გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
330210118002783691
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#2/37214-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.03.2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე ალ------- აზ----

წარმომადგენელი ა-------------ე, ლ---------------ე

მოპასუხე შპს Ge-----------------e

წარმომადგენელი ფ---------------ნ

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს Ge-----------------e - ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 23750 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 შპს Ge-----------------e - ს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს შესაგებელი, რომლის მიხედვით მოპასუხე მხოლოდ ფორმალურად უარყოფს სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ გარემოებებს, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 10 თებერვალს გაცემული მინდობილობის შესაბამისად. შპს Ge-----------------e - ის დირექტორმა ყ------------–---------–------------------------ნს მიანიჭა იურიდიული პირის სახელით უფლებამოსილება, რომელიც მათ შორის მოიცავს საზოგადოების სახელით გარიგებებზე ხელმოწერის და ვალდებულების აღების უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მინდობილობა (ს.ფ 26-29)

 

3.1.2. ალ------- აზ----ს და სარაჯედდინ მეჰრანის მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტის შინაარსით შპს Ge-----------------e - ის სრული დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 23750 აშშ დოლარს.

 

მხარეები აღიარებენ, რომ შპს Ge-----------------e - ს ალ------- აზ----ს მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა განმარტება ვალის აღიარების შესახებ (ს.ფ 30)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავაო გარემოებები არ დასახელებულა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ------- აზ----ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 319-ე, 341-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. სსკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს Ge-----------------e - ის წარმომადგენელ სარაჯედდინ მეჰრანსა და ალ------- აზიზს შორის შედგენილი ვალდებულების აღიარების ხელწერილი შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.

კერძოდ მასში მითითებულია კონკრეტული დავალიანება 23750 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს გააჩნია ალ------- აზ----ს მიმართ ასევე ვალდებულების შესრულების ვადა.

 

შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნიაშპს Ge-----------------e - ის მიმართ ვალის აღიარების ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 23750 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შედეგა შპს Ge-----------------e - ს უნდა დაეკისროს ალ------- აზ----ს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2195,25 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა არ უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გადაწყვიტა

 

1. ალ------- აზ----ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს Ge-----------------e - ს მიმართ დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეს დაეკისროს 23750 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

2. შპს Ge-----------------e - ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2195,25 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე