გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/24986-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - მ----ა კ-----–ი
წარმომადგენელი - მ--- ტ--–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ვ--------გ-------ა’’
წარმომადგენელი - ხ------------ა, ე-–------------------ე
დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ვ--------გ-------ა’’-ს მოსარჩელე მ----ა კ-----–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის - 9 600 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელე მ----ა კ-----–ი შპს ,,ვ--------გ-------ა’’-ში მუშაობდა 1997 წლიდან ფინანსების მენეჯერის თანამდებობაზე. 201- წლის 19 აპრილს მოსარჩელეს მოპასუხე კომოანიის დირექტორისგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ 201- წლის მაისიდან აღარ უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში, ვინაიდან იგი გათავისუფლებული იყო.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, 201- წლის აპრილის ბოლოს წერილობით მოითხოვა კუთვნილი შვებულება, რაც დაკმაყოფილდა. იგი შვებულებაში იმყოდებოდა 201- წლის 26 მაისის ჩათვლით, რის შემდეგაც, კომპანიის დირექტორის ზეპირსიტყვიერი მითითების შესაბამისად სამსახურშია აღარ გამოცხადებულა. 201- წლის 05 მაისს მოპასუხისგან მას ჩაერიცხა 201- წლის აპრილის თვის ხელფასი და 201- წლის შვებულების თანხა.
201- წლის 13 ივნისს მან მიმართა დამსაქმებელს და მოსთხოვა წერილობითი დასაბუთება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრანება მოსარჩელეს ჩაბარდა 201- წლის 1- ივნისს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მოპასუხე შპს ,,ვ--------გ-------ა’’-მ დაარღვია საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული 37-ე და 38-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სამსახურიდან მისი გათავისუფლება განხორციელდა უსაფუძვლოდ, და ამასთანავე, მას აღნიშნულის შესახებ წერილობითი შეტყობინება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეკისრება მის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის - 9 600 ლარის ანაზღაურება.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც არ ითვალისწინებს არც რაიმე სახის კომპენსაციის ან/და რაიმე სახის ფულადი ვალდებულების შესრულებას დამსაქმებლის მხრიდან. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელეს შპს ,,ვ--------გე------ა’’-ს დირექტორის 201- წლის 31 მარტის ბრძანების საფუძველზე, ზეპირსიტყვიერად, ერთი თვით ადე ეცნობა დაკავებული პოზიციიდან 201- წლის 01 მასიდან გათავისუფლების და გათავისუფლების საფუძვლის თაობაზე. თუმცა ამის ოფიციალური ვალდებულება კომპანიის დირექტორს არ გააჩნდა, რადგან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, კერძოდ, მოსარჩელის მიერ არაერთგზისი და უხეში შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების დარღვევა, კომპანიის ფინანსური ოპერაციებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამუშაოების შესრულების მუდმივი დაგვიანება, რამდენჯერმე დაფიქსირებული სამუშაოს არაჯეროვანი შესრულება და რიგი სამუშაოების შეუსრულებლობა. იმ გარემოებას, რომ მოსარჩელისთვის ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ გაცილებით უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე ის უთითებს სარჩელში, მოწმობს აპრილის თვეში მისი კომპანიის გერმანული მხარის წარმომადგენლისათვის მიწერილი წერილი.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელეს კომპანიის დირექტორისათვის გაგზავნილ წერილში ნახსენები აქვს შვებულების საკითხი, მაგრამ კომპანიის დირექტორის მხრიდან მასთან არ მომხდარა არც კომუნიკაცია და არც შესაბამისი შვებულების შესახებ ბრძანების მიღება, რადგან იგი გათავისუფლებული იქნა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, დარღვევის და არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით. მოსარჩელეს საერთოდ არ ეკუთვნოდა შვებულება, მიუხედავად ამისა, თვითნებურად, კომპანიის ინტერესების გაუთვალისწინებლად და დირექტორის ბრძანების გარეშე ისარგებლა ერთთვიანი შვებულებით.
201- წლის 05 მაისს მოსარჩელეს ნამდვილად ჩაერიცხა აპრილის თვის ხელფასი, ხოლო ამავე თარიღში ჩარიცხული თანხა 4 800 ლარის ოდენობით, იყო მოსარჩელისთვის კომპანიის დირექტორის მიერ ჰუმანურობის პრინციპიდან და კეთილი ნებიდან გამომდინარე გაცემული ერთჯერადი დახმარება კომპენსაციის და ხელფასის ტოლი თანხის სახით. აღნიშნული თანხის გადარიცხვის დროს დაშვებული იქნა ბუღალტრული შეცდომა და დანიშნულებაში ნაცვლად კომპენსაციისა მიეთითა შვებულების ანაზღაურება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ----ა კ-----–ი შპს ,,ვ--------გ-------ა’’-ში დასაქმებული იყო 1997 წლიდან.
2008 წლის 01 იანვარს მხარეთა შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 4 500 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს ევალებოდა ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ოპერაციების ჩატარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.38-43);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს ,,ვ--------გე------ა’’-ს გენერალური დირექტორის 201- წლის 31 მარტის #0----.0-.1- ბრძანების თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპანიის ფინანსური ოპერაციებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამუშაოების მუდმივად დაგვიანებით, არაჯეროვანი შესრულების და ასევე აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობით კომპანიისთვის ზიანის მიყენების გამო, 201- წლის 01 მაისიდან კომპანიის ფი-------------------ი მ----ა კ-----–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ამავე ბრძანების თანახმად განისაზღვრა მოსარჩელე მ----ა კ-----–ისათვის არაუგვიანეს 201- წლის 07 მაისისა კომპენსაციის გადახდა ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.21);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. შპს ,,ვ--------გე------ა’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მარტის #0----.0-.1- ბრძანება მოსარჩელეს მისი მოთხოვნის საფუძველზე წერილობით ჩაბარდა 201- წლის 17 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ.19);
- მომართვა (ს.ფ.20);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 05 მაისს მოსარჩელე მ----ა კ-----–ს შპს ,,ვ--------გე------ა’’-სგან ჩაერიცხა 4 730 ლარი დანიშნულებით - ,,ხელფასი აპრილი 2017’’ და 4 800 ლარი დანიშნულებით - ,,შვებულების თანხა 2017’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.16-18);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მ----ა კ-----–ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შპს ,,ვ--------გე------ა’’-ს გენერალური დირექტორის მიერ ზეპირად ეცნობა 2017 წლის აპრილის თვის ბოლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმოწერა (ს.ფ.22);
- ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მ----ა კ-----–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე, 38-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვს კომპენსაციის დაკისრებას ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე პუნქტი.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ი’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ შპს ,,ვ--------გე------ა’’-ს გენერალური დირექტორის 2017 წლის 31 მარტის #0----.0-.1- ბრძანების თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპანიის ფინანსური ოპერაციებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამუშაოების მუდმივად დაგვიანებით, არაჯეროვანი შესრულების და ასევე აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობით კომპანიისთვის ზიანის მიყენების გამო, 2017 წლის 01 მაისიდან კომპანიის ფი-------------------ი მ----ა კ-----–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი მოხმობილი 38-ე მუხლის მეორე პუნქტის დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ იგი ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული წინაპირობების (37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ი’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები) არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა დამსაქმებლის მიერ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37 მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან და კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს, რა დროსაც განსაზღვრული არ არის დასაქმებულის წინასწარ ინფორმირების ვადა და დასაქმებულს არ მიეცემა არავითარი კომპენსაცია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვისას მოსარჩელემ მიუთითა დამსაქმებლის მიერ ბრძანებაში მითითებული საფუძვლის უსაფუძვლობაზე, მას დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია გათავისუფლების შესახებ ბრძანების ნამდვილობა. შესაბამისი მოთხოვნის არ არსებობის პირობებში კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ან/და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლიანობაზე. სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა კი ავტომატურად გამორიცხავს 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული პირის სასარგებლოდ დამსაქმებლისთვის კომპენსაციის გადახდის დაკისრების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----ა კ-----–ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ვ--------გ-------ა’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია