გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-211-19
(საქმე N190210019002840845)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - ა-- ბ---–---–ი
მოპასუხე - გ-- გ-------–-ა
წარმომადგენელი - მ----- ლ------
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე გ-- გ-------–-ას დაეკისროს ალიმენტის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-----------------ს დაბადებული გ---- გ-------–-ას სასარგებლოდ თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ალიმენტის თანხა შეამცირა 200 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ-- გ-------–-ამ წარმოდგენლი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ რადგან არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ამ თანხის გადახდის საშუალება მას არ აქვს, თანახმაა გადაუხადოს ალიმენტი შვილს 100 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა-- ბ---–---–სა და და მოპასუხე გ-- გ-------–-ას რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში - 2----–-–-----------------ს შეეძინათ ვაჟი - გ---- გ-------–-ა.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა
3.1.2 მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2019 წლის 17 იანვარს.
მტკიცებულება: განქორწინების მოწმობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შვილი ამჟამად ცხოვრობს დედასთან, რომელიც არ მუშაობს, არა აქვს საკამარისი შემოსავალი ბავშვის სათანადოდ სარჩენად, მისი აღზრდის სახსრები. მოპასუხე მატერიალურად არ ეხმარება მას, არ აქცევს შვილს ყურადღებას.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2. მოპასუხე გ-- გ-------–-ას აქვს არასტაბილური შემოსავალი. მისი შემოსავალი საშუალოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეადგენს ყოველთვიურად 432 ლარს.
მტკიცებულება: ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ცნობა სს „ნიკორა ტრეიდის „ მიერ გაცემული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 140 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანებამდე;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი გ---- გ-------–-ა ცხოვრობს დედასთან, რომელიც არ მუშაობს, არა აქვს საკმარისი შემოსავალი ბავშვის სათანადოდ რჩენისათვის.
მოპასუხე მხარე თანახმა შვილს გადაუხადოს ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით.
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 200 ლარის ოდენობით, არ არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, იგი არის დამოკიდებული პერიოდულად შესასრულებელ სამუშაოზე , მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი არის 432 ლარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 140 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილის 2----–-–-----------------ს დაბადებული გ---- გ-------–-ას სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 08 თებერვლიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აღნიშნულის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 14.4 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. რომელიც გაანგარიშებული იქნა ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის იმ ნაწილის შესაბამისად, რა ნაწილშიც მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და რაც დააკისრა სასამართლომ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ა-- ბ---–---–ის სარჩელი მოპასუხე გ-- გ-------–-ას მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე გ-- გ-------–-ას (პ/ნ 3----------) დაეკისროს ალიმენტის სახით მისი არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-----------------ს დაბადებული გ---- გ-------–-ას (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ყოველთვიურად თვეში 140 (ას ორმოცი) ლარის გადახდა სასამართლოში სარჩელის შემოტანის მომენტიდან - 2019 წლის 08 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე;
3. მოპასუხე გ-- გ-------–-ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 14.4 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი