გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3018-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: ვ----–---------ე
წარმომადგენელი: გ--------------–---–ი
მოპასუხე: ა------------------ე
წარმომადგენელი: რ----------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროს მოპასუხე ა------------------ეს, მოსარჩელე ვ----–---------ის სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4000 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, ვ----–---------ესა და ა------------------ეს შორის 2016 წლის 3 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 5000 აშშ დოლარი, რაც გაფორმდა სანოტარო წესით და ძალაში იყო სასესხო ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე, სესხი გაცემული იყო პროცენტული სარგებლის გარეშე. 2016 წლის 12 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი სესხის ხელშეკრულება უკვე 4000 აშშ დოლარზე, ვინაიდან მოპასუხემ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვ. მ-------ეს დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი, სესხი გაიცა 2019 წლის 12 ნოემბრამდე, ასევე პროცენტული სარგებლის გარეშე. ვადის დადგომის მიუხედავად მოპასუხე არ აბრუნებს სესხის თანხას. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა და იგი გახდა გადახდისუუნარო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ თავისი ქონებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 3 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ა------------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ა------------------ეს ვ----–---------ემ ასესხა 5000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი(სარჩელი/შესაგებელი);
- სანოტარო აქტი (იხ.ს.ფ. 19-21)
-
3.1.2. 2016 წლის 12 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვ----–---------ემ ა------------------ეს ასესხა 4000 აშშ დოლარი, ვინაიდან მოპასუხემ წინამდებარე ხელსეკრულებიდან გამომდინარე ვ. მ-------ეს დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 2019 წლის 12 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი-შესაგებელი);
- სანოტარო აქტი (იხ. ს.ფ. 16-17);
3.1.3. მნიშვნელოვანი უდავო გარემოებაა, რომ მხარებს შორის ამ უკანასკნელ სასესხო ურთიერთობამდე არსებობდა სხვა სესხის შეთანხმება 5000 აშშ დოლარზე. ამ შეთანხმების შესრულების ვადა სარჩელის წარმოდგენის დროისათვის უკვე დამდგარი იყო, თუმცა სესხი არ დაბრუნებულა.
შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება მოპასუხის მიმართ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (იხ. სხდომის ოქმი);
- განცხადების მირების ბარათი(იხ. ს.ფ. 58);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ----–---------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე და 627-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე 4000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე წარმოიშვა 2016 წლის 12 ნოემბერს წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელწერილიდან გამომდინარე.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულბით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი იძულებით შესრულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს ეკისრება ვალდებულება, დააბრუნოს სესხად მიღებული თანხა, ხოლო გამსესხებელს კი აქვს უფლება მოითხოვოს მის მიერ გადაცემული თანხა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 12 ნოემბერს, 2019 წლის 12 ნოემბრამდე მოსარჩელე ვ----–---------ემ მოპასუხე ა------------------ეს სესხის სახით გადასცა 4000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე. ამავე ხელწერილით მსესხებელი იღებს ვალდებულებას მიღებული სესხი დაუბრუნოს გამსესხებელს დადგენილ ვადაში.
ცალსახაა, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა.
თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისთვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.
მოპასუხე, ა------------------ე შესაგებელში უთითებს, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა, პირიქით უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა იმასთან შედარებით რაც იყო სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი სახელფასო ცნობით (იხ. ს.ფ. 42), თუმცა მოსარჩელე ვ----–---------ემ სასამართლოს წარმოუდგინდა სააღსრულებო ბიუროს განცხადების მიღების ბარათი, სადაც ჩანს, რომ მოპასუხე ვერ ახერხებს იმ სესხის დაფარვას, რომელიც მხარეებს შორის დადებული წინა შეთანხმების თანახმად, სარჩელის წარმოდგენისათვის უკვე ვადამოსულია. შესაბამისად, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. შესაბამისად, მისაღები და გონივრულია მოსარჩელის მსჯელობა, რომ მომდინარე სასესხო ურთიერთობაშიც მოპასუხე ვეღარ გამოიცენს სათანადო კეთილსინდისიერებას.
განვითარებული მსჯელობის შედეგად სასამართლო შენიშნავს, რომ საქმეზე მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი სადავო თანხა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს 4000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარისთ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში ვ----–---------ის მიერ გაღებული პროცესის ხარჯები შედგება სახელმწიფო ბაჟისგან, რომლებიც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილების გამო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ვ----–---------ის სასარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს ა------------------ეს, ვ----–---------ის სასარგებლოდ 4000 (ოთხიათასი) აშშ დოლარის გადახდა.
2. დაეკისროს ა------------------ეს ვ----–---------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 313 (სამასცამეტი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი