განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
010100119002836869
დავის ტიპი
276 5 , 276 1
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002836869

საქმე №1-104/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

მირანდა თურმანიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ბ---–----–---–------ის

ბრალდებულის - ვ------–-- მ---------ს

ადვოკატის - პ----------–----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075071118002 საქმე :

 

ბრალდებულ ვ------–-- მ---------ს მიმართ

მამის სახელი: ა--–--

დაბადებული: 1-.0-.1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ს--------------–---–------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ---------------–-------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილები - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 07 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბ------–--------------–-------------ის მოპირდაპირედ, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით U------, მართვისას მძღოლმა ვ------–-- მ---------მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 25-ეს, პუნქტი 2-ის, ქვეპუნქტი „ბ“-ს, მუხლი 33-ეს, პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა ქვვეითად მოსიარულეებს ნ-----–---------–-–ს და ი------------–--–ს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ-----–---------–-–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ი------------–--–ი გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულმა ვ------–-- მ---------მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ო-–-- დ----–-–ის ჩვენებებისა - სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ო-–-- დ----–-–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებულის დაუდევრობის გამო დაკარგა მამა, ხოლო დედა დღემდე მკურნალობას გადის და საბოლოოდ გამოჯანმრთელებული არ არის. ამიტომ დაზარალებულების ოჯახი დაინტერესებულია ბრალდებულის დასჯით, მათი სურვილი და პოზიციაა მ---------ს მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენება, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------–-- მ---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

6. მოწმეების - მ-----–-–--–---------–-----------------------------------–--------------------------–-----–-------–---------–--–ის ჩვენება; 2018 წლის 07 ნოემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” სამედიცინო ექსპერტიზის №008429618 დასკვნა, რომლის თანახმად, ი------------–--–ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, ღეროს ჩაჭედვა, დისლოკაცია, გამოწვეული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმით, თავის ტვინის, რბილი და მაგარი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების მოტეხილობის შედეგად. ი------------–--–ის სიკვდილი კონსტატირებულია 07.11.2018 წლის 23:50 საათზე. ი------------–--–ის გვამზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2018 წლის 13 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №008546518 დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის 13 ნოემბერს ნ-----–-- დ----–--–ი მოთავსებული იქნა საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი - მარჯვენა დიდი წვივის დიაფიზის შუა და ქვედა მესამედის ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით. მარჯვენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 17 დეკემბრის №ს/ტ-375 დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 31 დეკემბრის №401/ა დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ვ------–-- მ---------ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 25, პუნქტი 2-ის, ქვეპუნქტი „ბ“-ს და მუხლი 33, პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა;

 

7. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 25, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „ბ“-ს თანახმად: თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.

 

8. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 33, პუნქტი 2-ის თანახმად: სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

 

9. კანონის სწორედ აღნიშნული მოთხოვნები დაარღვია ვ------–-- მ---------მ ავტომანქანის მართვისას, რის გამოც შეეჯახა შეეჯახა ქვვეითად მოსიარულეებს ნ-----–-- დ----–--–ს და ი------------–--–ს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ-----–-- დ----–--–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ი------------–--–ი გარდაიცვალა.

 

10. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

12. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

13. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ------–-- მ---------ს ბრალდების დადასტურება.

 

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

17. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

18. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

19. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

20. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ------–-- მ---------მ დაარღვია ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, რამაც ი------------–--–ის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ნ-----–-- დ----–--–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია. შესაბამისად, ვ------–-- მ---------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

23. ვ------–-- მ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

24. ვ------–-- მ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

26. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

27. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

28. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

29. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

30. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

31. სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

32. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

33. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, ბრალდება გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს. გასათვალისწინებელია ასევე ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების მძიმე შედეგი - გარდაცვლილია ადამიანი, ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა. დაზარალებული დრუშიჩცის უფლებამონაცვლეს ბრალდებულის მიმართ აქვთ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, ითხოვს მის დასჯას.

34. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ------–-- მ---------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, მინიმალური - 4 (ოთხი) წლის ვადით. სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულ ვ------–-- მ---------ს მიმართ, რომელიც არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი, ჩადენილი აქვს გაუფრთხილებლობითი დანაშაული, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და ვინაიდან ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

35. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

36. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით U------, რომელიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტო 23“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: ვ------–-- ა--–--ის ძე მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლი მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე (სასჯელის 1/3), სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებული ვ------–-- მ--------- დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 29 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ ვ------–-- მ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცება - „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით U------, რომელიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტო 23“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი