განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002797122
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/38-19 18 მარტი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031040119001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: იზოლდა მელიქიშვილი
ბრალდებული: ი-–--- ი---------ოვი
მამის სახელი: კურბან
დაბადებული: 1986 წლის 7 აგვისტო
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–----------–--–---–-------------------–--------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 01:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში მდებარე ი-–--- ი---------ოვის და ა------ ბ---------ას ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-–--- ი---------ოვმა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლის, რომ ცოლი უნდა უსმენდეს, ყოველთვის უჯერებდეს, კარგად ემსახურებოდეს მას და აბაზანის მიღებისას დროულად მიჰქონდეს წყალი, ხელების გვერდში რამდენჯერმე დარტყმის და მუშტის მარჯვენა თვალში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის -ა------ ბ---------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი-–--- ი---------ოვის მიერ ა------ ბ---------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - გურვენ ი---------ოვი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
საქმის მასალებით დადგენილია რომ ი-–--- ი---------ოვი არის დაზარალებული ა------ ბ---------ას მეუღლე, ხოლო გურვენ ი---------ოვი არის მათი არასრულწლოვანი შვილი. (დაბადებული - 2010 წლის 28 აგვისტო).
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ა------ ბ---------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გურვენ ი---------ოვის და ოთარ ქებაძის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 4 იანვრის ოქმით გარეგნული დათვალიერების შესახებ, ა------ ბ---------ას სამედიცინო დოკუმენტაციით, 2019 წლის 5 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ი-–--- ი---------ოვმა მეუღლის ა------ ბ---------ას მიმართ განახორციელა ძალადობა, მათი არასრულწლოვანი შვილის - გურვენ ი---------ოვის თანდასწრებით.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი-–--- ი---------ოვმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი-–--- ი---------ოვის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი-–--- ი---------ოვის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ა------ ბ---------ას გამოკითხვის ოქმი, გურვენ ი---------ოვის და ოთარ ქებაძის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 4 იანვრის ოქმი გარეგნული დათვალიერების შესახებ, ა------ ბ---------ას სამედიცინო დოკუმენტაცია, 2019 წლის 5 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი-–--- ი---------ოვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი-–--- ი---------ოვის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-–--- ი---------ოვმა ა------ ბ---------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ ი-–--- ი---------ოვი შერიგებულია დაზარალებულთან, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ი-–--- ი---------ოვს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ი-–--- ი---------ოვს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-–--- ი---------ოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ი-–--- ი---------ოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ი-–--- ი---------ოვს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 4 იანვრიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე