გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340310016001665723
საქმე #3/243-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 მარტი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - ეთ-------–---–-–---–ი
წარმომადგენელი - პა-----------ე
მოპასუხე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თე-------–--------–---–ი, ლე-–----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 დეკემბრის №2920 ბრძანება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელე, ქ. გ---------–ი, ნო--–---–-- გამზირის №9----ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ ფართზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 02.10.2014 წლის მიმართვით აცნობა, რომ მეორე სართულის არმირებული ბეტონის ფილა, რომელზეც შემდგომ დაშენება უნდა მოხდეს, წითელი ხაზიდან გადასულია 2.2 მეტრით და კორექტირებული პროექტის წარმოდგენა დაავალა. აღსანიშნავია, რომ გამგეობამ 2015 წლის 05 თებერვლის წერილით დაადასტურა, რომ ბეტონის ფილის მოწყობა გამგებლის 26.12.2013 წლის №2155 ბრძანების საფუძველზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობისა და შეთანხმებული პროექტის მიხედვით არის შესრულებული. შესაბამისად, გამგეობამ აღიარა, რომ ბეტონის ფილის წითელი საზღვრის იქით გადასვლა თავად მოპასუხის ადმინისტრაციული აქტით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით იქნა განპირობებული. ამდენად, ბეტონის ფილის მოწყობა გამგეობის ბრალეული ქმედების შედეგია. მიუხედავად ამისა, გამგეობამ 05.02.2015 წელს გამოსცა №126 ბრძანება, რომლითაც ეთ-------–---–-–---–ი დაჯარიმდა და დაევალა ბეტონის ფილის დემონტაჟი. ბრძანება მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლოს 20.04.2016 წლის გადაწყვეტილებით №126 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მშენებლობის წარმოებისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ელემენტი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, გამგეობამ 13.12.2016 წელს იგივე შინაარსის №2920 ბრძანება გამოსცა, რაც უკანონოა და იმავე საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო შედეგზე მიუთითებს. ამიტომ, აღნიშნული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი
2. მოპასუხის პოზიცია სარჩელზე:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: ეთ-------–---–-–---–ი მშენებლობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 26.12.2013 წლის №2155 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ახორციელებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 18.12.2014 წლის №2382 ბრძანებით შეთანხმებული იქნა კორექტირებული პროექტი, მოსარჩელე ვალდებული იყო ფაქტობრივი მშენებლობა კორექტირებულ პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა, რაც არ განხორციელდა. ამიტომ, ეთ-------–---–-–---–ის ქმედება განიხილება როგორც მშენებლობის სანებართვო პირობების დარღვევა. ეთ-------–---–-–---–ის დაჯარიმების შესახებ 05.02.2015 წელს ნამდვილად იქნა მიღებული №126 ბრძანება, თუმცა არა გამგეობის მიერ 2013 წელს შეთანხმებული პროექტის მიხედვით განხორციელებული მშენებლობის გამო, არამედ 2014 წელს შეთანხმებული კორექტირებულ პროექტთან შეუსაბამობის გამო. მოსარჩელეს 2015 წელს მიეცა მითითება მშენებლობის კორექტირებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით და განესაზღვრა ვადა, მაგრამ ვადის ამოწურვის მიუხედავად მითითება არ შესრულდა, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ. გამომდინარე აქედან მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ეთ-------–---–-–---–მა 28.11.2013 წელს განცხადებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა და ნო--–---–-- №9-–ი მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე და ზუ-----------–---–ის კუთვნილ სასაწყობე ფართზე მეორე სართულის დაშენება-რეკონსტრუქცია და შენობის გვერდითა და უკანა ფასადის მხრიდან მიშენება-რეკონსტრუქციის განხორციელებაზე ნებართვის გაცემა მოითხოვა. განმცხადებელმა გამგეობას შპს ,,არ------------I“-ს მიერ მომზადებული მიშენება-რეკონსტრუქციის პროექტი წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მისაშენებელი შენობის ფასადის ,,B-Г“ ღერძების სიგრძე 2.2 მეტრს შეადგენდა. (იხ. ს.ფ. 81)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება, მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 66-67);
- პროექტი (ს.ფ. 71-81).
3.1.2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 26 დეკემბრის №2155 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ეთ-------–---–-–---–ის მიერ წარდგენილი მიშენება-დაშენების პროექტი და იმავე დღეს მშენებლობის №000248 სანებართვო მოწმობა გაიცა. მშენებლობის ვადა ერთი წლით განისაზღვრა. ბრძანების დანართის მიხედვით მიშენების ფართი 49.8 კვ.მ-ს შეადგენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება №2155 (ს.ფ. 68);
- მშენებლობის სანებართვო მოწმობა №000248 (ს.ფ. 70).
3.1.3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 02.10.2014 წლის №5173 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ №000248 სანებართვო მოწმობის საფუძველზე ქ. გ---------–ი, ნო--–---–-- გამზირის №9-–ი მიმდინარე მიშენება-დაშენების აზომვის შედეგად დადგინდა, რომ ჩრდილო-დასავლეთის მხარეს მეორე სართულის არმირებული ბეტონის ფილა, რომელზეც შემდგომ დაშენება უნდა მოხდეს, გადასულია წითელი ხაზიდან 2.2. მეტრით. გამგეობამ ეთ-------–---–-–---–ს აღნიშნული ფილის დემონტაჟი და კორექტირებული პროექტის წარმოდგენა მოსთხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 02.10.2014 წლის №51.73 წერილი (ს.ფ. 13).
3.1.4. ეთ-------–---–-–---–მა 2014 წლის 04 დეკემბერს განცხადებით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, წარადგინა კორექტირებული პროექტი და მისი დამტკიცება მოითხოვა. გამგებლის 2014 წლის 18 დეკემბრის №2382 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ეთ-------–---–-–---–ის მიერ წარდგენილი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და იმავე დღეს მშენებლობის №000036 სანებართვო მოწმობა გაიცა. მშენებლობის ვადა 6 თვით, შენობა-ნაგებობის კლასი II კლასით, ხოლო რეკონსტრუქციის ფართი 32.12 კვ.მ-ით განისაზღვრა. ამ შემთხვევაში გამგეობის მიერ შეთანხმებული პროექტით ,,Г“ საყრდენის მოწყობა გათვალისწინებული არ არის და მისაშენებელი შენობის ,,B“ ღერძიდან შენობის გამოშვერილი ნაწილის სიგრძე 0.3 მეტრს შეადგენს. (იხ. ს.ფ. 93 და 94)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 82);
- ბრძანება №2382 მშენებლობის ნებართვა (ს.ფ. 83, 85);
- პროექტი (ს.ფ. 88-95).
3.1.5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 05.02.2015 წლის №126 ბრძანებით ეთ-------–---–-–---–ი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანებით დაევალა მშენებარე ობიექტის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს გაკეთებული რკინაბეტონის ფილის ნაწილობრივი დემონტაჟი. მასვე, გამგებლის 2015 წლის 16 მარტის №389 ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარი. დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ეთ-------–---–-–---–ს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 სექტემბრის №1482 და 21 დეკემბრის №2007 ბრძანებებით დაეკისრა საურავების გადახდა თითოეულზე 1500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება №126 (ს.ფ. 15-16);
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-33).
3.1.6. ეთ-------–---–-–---–მა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებზე ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა სასამართლოში. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.04.2016 წლის გადაწყვეტილებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 05.02.2015 წლის №126 ბრძანება, 16.03.2015 წლის №389 ბრძანება, 04.09.2015 წლის №1482 ბრძანება და 21.12.2015 წლის №2007 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-33).
3.1.7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნით, ეთ-------–---–-–---–ის მიერ წარმოებულ მშენებლობაზე 11.07.2017 წელს დანინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 16.08.2016 წლის №004874516 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეთ-------–---–-–---–ის ბინის მიშენება-რეკონსტრუქციის მიმდინარე მშენებლობის განხორციელებისას, გარდა სეისმური ნორმების დარღვევისა, მშენებლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 18.12.2014 წლის №2382 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებულ პროექტის დარღვევითაა განხორციელებული. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია შემდეგი:
· შენობის უკანა მხარეს კონსოლურად გადმოშვერილი 14 სმ-იანი სისქის და ზემოდან დასხმული 24 სმ-იანი სისქის ფილების ის ნაწილი, რომელიც სცილდება დაშენებული სათავსოს შემოსაზღვრულ კედელს, შეთანხმებულ პროექტში არ ფიგურირებს;
· გამგეობაში შეთანხმებულ პროექტს არ შეესაბამება შენობის უკანა მხრიდან სადარბაზოში შესასვლელის თავზე კონსოლურად გადმოშვერილი აივნის რკინაბეტობის ფილა;
· შენობის მარჯვენა ტორსის კედლის მთელ სიგრძეზე, მეორე სართულზე, მიშენებული ≈1.8X15.20 მ. ზომების მქონე საცხოვრებელი ფართობიდან, გამგეობასთან შეთანხმებულ ნახაზზე ფიგურირებს მხოლოდ ამ ფართის ნაწილი. კერძოდ, მის უკანა მხარეს 9.05 მ-ის ოდენობით. დანარჩენი ნაწილი შეთანხმებულ პროექტში არ ფიგურირებს .... აღნიშნული მიშენების იმ ნაწილის მშენებლობა (ორი მალი ზომებით გეგმაში ≈1.8X7.6 მ.) რომელიც გამოდის ნო--–---–-- ქუჩის მხარეს, განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე და საჯარო რეესტრშიც არ არის რეგისტრირებული.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 96-102).
3.1.8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.10.2016 წლის №10 მითითებით ეთ-------–---–-–---–ს განემარტა, რომ შენობის უკანა მხარეს კონსოლურად გადმოშვერილი 14 სმ-იანი სისქის და მის ზემოდან დასხმული 24 სმ-იანი ფილების ნაწილი, რომლებიც სცილდება დაშენებული სათავსოს კედელს, არ ფიგურირებს შეთანხმებულ პროექტში და შეთანხმებულ პროექტს არ შეესაბამება შენობის უკანა მხარეს სადარბაზოში შესასვლელის თავზე კონსოლურად გადმოშვერილი აივნის რკინაბეტონის ფილა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დარღვევას, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა 10 დღე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მითითება №10 (ს.ფ. 103-104).
3.1.9. ეთ-------–---–-–---–მა 19.10.2016 წელს განცხადებით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას და დარღვევის გამოსასწორებლად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის 01.11.2016 წლამდე გაგრძელება მოითხოვა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 27.10.2016 წლის წერილით ეთ-------–---–-–---–ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და განხორციელებული მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2016 წლის 01 ნოემბრამდე გაუგრძელდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.10.2016 წლის №6760 წერილი (ს.ფ. 106).
3.1.10. მოსარჩელეს 07.11.2016 წლის №6966 წერილითაც ეცნობა დამატებით, რომ განხორციელებული მშენებლობა დაუყოვნებლივ მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში, თუმცა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 14.11.2016 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეთ-------–---–-–---–ის მხრიდან გამგეობის მითითება არ იქნა შესრულებული და მშენებლობა შეთანხმებულ პროექტს არ შეესაბამებოდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება №102 (ს.ფ. 23).
3.1.11. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 13 დეკემბრის №2920 ბრძანებით, ეთ-------–---–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მასვე დაევალა გამგეობასთან შეთანხმებული პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ობიექტის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს კონსოლურად გადმოშვერილი 14 სმ სისქის ფილის დემონტაჟი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება №2920 (ს.ფ. 116-117).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მხარეთა მიერ სადავო არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ (13.12.2016 წლის რედაქციით);
5.3. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით მოწესრიგებულია საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივ ურთიერთობათა საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფერო. იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
ამ დადგენილების მე-3 მუხლის 54-ე ქვეპუნქტების თანახმად, სამშენებლო დოკუმენტი განიმარტება, როგორც ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს. ამავე მუხლის 55-ე ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა წარმოადგენს შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის სამშენებლო დოკუმენტისაგან ისეთი განსხვავებული განხორციელება (მშენებლობა), რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.
ამავე დადგენილების 70-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“-,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო პირობების მფლობელი პირი ვალდებულია მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით აწარმოოს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე დადგენილების 97-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის შესაბამის სახელმწიფო ზედამხედველს შეუძლია მოახდინოს ობიექტის დათვალიერება ან /და აზომვა მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რისთვისაც დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო ზედამხედველის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე . შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ზედამხედველი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო საქმიანობა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტების საფუძველზე და მასში მითითებული პირობების დაცვით უნდა წარიმართოს. სამშენებლო დოკუმენტისაგან განსხვავებული პირობებით მშენებლობის განხორციელება, თუ ეს განსხვავება საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, სამშენებლო პირობების დარღვევად განიხილება. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვით შეთანხმებულ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კორექტირება წარმოშობს მშენებლობის კორექტირებული პროექტის მიხედვით წარმართვის ვალდებულებას, რაც გულისხმობს არა მარტო მშენებლობის ამ (ახალი) პროექტის მიხედვით განხორციელებას, არამედ კორექტირებამდე განხორციელებული მშენებლობის მასთან შესაბამისობაში მოყვანასაც.
საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ეთ-------–---–-–---–მა ქ. გ---------–ი, ნო--–---–-- №9-–ი მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე მშენებლობა თავდაპირველად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 26 დეკემბრის №2155 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის მიხედვით აწარმოვა. ამ პროექტის თანახმად, მისაშენებელი შენობის ფასადზე 2.2 მეტრი სიგრძის არმირებული ფილის მშენებლობა იყო გათვალისწინებული, რომელიც მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების გარეთ გადადიოდა. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა მოსარჩელისთვის გამგეობის მხრიდან აღნიშნული ფილის დემონტაჟისა და კორექტირებული პროექტის წარდგენაზე 02.10.2014 წლის №5173 წერილის გაგზავნის საფუძველი. მოსარჩელემ, გამგეობის მოთხოვნის შესაბამისად, 2014 წლის 04 დეკემბერს განცხადებით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, წარადგინა კორექტირებული პროექტი და მისი დამტკიცება მოითხოვა. გამგებლის 2014 წლის 18 დეკემბრის №2382 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ახალი (კორექტირებული) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, რომლითაც შენობის ფასადზე 2.2 მეტრი სიგრძის არმირებული ფილის მშენებლობა გათვალისწინებული აღარ არის.
მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან არმირებული ბეტონის ფილის მშენებლობა კორექტირებამდე შეთანხმებული პროექტის მიხედვით განახორციელა, ამიტომ მისი მხრიდან მშენებლობის პირობების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს მხარის ეს განმარტება უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან, როგორც უკვე განიმარტა, მას შემდეგ, რაც განხორციელდა ახალი პროექტის შეთანხმება, რომელშიც წინა პროექტისგან განსხვავებით 2.2. მეტრი სიგრძის ბეტონის ფილის მშენებლობა გათვალისწინებული აღარ არის, მოსარჩელეს გაუჩნდა შენობის ფასადზე უკვე აშენებული არმირებული ფილის დემონტაჟის, მშენებლობის კორექტირებული პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის და შემდგომი მშენებლობის კორექტირებული პროექტის მიხედვით წარმართვის ვალდებულება.
7.2. სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი სადაც მიეთითება შესრულდა თუ არა მითითება.
იმავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.10.2016 წლის №10 მითითებით ეთ-------–---–-–---–ს განემარტა ის შეუსაბამობები, რომლებიც მის მიერ წარმოებულ მშენებლობაზე შემოწმების შედეგად იქნა გამოვლენილი. კერძოდ, რომ შენობის უკანა მხარეს კონსოლურად გადმოშვერილი 14 სმ-იანი სისქის და მის ზემოდან დასხმული 24 სმ-იანი ფილების ნაწილი, რომლებიც სცილდება დაშენებული სათავსოს კედელს, არ ფიგურირებს შეთანხმებულ პროექტში და შეთანხმებულ პროექტს არ შეესაბამება შენობის უკანა მხარეს სადარბაზოში შესასვლელის თავზე კონსოლურად გადმოშვერილი აივნის რკინაბეტონის ფილა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დარღვევას და მის გამოსასწორებლად მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა 10 დღე, რაც შემდგომ, ეთ-------–---–-–---–ის განცხადებით 01.11.2016 წლამდე გაგრძელდა. მოსარჩელეს 07.11.2016 წლის №6966 წერილითაც ეცნობა დამატებით, რომ მშენებლობა დაუყოვნებლივ მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში, თუმცა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 14.11.2016 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეთ-------–---–-–---–ის მხრიდან გამგეობის მითითება არ იქნა შესრულებული.
ამდენად, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ ეთ-------–---–-–---–ის მიერ წარმოებული მშენებლობა არ შეესაბამება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის 18 დეკემბრის №2382 ბრძანებით შეთანხმებულ სამშენებლო პროექტს და არაერთი მითითების მიუხედავად, მოსარჩელემ არ განახორციელა დარღვევის გამოსწორება. ეს გარემოებები კი, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
7.3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.04.2016 წლის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ეთ-------–---–-–---–ის ქმედება არ შეიცავდა კანონდარღვევას, რადგან მან მშენებლობა გამგეობასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად აწარმოვა.
სასამართლოს მხარის ეს განმარტება უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეთ-------–---–-–---–ის ბინის მიშენება-რეკონსტრუქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 18.12.2014 წლის №2382 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებულ პროექტის დარღვევითაა განხორციელებული. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შენობის უკანა მხარეს კონსოლურად გადმოშვერილი 14 სმ-იანი სისქის და ზემოდან დასხმული 24 სმ-იანი სისქის ფილების ის ნაწილი, რომელიც სცილდება დაშენებული სათავსოს შემოსაზღვრულ კედელს, შეთანხმებულ პროექტში არ ფიგურირებს. პროექტს არ შეესაბამება შენობის უკანა მხრიდან სადარბაზოში შესასვლელის თავზე კონსოლურად გადმოშვერილი აივნის რკინაბეტობის ფილაც. შენობის მარჯვენა ტორსის კედლის მთელ სიგრძეზე, მეორე სართულზე, მიშენებული ≈1.8X15.20 მ. ზომების მქონე საცხოვრებელი ფართობიდან, გამგეობასთან შეთანხმებულ ნახაზზე ფიგურირებს მხოლოდ ამ ფართის ნაწილი - უკანა მხარეს 9.05 მ-ის ოდენობით. დანარჩენი ნაწილი შეთანხმებულ პროექტში არ ფიგურირებს .... აღნიშნული მიშენების იმ ნაწილის მშენებლობა (ორი მალი ზომებით გეგმაში ≈1.8X7.6 მ.) რომელიც გამოდის ნო--–---–-- ქუჩის მხარეს, განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე და საჯარო რეესტრშიც არ არის რეგისტრირებული.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. უფრო მეტის, მხარეთა განმარტებით საქმის განხილვის მომენტისთვისაც შენობა-ნაგებობა იმავე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც შემოწმების და ექსპერტიზის ჩატარების დროს იყო. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს მშენებლობა გამგეობასთან 2014 წლის 18 დეკემბრის №2382 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის დარღვევით აქვს ნაწარმოები.
რაც შეეხება მხარის განმარტებას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.04.2016 წლის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პრეიუდიციული მნიშვნელობასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებული გადაწყვეტილების განხილვის მნიშვნელოვან გარემოებებზე, კერძოდ, იმაზე, რომ 2014 წლის 18 დეკემბრის №2382 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ეთ-------–---–-–---–ის მიერ წარდგენილი კორექტირებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და იმავე დღეს მშენებლობის №000036 სანებართვო მოწმობა გაიცა. მშენებლობის ვადა 6 თვით განისაზღვრა. ე.ი. ეთ-------–---–-–---–ს მშენებლობის წარმოებისთვის, აგრეთვე კორექტირებამდე აშენებული ნაგებობის კორექტირებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანისთვის ვადა 2015 წლის 18 ივნისამდე ჰქონდა. მხარის მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №126 ბრძანების გამოცემა კი 2015 წლის 05 თებერვალს მოხდა, ანუ, მშენებლობის განხორციელებისთვის ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრული 6 თვიანი ვადის გასვლამდე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარეს ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრული აქვს მშენებლობის ვადა, რაც არა მარტო შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით მშენებლობის წარმოებას, არამედ კორექტირებამდე განხორციელებული მშენებლობის შესაბამისობაში მოყვანასაც გულისხმობს, ამ ვადის ამოწურვამდე სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი ვერ ექნებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული აქტით დადგენილი ვადა გასულია და ვადის გასვლის შემდგომ გამოვლენილი შეუსაბამობები, აგრეთვე გამგეობის მხრიდან განხორციელებულ მითითებების შეუსრულებლობა, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია ჯარიმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.04.2016 წლის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ვერ ექნება მოცემული დავისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მოცემული სარჩელით სადავოა სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მისი გამოცემისას არსებული გარემოებები 05.02.2015 წლის №126 აქტის გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აგრეთვე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეთ-------–---–-–---–ის სარჩელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 დეკემბრის №2920 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილია სახელწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ეთ-------–---–-–---–ის სარჩელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, 2016 წლის 13 დეკემბრის №2920 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24 ) მეშვეობით.
მოსამართლე რომან კუპატაძე