გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
130210119002832202
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210119002832202

2-58-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

29 მარტი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევანი ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება "ფ----------------------–--"

წარმომადგენლები ა-----------–---–--------------------------შვილი

მოპასუხეები ნ---–---------–---–-------–------------შვილი

წარმომადგენელი გი------------ძე

დავის საგანი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ: ,,ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ 13 189 ლარი და 55 თეთრი, საიდანაც 8 926 ლარი და 97 თეთრი სესხის ძირი თანხაა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - სარგებელი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო, 18 ლარი და 15 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 150 ლარი - ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების საფასური (სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი:15:06:25-15:06:58).

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 16 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, ნ---–---------შვილმა ,,ფ----------------------–--საგან“ მიიღო 10 000 ლარი 1 105 დღის ვადით, წლიური 29%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 1.00%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, მხოლოდ 60 დღის ვადაში. იმავე დღეს დადებული ხელშეკრულებით, ლ------------შვილმა მოსარჩელის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ნ---–---------შვილის ვალდებულებაზე;

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გაფრთხილების მიუხედავად, ,,ფ----------------------–--ს“ წინაშე ვალდებულებას არ ასრულებენ. დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, გადასახდელი აქვთ 13 189 ლარი და 55 თეთრი, საიდანაც 8 926 ლარი და 97 თეთრი სესხის ძირი თანხაა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - სარგებელი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო, 18 ლარი და 15 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 150 ლარი - ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების საფასური.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე - 7 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში (შესაგებელი; 2019 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი: 14:41:00-14:41:20; 14:49:20-14:49:35).

მოპასუხე მიუთითებს, მოსარჩელისაგან მიღებული 10 000 ლარიდან 3 000 ლარი გადახდილი აქვს. არ უნდა დაეკისროს სარჩელში აღნიშნული გამარტივებული წარმოების საფასური 150 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა 18.15 ლარი. ასევე, მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 16 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, ნ---–---------შვილმა ,,ფ----------------------–--საგან“ მიიღო 10 000 ლარი 1 105 დღის ვადით, წლიური 29%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 1.00%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, მხოლოდ 60 დღის ვადაში. იმავე დღეს დადებული ხელშეკრულებით, ლ------------შვილმა მოსარჩელის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ნ---–---------შვილის ვალდებულებაზე;

მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ;

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 3 000 ლარი და გადასახდელი დარჩა მხოლოდ 7 000 ლარი. მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში ნ---–---------შვილსა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და 2018 წლის ივლისის შემდეგ, თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ნ---–---------შვილისა და ლ------------შვილისაგან, რომელიც თავდებად დაუდგა კრედიტორის წინაშე მსესხებელს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მისი ვალდებულების შესასრულებლად;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

მოსარჩელე არ უარყოფს, რომ მოპასუხე სგადახდილი აქვს, 6 თვის განმავლობაში, 2556 ლარი. თუმცა, ეს გარემოება არ არის სარჩელის მხოლოდ 7 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი, - როგორც მოპასუხე მხარე მიუთითებს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების უარმყოფელი მტკიცებულებები, რომ მის მიერ გადახდილი თანხა არ ნაწილდებოდა ხელშეკრულების პირობების, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, როგორც ასახულია გადახდების ისტორიაში. შესაბამისად, დადგენილია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ 8 926 ლარი და 97 თეთრი სესხის ძირი თანხა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - სარგებელი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო;

მოპასუხე მხარის მიერ მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ შეეცადა ძირითადი მოვალის მიმართ აღსრულებას, ასევე არ არის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან თავდებობის ხელშეკრულებით (ს.ფ.23-24) მხარეები შეთანხმდნენ კრედიტორისათვის, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე თავდებისადმი მოთხოვნის წაყენების უფლების მინიჭებაზე. გარდა ამისა, სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ, მოპასუხეების წინააღმდეგ, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების წესით 2018 წლის 2 ოქტომბერს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მაგრამ დავალიანების შესახებ ბრძანება არ გამოიცა ლ------------შვილის და ნ---–---------შვილის მიერ პროტესტის წარდგენის გამო (ს.ფ.39);

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

ძირითადი მოვალე 2018 წლის ივლისის შემდეგ ვალს არ იხდის. მოსარჩელემ, ის, 2018 წლის აგვისტოში, უშედეგოდ გააფრთხილა ვადის გადაცილების შესახებ. კრედიტორის მიერ გაფრთხილებულია თავდებიც - 2018 წლის სექტემბერში (ს.ფ.29-32);

ამდენად, თავდების ვალდებულების გამომრიცხავი გარემოებები არ არსებობს;

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეების წინააღმდეგ, დავალიანების გამარტივებული წესით გადახდევინების მოთხოვნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გადაიხადა 150 ლარი. მოითხოვს ამ თანხის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 9111 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში.

გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ, მართლაც მიმართა აღნიშნული მოთხოვნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მაგრამ გადახდევინების შესახებ ბრძანება არ გამოიცა მოპასუხეების მიერ პროტესტის წარდგენის გამო (ს.ფ.39). მოპასუხეები (რესპონდენტები) არ იყვნენ ვალდებული ეღიარებინათ მოთხოვნა რაც მათი უფლებაა. ,,ფ----------------------–--ს“ მოთხოვნის საფუძველზე გადახდევინების ბრძანება არ გამოიცა, რაც არ ავალდებულებს ნ---–---------შვილს და ლ------------შვილს გადაიხადონ აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გათვალისწინებული საფასური;

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ სიცოხლის დაზღვევის თანხა 18.15 ლარი. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია სესხის ხელშეკრულების დანართი სიცოცხლის დაზღვევის პოლისი (ს.ფ.25-28). არც ,,პოლისიდან“ დგინდება და არც სხვა მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ გადაიხადა მოპასუხის სიცოცხლის დაზღვევისათვისათვის თანხა. შესაბამისად, ამ თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

მოთხოვნილი პირგასამტეხლო 363.85 ლარი, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეა, ძირი თანხის ოდენობის, დროის იმ მონაკვეთის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც ვალდებულება არ სრულდებოდა, შეუსაბამოდ მაღალი არ არის, - როგორც მოპასუხე მხარემ მიუთითა.

ამდენად, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - ძირი თანხის 8926 ლარის და 97 თეთრის, პროცენტის - 3 730 ლარის და 58 თეთრის და პირგასამტეხლოს - 363 ლარის და 85 თეთრის მოთხოვნის ნაწილში;

მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას იმ საფუძველზე მითითებით, რომ აღნიშნულზე მხარეები შეთანხმდნენ;

მოპასუხეს მიაჩნია, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს მოთხოვნას და შესაბამისად, ის, არ უნდა დაკმაყოფილდეს;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტით (ს.ფ.16-20) გათვალისწინებულია, რომ მხარეთა შორის დავაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად. იგივეა აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებაშიც (ს.ფ.23-24);

ამდენად, მოსარჩელის თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარის იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

მოცემულ შემთხვევაში ,,ფ----------------------–--ს" სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 395 ლარი და 70 თეთრი. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 7 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში და უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი - სარჩელზე გადახდილი 210 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 26 ლარი და 50 თეთრი, სულ - 236 ლარი და 50 თეთრი;

სარჩელი დაკმაყოფილდა 13 021 ლარის და 40 თეთრის მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს, ამ თანხის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის თანხა 183 ლარი, ასევე - სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის ნაწილი 23 ლარი;

 

8.სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ლ-------------შვილს აეკრძალა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ------ში მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდი 6-----------, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ნ---–---------შვილს და ლ------------შვილს დაეკისროთ სააქციო საზოგადოება ,,ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ 13 021 ლარის და 40 თეთრის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც 8926 ლარი და 97 თეთრი ძირი თანხაა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - პროცენტი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო;

2. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 395.70 ლარის ნაწილი 210 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ნაწილი - 26 ლარი და 50 თეთრი, სულ - 236 ლარი და 50 თეთრი;

ნ---–---------შვილს და ლ------------შვილს სოლიდარულად გადახდეთ სს ,,ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ 206 ლარი, საიდანაც 183 ლარი სარჩელზე და 23 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხა;

3. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი