გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
330210117001888545
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210117001888545

№2/10154-17

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე

 

მოსარჩელე - შპს „უნ------------------პ’’

წარმომადგენლები - მა----------–-–---–------–---------------ე

 

მოპასუხე - შპს „მე------ი’’

დირექტორი - იუ-–------------–---–ი

წარმომადგენელი - პა----------------ა

 

დავის საგანი - სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის აღკვეთა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ,,ბა----–----’’ განსაკუთრებული უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა, რაშიც მოიაზრება მოპასუხის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი „ბა----–----ს’’ იდენტური ან აღრევამდე მსგავსი, ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშან „ბა----–----ს’’ იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის იმპორტი და ზემოაღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2015 წლის 18 მარტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უნ------------------პის’’ სახელზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში’’ მე-5 კლასის სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირდა სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი „ბა----–----’’ (სარეგისტრაციო ნომერი M 2--------- R).

 

2016 წლის 11 ივნისს, 2016 წლის 20 ოქტომბერს, 2017 წლის 16 იანვარს და 2017 წლის 10 მარტს, მოპასუხემ საქართველოში განახორციელა ფარმაცევტული პროდუქციის (დასახელებით „მე-------–-------–---ი’’) იმპორტი, რითაც უნებართვოდ გამოიყენა სასაქონლო ნიშნი „ბა----–----’’.

 

მოპასუხის მიერ იმპორტირებული პროდუქცია, რომელზეც უნებართვოდ არის გამოყენებული მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „ბა----–----’’, იყიდება თბილისის აფთიაქებში.

 

აღნიშნული ქმედების აღსაკვეთად, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, მაგრამ მოპასუხემ ზეპირი კომუნიკაციისას უარი განაცხადა უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტაზე და კვლავ აგრძელებს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას, რაც მოსარჩელეს აყენებს მატერიალურ ზიანს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ უკანონოდ იქნა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოში სა-----------------------–----------ს მიერ აღძრულია სარჩელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სადავოდ არის გახდილი და დიდი ალბათობით არსებობს მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის სასაქონლო ნიშნების რეესტრში მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი ფარმაცევტულ პროდუქციაზე ,,ბა----–----’’, „Ba-----n’’, „Ба-----н’’ (M 2---7);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმობა;

 

3.1.2. მოპასუხემ 2016 წლის 23 მაისს განახორციელა ,,სკ ბა----–---- ა-----5’’ იმპორტი, 5040 შეფუთვის ოდენობით.

 

3.1.3. მოპასუხის მიერ 2016 წლის 11 ივნისს (15000 შეფუთვა), 20 ოქტომბერს (10000 შეფუთვა), 2017 წლის 16 იანვარს (7000 შეფუთვა) და 10 მარტს (20000 შეფუთვა) განხორციელდა პრეპარატ ,,მე----------------–-------------0’’-ს იმპორტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელეს სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------------------------–-----------------------–-–-------------–------- სააგენტოს წერილობითი მიმართვა.

 

3.1.4. მოპასუხის მიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე დატანილი ნიშანი ,,Me----------...’’, ,,мэ---------н...’’ მსგავსია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა ,,Ba-----n”, ,,Ба-----н’’ და სასაქონლო ნიშანი პროდუქციაზე მოთავსებულია უნებართვოდ.

 

3.1.5. ფარმაცევტულ პროდუქციაზე (რომლის რეალიზაციაც განხორციელდა საქართველოში) დატანილი სასაქონლო ნიშნების მსგავსების გამო, მაღალია ალბათობა მომხმარებელთა მხრიდან მათი აღრევისა (დიდია ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- მოსარჩელეს სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------------------------–-----------------------–-–-------------–------- სააგენტოს წერილობითი მიმართვა;

- შეფუთვა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სალარო აპარატის ჩეკები და ამონაწერები;

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სამართლებრივ დავას სა-----------------------–----------ს სარჩელისა გამო შპს „უნ------------------პის’’ მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე, რაც ამ ეტაპზე არსებითად განხილული (გადაწყვეტილი) არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ’’;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (viii) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.

 

6.2. სასაქონლო ნიშანი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა) დაცულ ქონებას წარმოადგენს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული ,,ქონების’’ ცნებაში /Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 73-78, ECHR 2007-I/ (შდრ: სუსგ №ას-1285-1223-2014).

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშნები, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან (შემდგომ - საქონელი). სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში’’ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

 

6.4. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი ფარმაცევტულ პროდუქციაზე ,,ბა----–----’’, „Ba-----n’’, „Ба-----н’’ (M 2---7) და გაცემულია მოწმობა, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. ამიტომ, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მტკიცება სამართლებრივ დავაზე მითითებით, რაც სასაქონლო ნიშნის უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტს შეეხება გამოირიცხოს მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება. ფაქტია, რომ სამოქალაქო დავა, რაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობას შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოშიც კი არ არის დასრულებული და არსებითად გადაწყვეტილი. შესაბამისად, სარჩელის განხილვის ეტაპზე მოსარჩელეს, როგორც განსაკუთრებული უფლების მქონე პირს აქვს უფლება პრეტენზიები წარუდგინოს მესამე პირს უფლების დარღვევის გამო.

 

6.5. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არის გრაფიკულად გამოსახული სიმბოლო, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორეს საწარმოს საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებელებმა შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ. იმავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. შესაბამისად, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმის დადგენა, არის თუ არა მოპასუხის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი დაცული ნიშნის აღრევამდე მსგავსი, რაც უნდა დადგინდეს იმ ფაქტორთა გათვალისწინებით, რასაც რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქვს ადგილი. მომხმარებელი, რომელიც აფთიაქში მიდის, მას არ აქვს საშუალება დაწვრილებით გაარჩიოს ერთმანეთისაგან სასაქონლო ნიშნების უმნიშვნელო ელემენტები. მომხმარებელი, პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მის მიერ უკვე შეძენილ პროდუქციაზე, რომლის თვისებებმა მასში კმაყოფილება გამოიწვია და სურს კვლავ იგივე თვისებების საქონელი შეიძინოს. ასეთ დროს უმნიშვნელო დეტალები მომხმარებელს არ ამახსოვრდება და საერთო შთაბეჭდილების შემქმნელი სურათი ამოტივტივდება ზედაპირზე, რომლის მიხედვით მოქმედებს მომხმარებელი და ხშირ შემთხვევაში, რიგითი მომხმარებელი არ არის გარკვეული მწარმოებლის ვინაობაში. მისთვის მთავარია მოძებნოს მსგავსება ადრეულ შენაძენის სასაქონლო ნიშანსა და სარეალიზაციოდ გამზადებულ საქონელზე არსებულ სასაქონლო ნიშანს შორის, რა დროსაც არსებითია საერთო შთაბეჭდილება, ერთიანი სურათი, სადაც დომინანტი ელემენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

6.6. სპეციალური კანონის 45-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი. კანონმდებელმა აღნიშნული დანაწესით მოახდინა პირის განსაკუთრებული უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა, კანონის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოხდეს დარღვეული უფლების აღდგენა, კერძოდ, არამატერიალური სიკეთის, კონსტიტუციით გარანტირებული ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობის დაცვა. ინტელექტუალურ სამართალში მიჩნეულია, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება შეფასებული უნდა იქნას ჟღერადობით, გრაფიკულად, აზრობრივად. ყურადსაღებია ახლობელი ბგერებისა და ბგერათშეთანხმების განლაგება ერთმანეთის მიმართ; მარცვლების დამთხვევა; მარცვლების რაოდენობა ნიშანში; ერთნაირი და ახლობელი ბგერათშეწყობების ადგილი სასაქონლო ნიშნის შემადგენლობაში; ერთი ნიშნის შესვლა მეორეში; ახლობელი და ერთნაირი ბგერების არსებობა. (იხ. ს.ჯორბენაძე, ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1998). სასაქონლო ნიშნები ფონეტიკურად და სემანტიკურად იმდენად მსგავსია, რომ ჩვეულებრივი მომხმარებელს გაუჭირდება მწარმოებლის გარჩევა. საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე დატანილი ნიშანი ,,Me----------...’’, ,,мэ---------н...’’ მსგავსია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა ,,Ba-----n”, ,,Ба-----н’’ და სასაქონლო ნიშანი პროდუქციაზე მოთავსებულია უნებართვოდ. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ფარმაცევტულ პროდუქციაზე (რომლის რეალიზაციაც განხორციელდა საქართველოში) დატანილი სასაქონლო ნიშნების მსგავსების გამო, მაღალია ალბათობა მომხმარებელთა მხრიდან მათი აღრევისა (დიდია ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა).

 

6.7. საერთაშორისო კონვენციით სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ (პარიზის კონვენცია), კერძოდ მისი 1-ლი მუხლის მიხედვით სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ამ ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთის საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს. ხსენებული შეთანხმების მე-17 მუხლით დადგენილია სასაქონლო ნიშნის გამოყენების სფეროში გამონაკლისი, ამ ნორმის თანახმად წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდული გამონაკლისები სასაქონლო ნიშნით მინიჭებული უფლებებიდან, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება იმ პირობით, რომ ასეთი სახის გამონაკლისებში გათვალისწინებული იქნება სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირების კანონიერი ინტერესები.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. „სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი და საერთაშორისო აქტები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის სხვა ნიშნის რეპროდუქცია, იმიტაცია, თარგმანი, რომელიც არის სხვა ნიშნის მსგავსი ან იდენტური და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის უფლებების დარღვევის ფაქტს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა გადახდეს 150 ლარი სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო, დრადგან მოსარჩელის მიერ ინიცირებული შუამდგომლობის საფუძველზე ამ საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,უნ------------------პის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „მე------ს’’ დაევალოს შპს „უნ------------------პის’’ კუთვნილი სასაქონლო ნიშანზე (,,ბა----–----’’ ,,Ba-----n”, ,,Ба-----н’’) განსაკუთრებული უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა, რაშიც მოიაზრება მოპასუხის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი ,,ბა----–----ს’’ იდენტური ან აღრევამდე მსგავსი, ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადებების განადგურება, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე უნებართვოდ სასაქონლო ნიშან ,,ბა----–----ს’’ იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის იმპორტი და ზემოაღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.

 

3. შპს „მე------ს’’ შპს „უნ------------------პის’’ სასარგებლოდ სასარგებლოდ გადახდეს 100 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე