განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-----------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–------------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, გ-–--------------–-----------------------------------
ადვოკატი - ი-----–-------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ზ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 22:25 საათზე, თბილისში, დ-------------------–------------ში ყოფნისას ზ----------------–---–მა მეუღლეს ხ-------------–იას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა ხელი მარცხენა მკლავზე და დაარტყა ხელი გულ-მკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ზ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ზ----------------–---–ი მეუღლეს ხ-------------–იას, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის ლ--------------–---–ის თანადასწრებით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მორალური ზიანი.
ე.ი. ზ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ზ----------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–-------ამ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები დაზარალებულ ხ-------------–იას ჩვენებების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
დაზარალებულ ხ-------------–იას ჩვენებით დასტურდება, რომ ზ----------------–---–ი არის მისი მეუღლე და შვილების მამა, მასთან 20 წელი იცხოვრა და სულ დაძაბული იყო. ხშირად კონფლიქტები მოსდიოდათ, რადგან ზ----------------–---–ი ადრე წამალდამოკიდებული იყო, შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდა და სასმელზე გახდა დამოკიდებული. ის ნებისმიერ დროს, სახლში, თუ გარეთ, ასევე საზოგადებაში უფლებას აძლევდა თავის თავს მიეყენებინა მისთვის შეურაცხყოფა, როგორც მორალური, ასევე ფიზიკური, ფსიქოლოგიური. აგრესია არა მარტო მასზე, არამედ ოჯახის წევრებზეც მოდიოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინც არ უნდა ყოფილიყო როცა ნასვამი იყო ყველას მიმართ იყო აგრესიული, ბავშვების მიმართაც, არაერთხელ მიუყენებია შეურაცხყოფა დედისთვის დისთვის, სანათესაოსთვის, ის არის ჩამოყალიბებული მოძალადე, რომელიც მანიპულირებს. ერთხელ ისეთ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, რომ ზ----ას დეიდასთან იყვნენ სტუმრად, იქაც ისეთი აგრესიული იყო, დეიდამისმა იგი გამოაპარა თორე შეიძლება იქვე მოეკლა. 2015 წელსაც მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში იყო, თუმცა როდესაც გამომძიებელმა აუხსნა თუ რა ემუქრებოდა ზ----------------–---–ს სასჯელის სახით, აღარ უჩივლა, რადგან არ უნდოდა მისი შვილების მამა ციხეში ჩამჯდარიყო. ასევე მისმა მეუღლემ დაარღვია შემაკავებელი ორდერი, თუმცა ესეც ეპატია და ამიტომ აქვს დაუსჯელობის განცდა. გარდა ამისა როდესაც აგარაკზე ადიოდნენ, იქ ზ----აბი სულ თვრებოდა და შემდეგ ხდებოდა კონფლიქტები. მათი შვილი ლ---ა ხშირად ესწრებოდა კონფლიქტს. ლ---ას აყენებდა ღამის 3 საათზე, 4 საათზე და დაისვამდა გვერდით, ლ---ა ეხვეწებოდა მამა მეძინებაო და ეუბნებოდა ,,იჯექიო“. შორიდან უყურებდა როდის დაიძინებდა მამამისი რომ ბავშვი გამოეცალა. არც მეზობლების და არც უცხო ადამიანების წინაშე არ შერცხვენია შეურაცხყოფის მიყენება. სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოუწვევია მისი ფსიქიკური ტანჯვა, მორალურიც, ფიზიკურიც და ყველანაირად ანგრევდა მის ფსიქიკას. ამ ყველაფერს იტანდა და ითმენდა ოჯახის ხათრით. ამ ეტაპზეც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან, ლ---ა ამბობს, რომ როდის გაიზრდება დიდი, რომ გახდეს პოლიციელი და მამა დაიჭიროს, დაზარალებულები არიან მისი შვილები, ისინი ამ ტრამვას წლობით ატარებენ. რაც შეეხება 2018 წლის 23 ნოემბერს, საღამოს დაახლოებით 11:30 საათზე იმყოფებოდა სახლში, ისვენებდა საძინებელ ოთახში. ასევე სახლში იყვნენ მისი შვილები ზ----------------–---–ი და ლ--------------–---–ი და მისი რძალი ნ--–ა. მისმა მეუღლემ შემოაღო კარი მის ოთახში, იყო ნასვამი, თავიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მკლავზე მაგრად მოჰკიდა ხელი, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ზ----ა ცდილობდა გაეყვანა მისაღებ ოთახში, რადგან ზ----ას უყვარს თავისი საქციელის დემონსტრირება ყველას თანდასწრებით. მის ქმარს ხელის დარტყმა უნდოდა, თუმცა თავად ამის საშუალებას არ აძლევდა. ზ----აბმა მოასწრო მუშტის ჩარტყმა გულ-მკერდის არეში რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ გამოიქცა მისაღებ ოთახში, სადაც იყო ლ---ა. მის მეუღლემ ლ---ას მოჰკიდა ხელი და მისი წაყვანა უნდოდა, თუმცა თავად წინააღმდეგი იყო. მისი უფროსი შვილი ზ----------------–---–ი გამოვიდა საძინებლიდან და მამა-შვილს შორის გაგრძელდა კონფლიქტი. იყო არეული სიტუაცია, მამა შვილი კამათობდნენ, ნ--–ა ყვიროდა, ამ დროს გამოიძახა საპატრულო პოლიცია, მაგრამ სანამ მის მიერ გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა, მანამდე მის მეზობელსაც გამოუძახებია საპატრულო პოლიცია. 2018 წლის 25 დეკემბერს გადაყვანილი იქნა საპატრულო პოლიციის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მას დასჭირდა მკურნალობა, ნერვოპათოლოგის მიერ დანიშნული აქვს ფსიქოტროპული წამლები, 3 თვე უნდა სვას, დაბალი დოზებია. ამ ეტაპზე მისი ფსიქიკური ლაბილობა ადეკვატურია. ძალიან უკვირს როგორ გაუძლო ზ----------------–---–ს 20 წელი.
ბრალდებულმა ზ----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა განუმარტა, რომ ყველაფერს მეუღლე აბრალებს.
ზ----------------–---–მა (შვილმა) გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
მოწმე ნ------------–---–ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს თბილისში, დ-----------------------------ში 2018 წლის 14 ოქტომბრიდან მეუღლესთან ზ----------------–---–თან, მისი 8 წლის ძმასთან - ლ---ასთან და მის მშობლებთან ხ-------------–იასთან და ზ----------------–---–ისთვის ერთად. სახლში ხშირი იყო კონფლიქტი, ყვირილი და ლანძღვა-გინების ხმა, ძირითადად კონფლიქტის მხარეები იყვნენ მეუღლის მშობლები ხ-------------–ია და ზ----------------–---–ი. ასევე მის მეუღლეს და მამამის შორისაც ჰქონია კონფლიქტს და გაწევ-გამოწევას ადგილი, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია. 2018 წლის 23 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, საძინებელ ოთახში მის მეუღლესთან ერთად. სახლში იყვნენ ასევე მისი დედამთილი და მამამთილი და ლ--------------–---–ი. საძინებელში ესმოდა მისი მამამთილის ყვირილის და ლანძღვა-გინების ხმა ხ-------------–იას მიმართ, მაგრამ იმდენად ხშირი იყო ასეთი ფაქტები, მიხვდა რომ მამამთილი მთვრალი იყო და არ გასულა საძინებლიდან. მისი მეუღლე გავიდა და უსაყვედურა მამას, ესმოდა მისი მეუღლის და მამამთილის შელაპარაკების ხმა, მის მამამთილს უნდოდა ლ---ას წაყვანა, ხოლო მისი დედამთილი და მეუღლე ამის წინააღმდეგი იყვნენ. ამ დროს მისმა მეუღლემ ლ---ა შემოიყვანა ოთახში, რომელსაც შემოჰყვა მამამთილიც, მაგრამ ზ----აბმა ხელით გაწია და გაიყვანა ოთახიდან. დედამთილმა დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია.
არასრულწლოვანი მოწმის ლ--------------–---–ის განმარტებით, იგი ცხოვრობს დედ-მამასთან, ძმასთან და მის ცოლთან - ნ--–ასთან ერთად. სახლში მამა თითქმის ყოველდღე ჩხუბობს, სულ ყვირის. დედას უყვირის და უბრაზდება, ცუდ სიტყვებს ეუბნება. სამი დღის წინ (ჩვენება მისცა 2018 წლის 27 ნოემბერს), საღამოს მამა მივიდა მძინარე დედასთან, არ აძლევდა მას დაძინების საშუალებას, საბანს ხდიდა და ეუბნებოდა, რომ ლაპარაკი უნდოდა. მამა ყვიროდა და დედას ეჩხუბებოდა. მისაღებ ოთახში იჯდა სავარძელზე, როცა დედა და მამა შევიდნენ და ერთმანეთს უყვიროდნენ, მამა აგინებდა დედიკოს. მამას მისი წაყვანა უნდოდა, ეუბნებოდა ტანსაცმელი ჩაალაგე და წამოდიო, მას არ უნდოდა წასვლა, მამის ეშინია, იმიტომ რომ სულ ყვირის და ჩხუბობს. ურტყამდა ხოლმე ადრე დედას და ზ----ს. ამ ჩხუბის დროს ზ---- გამოვიდა და მამას ეუბნებოდა ბავშვს არსად არ წაიყვანო, ხელი ჰკრეს ერთმანეთს, დედამ გამოიძახა პოლიცია. მამამ რომ გაიგო პოლიცია მოდისო წავიდა სახლიდან.
მოწმე კ-----------–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს თ---–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-----------------------–--ის უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 27 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ ხ-------------–იას მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩამდენი პირი ზ----------------–---–ი იმყოფებოდა თბილისი, შ--–--–-----–-------------ში. აღნიშნული მიღებული ინფორმაცია დაუყონებლივ პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.
N2------ შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს 22:23 საათზე შეტყობინება შევიდა გაყოფილებაში, რომლის მიხედვითაც ადგილი აქვს ოჯახურ კონფლიქტს, ქალბატონი პანიკაშია, ძალადობა ხორციელდება ნასვამი მამაკაცის მხრიდან, სავარაუდოდ დასჭირდებათ ექიმიც. შეტყობინების ინიციატორია ა------------ე ( ს.ფ. 2).
N2------ შეტყობინების თანახმად დ-------------------ში ხ-------------–ია აცხადებს, რომ მისი მეუღლე ზ----------------–---–ი სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას (ს.ფ. 3)
2018 წლის 24 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული ხ-------------–ია. მან მიუთითა საძინებელ ოთახზე და განმარტა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს მისმა მეუღლემ ზ----------------–---–მა ძლიერად დაქაჩა მარცხენა მკლავზე რამდენჯერმე, რის გამოც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე სახეში შეაფურთხა და აგინებდა. შემდეგ ძლიერად ჰკრა ხელი გულ-მკერდის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. (ს.ფ. 7-11)
2----–-–----------------- N0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ხ-------------–იას მიმართ მისი მეუღლის ზ----------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც ზ----------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა (ს.ფ. 25-27) აღნიშნული დამტკიცებული იქნა 2----–-–----------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N3-------- გადაწყვეტილებით (ს.ფ. 28-30)
2018 წლის 24 ნოემბრის N0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ხ-------------–იას მიმართ მისი მეუღლის ზ----------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, არასრულწლოვანის თანდასწრებით, რის გამოც ზ----------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან, სადაც იმყოფება იმ ადგილებთან მიახლოების უფლება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე არასრუწლოვანი განცალკევდა მოძალადისგან (ს.ფ. 31-34)
2018 წლის 28 ნოემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ზ----------------–---–ი დაკავებული იქნა თბილისი, შ--–--–------------–--–--------------ში მდებარე ბ-–----------- საცხოვრებელ სახლში. დაკავებისას მას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია (ს.ფ. 62-67)
2018 წლის 11 დეკემბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ხ-------------–იამ ზ----------------–---–ის ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა (ს.ფ. 99-106)
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ზ----------------–---–ის მიერ ხ-------------–იას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ზ----------------–---–ი და ხ-------------–ია ცხოვრობდნენ ერთად და მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებულ ხ-------------–იას ჩვენებით დადასტურებულია, რომ მისი მეუღლე ზ----------------–---–ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ლანძღავდა, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, რაც იწვევდა მის ფსიქიკური ტანჯვას. ზ----------------–---–ი მას შეურაცხყოფას აყენებდა ყველას თანდასწრებით, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილის ლ--------------–---–ის თანდასწრებითაც. ხ-------------–იას გადმოცემით აარაერთხელ ჰქონდა ადგილი მისი მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფებს, მაგალითად 2015 წელს უფრო მეტად იყო დაზიანებული მისი მეუღლის მხრიდან, მაგრამ არ სურდა მისი შვილების მამა ციხეში მჯდარიყო, ასევე ხ-------------–იამ დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ 2018 წლის 23 ნოემბერს იძალადა მასზე, კერძოდ, საღამოს საათებში ზ----------------–---–ი იყო ნასვამი, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, შემდეგ მკლავზე მაგრად მოჰკიდა ხელი, ასევე მუშტი ჩაარტყა გულ-მკერდის არეში, რის გამოც ორივე შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გადმოსცა და დაადასტურა დაზარალებულმა 2018 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას, სადაც კონკრეტულად მიუთითა, ის ადგილი, სადაც მის მიმართ განხორციელდა ძალადობა მისი მეუღლის მხრიდან. ზ----------------–---–ის ქმედების შედეგად, ხ-------------–ია რომ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, დადასტურებულია ასევე 2018 წლის 11 დეკემბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით. ასევე ის, რომ ზ----------------–---–ის მხრიდან ხ-------------–იას მიმართ ადრეც ჰქონია ადგილი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, გარდა მოწმეების ჩვენებისა, დადასტურებულია ასევე 2----–-–----------------- N0----- შემაკავებელი ორდერით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ასევე მოწმე ნ------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ სახლში ხშირი იყო კონფლიქტები, ყვირილი და ლანძღვა-გინება, ძირითადად კონფლიქტის მხარეები იყვნენ მეუღლის მშობლები ხ-------------–ია და ზ----------------–---–ი, ასევე მისი მეუღლე და მამამისი. იმდენად ხშირად ხდებოდა ეს ფაქტი, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, როდესაც საძინებელში ესმოდა მამამთილის ყვირილის და გინების ხმა, ჩათვალა რომ ისევ ,,მთვრალი“ იყო და არც კი გამოსულა ოთახიდან. მხოლოდ მისი მეუღლე გავიდა და მამას დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა მისმა მეუღლემ და მამამისმაც იჩხუბეს. რაც შეეხება არასრულწლოვან ლ--------------–---–ს, მან განმარტა, რომ სახლში ზ----------------–---–ი თითქმის ყოველდღე ჩხუბობდა და ყვიროდა, ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა დედას - ხ-------------–იას, მას ეშინია მამის, რადგან სულ ჩხუბობს და ყვირის. ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს მამა და დედა ერთმანეთს უყვიროდნენ, კამათობდნენ. ლ--------------–---–ის ჩვენების თანახმად - ზ----------------–---–ი ადრე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის დედას და ძმას.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 22:25 საათზე, თბილისში, დ-------------------–------------ში ყოფნისას ზ----------------–---–მა მეუღლეს ხ-------------–იას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა ხელი მარცხენა მკლავზე და დაარტყა ხელი გულ-მკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 20 წელია ზ----------------–---–ი მეუღლეს ხ-------------–იას, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის ლ--------------–---–ის თანადასწრებით სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს, ამცირებს და ლანძღავს უშვერი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მორალური ზიანი.
ხ-------------–იას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის ფიზიკური (ის, რომ მისი მეუღლის მიერ განხორციელებული ქმედებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი) და ფსიქიკური მდგომარეობა (სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხ-------------–იამ ზ----------------–---–ის ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულის მიერ ფაქტების გახსენება და თხრობა იწვევდა მასში ემოციებს), რაც უტყუარად არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული წარმოადგენს ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ასევე ფსიქიკური ტანჯვა ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ზ----------------–---–მა ხ-------------–იას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ძლიერად მოქაჩა ხელი მარცხენა მკლავზე და დაარტყა ხელი გულ-მკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ზ----------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ დაახლოებით 20 წელია ზ----------------–---–ი მეუღლეს ხ-------------–იას, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის ლ--------------–---–ის თანადასწრებით სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს, ამცირებს და ლანძღავს უშვერი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მორალური ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ზ----------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს, ასევე საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია,რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ზ----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე - ხ-------------–იაზე, რომელთან ერთადაც ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად ძალადობდა ხ-------------–იაზე, მათ შორის არასრუწლოვანი შვილის ლ--------------–---–ის თანდასწრებით, რის გამოც ხ-------------–ია განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროების, სპეციფიკის და დანაშაულის გაგრძელების საფრთხის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ზ----------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით.
ზ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ზ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 28 ნოემბრიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე