიდებინა ნარდობის საფასურის გადახდისთვის. დამკვეთმა 2017 წლის 4 მაისს ოფიციალურად გახსნა სატესტო ანგარი და დაიწყო მისი ექსპლუატაცია. შ.პ.ს. „ს--------------------–--“ დღემდე უწევს მოპასუხეს საგარანტიო მომსახურებას, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხე არ იხდის ნარდობის საფასურს.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შ.პ.ს. „ე------–-----------სი“ სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ 2017 წლის 7 თებერვლის ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, ფასის გადახდის ვალდებულება დამკვეთს წარმოეშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსრულებელი ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ ყველა სამშენებლო სამუშაოს დაასრულებდა. 2017 წლის 24 მარტის წერილით შემსრულებელმა მიმართა დამკვეთს და თხოვა 2017 წლის 25 მარტს მიღება-ჩაბარების პროცედურის განხორციელება, თუმცა შემსრულებელს დამკვეთისთვის არ წარუდგენია საშემსრულებლო დოკუმენტაცია და განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტი (აღნიშნულის ვალდებულებას ითვალისწინებდა ხელშეკრულება). სამშენებლო მოედანზე დათვალიერებისას არაერთი არსებითი დეფექტი გამოჩნდა, რის გამოც შემკვეთმა უარი განაცხადა ობიექტის მიღება-ჩაბარებაზე. 2017 წლის 4 მაისს ანგარის გახსნის ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დამკვეთის მიერ ობიექტის მიღების მტკიცებულებად, ვინაიდან ანგარის გახსნის პრეზენტაციის ღონისძიება წარმოადგენდა სახელმწიფო მნიშვნელობის ფაქტს. ამასთან, შესრულებული სამუშაოები შესაძლებელს ხდიდა პრეზენტაციის განხორციელებას, მაგრამ ის არ იყო საკმარისი ანგარის რეალური დანიშნულებით გამოსაყენებლად, რასაც ადასტურებს 2017 წლის 10 მაისის შუალედური შემოწმებისას შედგენილი დეფექტური აქტი და მასზე დართული ფოტომასალა. ვინაიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე შემსრულებელმა ვერ უზრუნველყო 2017 წლის 7 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება და მასზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულებას, დამკვეთმა არაერთხელ სცადა შემსრულებელთან შეთანხმება პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა უშედეგოდ. რეალურად დამკვეთსა და შემსრულებელს შორის 2017 წლის 20 სექტემბრის შემდეგ არსებული კომუნიკაცია ადასტურებს, რომ ანგართან დაკავშირებული სამუშაოები არც 2018 წლამდე დასრულებულა, თუმცა თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ განახორციელა შეკვეთის მიღება, ასეთი მიღების თარიღი ვერ იქნება 2017 წლის სექტემბრამდე ადრე. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში) შ.პ.ს. „ე------–-----------სი“ შეგებებული სარჩელით ითხოვს დაეკისროს შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ პირგასამტეხლოს გადახდა 297 360 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით 2017 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, 2015 წლის 25 სექტემბერს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ანგარის მშენებლობის შესახებ, რომლის თანახმად შ.პ.ს. „ს--------------------–--მა“ (შემსრულებელმა) აიღო ვალდებულება 2015 წლის 12 დეკემბრამდე უზრუნველეყო ანგარის სამუშაო რეჟიმში ჩაბარება იმ პირობით, რომ ანგარის ბეტონის პლატფორმის მომზადება განხორციელდებოდა 2015 წლის 20 ნოემბრამდე. აღნიშნულის მიუხედავად, ანგარის მონტაჟი 2016 წლის 24 ივნისამდე არ განხორციელებულა. 2016 წლის 24 ივნისს მხარეებმა გააფორმეს ნარდობის ხელშეკრულება N1 ანგარის ბეტონის საძირკველის, სამიმოსვლო ბილიკისა და ანგარის მშენებლობის შესახებ, რისი შესრულებისთვისაც განისაზღვრა 50 კალენდარული დღე. შემსრულებელმა ვერც ამ ვადის დაცვა მოახერხა. 2017 წლის 7 თებერვალს გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა შესრულების ახალი ვადები, ანაზღაურების წესი და პირობები. ჩაბარების ვადად დადგინდა 2017 წლის 22 მარტი, თუმცა ვერც ამ დროს მოხერხდა ობიექტის ჩაბარება. 2017 წლის 6 სექტემბერს შემსრულებელმა მიმართა დამკვეთს და დაუდასტურა, რომ მათ გამოასწორეს მხარეთა მიერ დაფიქსირებული ბოლო დეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წერილის შემდეგ შემკვეთმა ისევ დააფიქსირა ხარვეზი, 2017 წლის 20 სექტემბერს მიმართა შემსრულებელს და შესთავაზა მოემზადებინა მიღება-ჩაბარების დოკუმენტაცია იმ პირობით, თუ მოხდებოდა ხარვეზის აღმოფხვრა. 2017 წლის 20 სექტემბრამდე ვერ შეძლო შემსრულებელმა 2017 წლის 7 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება და მასზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ არსებითად გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულებას. 2017 წლის 23 ოქტომბერს მიმართა შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ და აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩაბარების ვადის დარღვევის გამო 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით ეკისრებოდა პირგასამტეხლო 298000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით. 2. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელში) შ.პ.ს. „ს--------------------–--ი“ შეგებებულ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მართალია 2015 წლის 25 სექტემბერსა და 2016 წლის 24 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, თუმცა ისინი არანაირად არ არის დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნასთან. მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ გამომდინარეობს 2017 წლის 7 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს სატესტო ანგარის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დარჩენილ სამუშაოთა ჩამონათვალი, ვადები და პირობები. აღნიშნული ახალი ხელშეკრულების გაფორმება განაპირობა მანამდე დადებულ ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ანგარის მახასიათებლების მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა, რაც ცხადია საჭიროებდა დამატებით დროს და ახალი პირობების გაწერას. შ.პ.ს „ს--------------------–--“ არ ეთანხმება მოსარჩელის განცხადებას, თითქოს მას არ წარუდგენია „ხელშეკრულებით გათვალისწინებული განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტი“. დამკვეთს პერიოდულად მიეწოდებოდა ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხოლო 2017 წლის 25 მარტს კი ასევე მიეწოდა შესაბამისი ანგარიში სამუშაოთა დასრულების თაობაზე. მოპასუხეს მიაჩნია, რომ 2017 წლის 4 მაისს შ.პ.ს. „ე------–-----------სმა“ ფაქტობრივად მიიღო ანგარი, ოფიციალურად გახსნა ის და დაიწყო მისი ექსპლუატაცია. მოსარჩელე ერთმანეთში ურევს ანგარის მშენებლობისთვის გათვალისწინებულ სამუშაოებს და საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოებს. 2017 წლის 20 სექტემბერს დამკვეთმა შემსრულებელს გაუგზავნა წერილი, სადაც მოითხოვდა ანგარის ბაგირების მოჭიმვასთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულებას და აღნიშნულის შემდეგ მზად იყო განეხორციელებინა სამუშაოების მიღება. 2017 წლის 29 სექტემბერს დამკვეთმა შემსრულებლისგან მიიღო წერილი, რომლითაც შემსრულებელი ატყობინებდა, რომ საგარანტიო ვადის ფარგლებში მანამდე განხორციელებულ სამუშაოებთან ერთად განხორციელდა ბაგირების მოჭიმვის სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2015 წლის 25 სექტემბერს შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ და შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (N0--) მიხედვით, შ.პ.ს „ს--------------------–--მა“ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა მოპასუხისათვის დროებითი ანგარის ტენტი საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებისთვის (ტომი 1, ს.ფ. 23-30). 3.1.2. 2016 წლის 24 ივნისს შ.პ.ს „ს--------------------–--ს“ და შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება N1, ხელშეკრულების მიხედვით შ.პ.ს „ს--------------------–--ს“ უნდა შეესრულებინა თბ--–-------------–-----------------------ს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურეობის კომპლექსის, ფაზა 1-ის სამიმოსვლო ბილიკისა და სატესტო ანგარის საძირკველის მშენებლობა. შ.პ.ს. „ე------–-----------სი“ ვალდებული იყო აენაზღაურებინა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 383 731 ა.შ.შ. დოლარი დღგ-ს ჩათვლით, სამუშაოთა შესრულების ვადა განისაზღვრა 50 კალენდარული დღით (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 30-45, ხელშეკრულების 2.1., 2.4., 3.1. პუნქტები); 3.1.3 2017 წლის 07 თებერვალს შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ და შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის 24 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება და დამკვეთის მიერ მითითებული ყველა დეფექტის გამოსწორება. დამკვეთს ასანაზღაურებელი ჰქონდა სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილი _ 85 620 ა.შ.შ. დოლარი ( ტომი მე-2, ს.ფ. 77-78); 3.1.4 2017 წლის 07 თებერვალს შ.პ.ს „ს--------------------–--ს“ და შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა სატესტო ანგარის მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დარჩენილ სამუშაოთა ჩამონათვალი, მათი შესრულების ახალი ვადები, სპეციფიკაციები და სხვა პირობები ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 22 მარტი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 106 400 ა.შ.შ. დოლარს (5.1 პუნქტი), რომელიც შემკვეთს უნდა გადაეხადა სამუშაოთა დასრულებიდან 5 საბანკო დღის ვადაში (5.5.3 პუნქტი). ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი პასუხისმგებელია დამკვეთს გადაუხადოს პირგასამტეხლო სამშენებლო სამუშაოთა დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში N0-- ხელშეკრულების ფასის 330 400 ა.შ.შ. დოლარის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შესრულების მიღებამდე N0-- ხელშეკრულების ფასის - 330 400 აშშ დოლარის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1, ს.ფ. 63); ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, დამკვეთი პასუხისმგებელია შემსრულებელს გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში N0-- ხელშეკრულების ფასის _ 106 400 ა.შ.შ. დოლარის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვიდან შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათალისწინებული წესით თანხის მიღებამდე N0-- ხელშეკრულების ფასის 106 400 აშშ დოლარის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( ტომი 1, ს.ფ. 64). 3.1.5 2017 წლის 22 მარტს შ.პ.ს. „ე------–-----------სი“-ის წარმომადგენელმა წერილით მიმართა შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილი არ იყო ვალდებულებების შესრულების ამსახველი დოკუმენტაცია, მოითხოვა უახლოეს ვადაში წარმოედგინათ ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედდებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციები (ტომი 1 ს.ფ. 86); წერილის პასუხად შ.პ.ს. „ს--------------------–--“-მა აცნობა შ.პ.ს. „ე------–-----------ს“, რომ არახელსაყრელი ამინდის გამო ვერ დასრულდა დროულად სამუშაოები და დასრულებას გეგმავდნენ 2017 წლის 24 მარტისათვის (ტომი 1 ს.ფ. 98); 2017 წლის 24 მარტს შ.პ.ს. „ს--------------------–--“-ის წარმომადგენელმა მიმართა შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ 2017 წლის 25 მარტისათვის სამუშაოთა მიღება-ჩაბარების პროცედურების განხორციელების მიზნით. შ.პ.ს. „ე------–-----------სის“ მიერ განხორცელდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების რევიზია, დაფიქსირდა დეფექტები, შედგა აქტი, რის შესახებაც ეცნობა შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ (ტომი 1, ს.ფ. 141-143); 2017 წლის 01 აპრილს „ს--------------------–--“-მა კვლავ მიმართა შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ 2017 წლის 03 აპრილს მიღება-ჩაბარების პროცედურების განხორციელების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 147). 2017 წლის 04 აპრილის წერილით შ.პ.ს. „ე------–-----------სი“ შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ ატყობინებს, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, არ განხორციელებულა 2017 წლის 07 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულება და ჩაბარება. შ.პ.ს. „ე------–-----------ს“-ის მიერ კვლავ ჩატარდა სამუშაოების რევიზია და დაფიქსირდა დამატებითი დეფექტები (ტომი 1, ს.ფ. 148). 2017 წლის 21 ივნისს „ს--------------------–--“ წერილის პასუხად კვლავ მიმართავს შემკვეთს და აცნობებს, რომ ანგარში წყლის შედინებასთან დაკავშირებით გაჟონვა ,,ბ-6“ ღერძის ახლოს შეკეთდა, მენარდე ასევე განმარტებებს აკეთებს გამოვლენილ სხვა ხარვეზებთან დაკავშირებით (ტომი 1, ს.ფ. 166). 3.1.6 2017 წლის 4 ივლისს შ.პ.ს. „ე------–-----------სმა“ წერილით მიმართა შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ იმაზე მითითებით, რომ 2017 წლის 7 თებერვალს გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ არის განხორციელებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად. რაც შეეხება თანხის გადახდის მოთხოვნას, ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს სამშენებლო სამუშაოების ფასი - 106 400 ა.შ.შ. დოლარი მას შემდეგ რაც დაასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებს. დამკვეთს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე შემსრულებელმა ვერ წარმოადგინა ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (ტომი 2, ს.ფ. 116). 3.1.7 შ.პ.ს. „ე------–-----------სის“ წერილის მიხედვით კომპანიამ 2017 წლის 6 სექტემბერს შ.პ.ს. „ს--------------------–--ისგან“ მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც შემსრულებლის მიერ გამოსწორდა შემკვეთის მიერ დაფიქსირებული ბოლო დეფექტი და დასრულდა სამშენებლო სამუშაოები. შემკვეთის ექსპერტების მიერ შემოწმდა შესრულებული სამუშაოები და დადგინდა, რომ 2017 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ტენტთან დაკავშირებული დეფექტი ჯერ კიდევ არ იყო გამოსწორებული. შესაბამისად, დამკვეთი ითხოვდა აღნიშნული დეფექტის აღმოფხვრას და სამუშაოთა დასრულების შესახებ დოკუმენტის წარდგენას (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 162); 3.1.8 2017 წლის 29 სექტემბრის წერილში შ.პ.ს. „ს--------------------–--“ მიუთითებს, რომ საგარანტიო ვადის ფარგლებში შეასრულა სამუშაოები, მათ შორის საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად შეასრულა ბაგირების მოჭმვის სამუშაოები (ტომი მე-2, ს.ფ 164);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 სასამართლო არ იზიარებს შ.პ.ს. „ს--------------------–--“ მითითებას იმის შესახებ, რომ სამუშაოები სრულად დასრულდა 2017 წლის 24 მარტს, ან უკიდურეს შემთხვევაში 04 მაისს, როდესაც ანგარი გაიხსნა კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მის მიერ მითითებული გარემოებები კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ ანგარის გახსნასთან დაკავშირებით, არ ადასტურებს 2017 წლის 04 მაისს სამუშაოთა უნაკლოდ დასრულების ფაქტს. აღნიშნული თარიღის შემდეგ, შემკვეთის მიერ მითითებული დეფექტების შესაბამისად შ.პ.ს. „ს--------------------–--“ კვლავ ასრულებდა სამუშაოებს, მენარდემ 2017 წლის 14 ივნისს შეადგინა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ დაუდასტურა შემკვეთმა, 2017 წლის 20 ივნისს შუალედური შემოწმებისას კვლავ გამოვლენდა დეფექტები და შედგა აქტი. (ტომი 2, ს.ფ. 111-121), ასევე, 2017 წლის 24 აგვისტოს მიმართავს შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ და ითხოვს ობიექტზე დაშვებას 2017 წლის 30 აგვისტოდან 01 სექტემბრის ჩათვლით ანგარზე ბაგირების დამჭიმი მოწყობილობების შეტანის მიზნით (ტომი 2 ს.ფ. 53) მითითება აღნიშნული სამუშაოების საგარანტიო ვადაში შესრულების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან არც ერთი მხარე არ მიუთითებდა საგარანტიო ვადაში გამოვლენილ ნაკლზე, სხვა მტკიცებულება, რაც შ.პ.ს. „ს--------------------–--ის“ მიერ მითითებულ ვადაში ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს დაადასტურებდა (მაგალითად ექსპერტიზის დასკვნა), მენარდეს არ წარმოუდგენია. სამუშაოების დასრულების და დეფექტების აღმოფხვრის პერიოდად შემკვეთი მიუთითებს 2017 წლის 26 სექტემბერს, 26 სექტემბრის ჩათვლით ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას და შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 07 თებერვალს შ.პ.ს „ს--------------------–--“-ს და შ.პ.ს. „ე------–-----------ს“-ს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 26 სექტემბერს. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. „ს--------------------–--“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შ.პ.ს. „ე------–-----------ს“-ის შეგებებული სარჩელი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-ე, 643-ე, 648-649-ე, 652-ე, 417-420-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ს--------------------–--ს“ (მენარდე) და შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ (შემკვეთი) შორის 2017 წლის 07 თებერვალს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში _ 2017 წლის 22 მარტს, არ იყო დასრულებული. 6.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო არ იზიარებს შ.პ.ს. „ს--------------------–--“ მითითებას იმის შესახებ, რომ სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 24 მარტს, ან უკიდურეს შემთხვევაში 04 მაისს, როდესაც ანგარი გაიხსნა, და რომ შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოები იყო როგორც საგარანტიო პერიოდში შესრულებული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შ.პ.ს. „ს--------------------–--“-ს მიმართვების შემდეგ შ.პ.ს. „ე------–-----------ს“-ის მიერ ხორციელდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების რევიზია, დეფექტების გამო დგებოდა აქტები და შ.პ.ს. „ს--------------------–--“ ნაკლის გამოსწორების მიზნით ასრულებდა სამუშაოებს. მენარდემ 2017 წლის 14 ივნისს შეადგინა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ დაუდასტურა შემკვეთმა. 2017 წლის 20 ივნისს შუალედური შემოწმებისას გამოვლინდა დეფექტები და შედგა აქტი. 2017 წლის 24 აგვისტოს წერილით შ.პ.ს. „ს--------------------–--“ კვლავ ითხოვს ობიექტზე დაშვებას 2017 წლის 30 აგვისტოდან 01 სექტემბრის ჩათვლით ანგარზე ბაგირების დამჭიმი მოწყობილობების შეტანის მიზნით. მხარეები არ მიუთითებენ საგარანტიო ვადაში გამოვლენილ ნაკლზე, შემკვეთი არ იბარებს სამუშაოს ნაკლის გამო, რადგან სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის შესაბამისად პრეტენზიის განუცხადებლობისას მოთხოვნის უფლებები აღარ წარმოეშობა, შემკვეთი ითხოვს ნაკლის გამოსწორებას, მენარდე ასრულებს შემკვეთის მითითებას და ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შ.პ.ს. „ს--------------------–--“-ის განმარტება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სამუშაოები შეასრულა საგარანტიო ვადაში, უსაფუძვლოა. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. 6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, დადგენილია, რომ 2017 წლის 07 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 26 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს შ.პ.ს. „ე------–-----------სი“ (ტომი 2, ს.ფ. 11-12). სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო 2017 წლის 29 სექტემბრის #ას-939-879-2017 გადაწყვეტილებაში დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მიუთითა ერთგვაროვან პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ,,ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი“. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 26 სექტემბერს და ხელშეკრულების 5.5.3 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 26 სექტემბრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოეშვა შემკვეთს შ.პ.ს „ს--------------------–--ისთვის“ 106400 ა.შ.შ დოლარის გადახდის ვალდებულება, რაც არ შეუსრულებია. შესაბამისად, შ.პ.ს „ს--------------------–--“-ის სარჩელი 106400 ა.შ.შ. დოლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლო. 6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 6.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო, რაც წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვადლებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არაკრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. 2017 წლის 07 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი პასუხისმგებელია დამკვეთს გადაუხადოს პირგასამტეხლო სამშენებლო სამუშაოთა დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში N0-- ხელშეკრულების ფასის 330 400 აშშ დოლარის 0.3 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შესრულების მიღებამდე N0-- ხელშეკრულების ფასის _ 330 400 ა.შ.შ. დოლარის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1-ლი, ს.ფ. 62); ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად კი, დამკვეთი პასუხისმგებელია შემსრულებელს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში N0-- ხელშეკრულების ფასის - 106 400 აშშ დოლარის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვიდან შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით თანხის მიღებამდე N0-- ხელშეკრულების ფასის 106 400 აშშ დოლარის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 64). 6.11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საგარანტიო ვადა და ვადის ათვლა იწყება სამუშაოს ჩაბარებიდან, სასამართლოს მიაჩნია, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის შედეგებთან არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებიდან გამომდინარე, სწორედ პირგასამტეხლოს ოდენობამ განაპირობა რეალურად მათ შორის დავა, სხვა შემთხვევაში, მენარდემ რომ სამუშაო დაასრულა და შემკვეთს რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვალდებულება აკისრია, სადავოდ არ გაუხდიათ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამუშაოების დასრულების თარიღი არის 2017 წლის 26 სექტემბერი, ხელშეკრულების 5.5.3 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 26 სექტემბრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა შემკვეთს შ.პ.ს „ს--------------------–--ისთვის“ 106400 ა.შ.შ დოლარი, რაც არ გადაუხდია, რის გამოც შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ს შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 106400 ა.შ.შ. დოლარის 0.05%-ის გადახდა ყოველდღიურად, 2017 წლის 05 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (106400 ა.შ.შ. დოლარის გადახდამდე). ასევე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ის შეგებებული სარჩელი, კერძოდ: შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ს შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 330400 ა.შ.შ. დოლარის 0.05%-ის გადახდა 2017 წლის 23 მარტიდან 2017 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით (ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად პირველი 10 სამუშაო დღის, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით) _ 30396 (ოცდაათიათასსამასოთხმოცდათექვსმეტი) ა.შ.შ. დოლარი და 80(ოთხმოცი) ცენტის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მოსარჩელე შ.პ.ს. „ს--------------------–--“-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისას გადახდილია 5000 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტების და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 871 ლარს და 35 თეთრს. ასევე, შეგებებულ სარჩელზე შ.პ.ს. „ე------–-----------ს“-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი _ 5000 ლარი, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ს შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 511 ლარის და 10 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. რაც შეეხება შ.პ.ს. „ე------–-----------სის“ მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას, შ.პ.ს. „ე------–-----------სის“ მიერ წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება 7000 ა.შ.შ. დოლარზე და 17535.98 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტომი 2, ს.ფ. 176-177). სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესს, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. აღნიშნულის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგნი (საქმის კატეგორია), საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულების, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. „ე------–-----------სს“ უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 3000 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაეკსიროს შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ს შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 106400 (ასექვსიათასოთხასი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა. 3. შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ს შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 106400 ა.შ.შ. დოლარის 0.05%-ის გადახდა ყოველდღიურად, 2017 წლის 05 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 4. შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5. შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ს შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 330400 ა.შ.შ. დოლარის 0.05%-ის გადახდა 2017 წლის 23 მარტიდან 2017 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით _ 30396 (ოცდაათიათასსამასოთხმოცდათექვსმეტი) ა.შ.შ. დოლარი და 80(ოთხმოცი) ცენტი. 6. შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ს შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 871 (რვაასსამოცდათერთმეტი) ლარის და 35 (ოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. 7. შ.პ.ს. ,,ს--------------------–--“-ს შ.პ.ს. ,,ე------–-----------ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 511 (ხუთასთერთმეტი) ლარის და 10 (ათი) თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის _ 3000 (სამიათასი) ლარის ანაზღაურება. 8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. 9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი