გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №3/4912-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - დ----- ბ---------ე
წარმომადგენლები - გ------- ბ---------ე, მ--–----------–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-------------–-–ვილი
მესამე პირი (16.2.) - გ------------–--ე
წარმომადგენელი - ზ----------------ი
დავის საგანი - ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001 წლის 18 ოქტომბერს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001 წლის 18 ოქტომბერ განხორციელებული ჩანაწერი, გ------------–--ის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ.
უძრავი ქონება, მდებარე გლდანის საკრ. ს-------------ი, მაღაზიის შენობა, გ------------–--ის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული სააღრიცხვო ბარათით აღრიცხულია მ–-------------------------–ო კოოპერატივის გამგეობის 2001 წლის სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტისა და მ–-------------------------–ო კოოპერატივის გამგეობის. 08.08.2001წ. N- დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ გასხვისების გადაწყვეტილება მიღო სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნულის განხორციელება შეეძლო მხოლო კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრებას. მიუხედავად ასეთი კანონდარღვევისა, ტექნიკური აღრიცხვის ბიურომ 2001 წლის 18 ოქტომბერს სააღრიცხვო ბარათში მესაკუთრედ აღრიცხა გ------------–--ე.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ჩანაწერის ბათილად ცნობას.
(იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - გ------------–--ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. მ–-------------------------–ო კოოპერატივის გამგეობის მიერ ძირითად საშუალებათა საგნების საბაზრო ფასის დამდგენი კომისიის 2001 წლის 10 ივნისის შეფასების აქტის თანახმად, საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, კომისიის მიერ განხორციელდა სოფელ მუხიანის სავაჭრო ობიექტის შენობის დათვალიერება. აქტით დადგინდა, რომ შენობის ფართი არის 169,05 კვ.მ; განთავსებულია 599,0 კვ.მ. მიწის ფართზე, შენობის საბალანსო ღირებულებაა 3840 ლარი, ცვეთა 1806 ლარი. ნარჩენი ღირებულება 2034 ლარი. კომისიამ შენობის გასაყიდ ფასად განსაზღვრა 4200 ლარი.
4.2. მ–-------------------------–ო კოოპერატივის მიერ 2001 წლის 08 აგვისტოს N- დადგენილები ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა ს-------------–- მცხოვრებ გ------------–--ის განცხადება ს-------------იში, მაღაზიის შენობის მიყიდვის თაობაზე. (შენობის ფართი 169,05 კვ.მ. განთავსებული 599,0 კვ.მ მიწის ფართზე, შენობის საბალანსო ღირებულება 3840 ლარი, ცვეთა 1806 ლარი. ნარჩენი ღირებულება 2034 ლარია). ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ შენობის ჩაბარებას მოაწყობდა გამგეობის თავმჯდომარე ლ-------–--–---–ი“.
3.3. მ–-------------------------–ო კოოპერატივის გამგეობის მიერ ძირითად საშუალებათა საგნების საბაზრო ფასის დამდგენი კომისიის 2001 წლის 10 ივნისის შეფასების აქტში და მ–-------------------------–ო კოოპერატივის მიერ 2001 წლის 08 აგვისტოს გამოცემულ N- დადგენილებაში მითითებულია, რომ ამ ობიექტის გაყიდვის თაობაზე არსებობდა მ–-------------------------–ო კოოპერატივის მეპაიეთა (რწმუნებულთა) კრების დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2001 წლის 10 ივნისის შეფასების აქტი (ს.ფ. 56)
- მ–-------------------------–ო კოოპერატივის 2001 წლის 08 აგვისტოს N- დადგენილება.
4.3 2001 წელს გამგეობის თავმჯომარე ლ-------–--–---–სა და გ-------–--ეს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, მ–-------------------------–ო კოოპერატივის 2001 წლის 8 აგვისტოს N- დადგენილებით, გ------------–--ისთვის მიყიდული მაღაზიის შენობა-ნაგებობის მიღება-ჩაბარების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ მყიდველის მიერ ღირებულება გადახდილია მთლიანად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2001 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 54)
4.4. ცნობა-დახასიათების თანახმად, გლდანის საკრებულოში, ს------–--------–- მდებარე 599 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მაღაზიის შენობის (ლიტ „ა“ ერთსართულიანი, საერთო სასარგებლო ფართი:146,53 კვ.მ განაშენიანების ფართი: 169,05 კვ.მ), მეაკუთრეა გ------------–--ე. საფუძველი 2001 წლის სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, 2001 წლის 08 აგვისტოს N- მ–-------------------------–ო კოოპერატივის დადგენილება. (ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, N100, 18.10.2001წ. )
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 30).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- ბ---------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ‘‘საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებაზე, რომლითაც ლიკვიდირებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები. აღნიშნული ბრძანებულების მეორე პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოფილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. ამდენად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გახდა ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის ბიუროების უფლებამონაცვლე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001 წლის 18 ოქტომბერ განხორციელებული ჩანაწერს გ------------–--ის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, აღნიშნული ჩანაწერი არ არის ადმინისტრაციული აქტი, იგი ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივ ხასიათის მოქმედებაა (რეალაქტი), რომელიც უნდა პასუხობდეს მისთვის სამართლებრივი ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს და მასზე ძირითადად იგივე მოთხოვნები ვრცელდება რაც ადმინისტრაციული აქტისათვის არის განსაზღვრული, კერძოდ, იგი უკანონოა თუ მას ახორციელებს არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, იგი წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რომელიც შესაძლებელია განხილული იქნეს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში.
7.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ჩანაწერის განხორციელების დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონი დადგენილი იყო უძრავი ქონების მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი, კერძოდ, კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო ფურცელი (სააღრიცხვო ბარათი) დგებოდა თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავდა ინფორმაციას ამ ნაკვეთსა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, ასევე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა მოცემული იყო ცალკე კადასტრულ რუკაზე). ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოში მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციას ხელმძღვანელობდა მთავარი რეგისტრატორი. თითოეულ ზონაში რეგისტრაციას ხელმძღვანელობდა ზონის რეგისტრატორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მთავარი რეგისტრატორის წინაშე დოკუმენტაციის შენახვაზე და ზონის რეგისტრატურის მართვის სხვა ასპექტებზე.
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: 1. ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.
2. სააღრიცხვო ბარათი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან:
ა) საკუთრების განყოფილება – შეიცავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მოკლე აღწერილობას, მასთან დაკავშირებულ უფლებებთან და პირობებთან ერთად, ასევე სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემებსაც;
ბ) მესაკუთრის განყოფილება – მასში მოცემულია მესაკუთრის სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი; ჩანაწერი მესაკუთრის უფლების რაიმე შეზღუდვის შესახებ;
გ) ვალდებულებების განყოფილება – შეიცავს ყველა სახის ვალდებულებებს, სერვიტუტს, შეზღუდვებს, რომლითაც დატვირთულია მიწა და სხვა უძრავი ქონება;
დ) იჯარისა და ჰიპოთეკის (გირავნობის) განყოფილება – შეიცავს ყოველგვარ ჩანაწერს იჯარისა და ჰიპოთეკის (გირავნობის) შესახებ.
3. ნებისმიერ ახალ სააღრიცხვო ბარათს ადგენს ზონის რეგისტრატორი. რეგისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს სააღრიცხვო ბარათში არსებული ნებისმიერი ჩანაწერი და გახსნას ახალი სააღრიცხვო ბარათი, თუ ძველმა ჩანაწერმა დაკარგა ძალა ან მასში ასახული მონაცემები ბათილი აღმოჩნდა. სააღრიცხვო ბარათის ფორმას ამტკიცებს მთავარი რეგისტრატორი.
4. რეგისტრაციის შემდეგ ყოველი მომდევნო შეთანხმება, რომელიც შეეხება ამ ქონების მიმართ წარმოშობილ უფლებებს, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ კანონის შესაბამისად. მესაკუთრეს და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მხარეებს (ოჯახის წევრთა თანასაკუთრების შემთხვევაში კი – ოჯახის უფროსს) ეცნობება მიწასთან და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რეესტრში ყოველი აღნიშვნის შესახებ.
ამავე კანონის, 22-ე მუხლის თანახმად, მიწის და სხვა უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იქნეს სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში. ამავე კანონის 26-ე მუხლის ადგენდა, რომ იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფომ, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძინა მიწა ან სხვა უძრავი ქონება, დადო საიჯარო ხელშეკრულება ან დააგირავა იგი კანონის საფუძველზე ან, როდესაც ასეთი უფლება მოპოვებულია სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორი, რომელიც ეყრდნობა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ ამ აქტებს, ახდენს რეგისტრაციას და ჩაწერს მესაკუთრედ სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვისზედაც გადავიდა საკუთრების უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001 წლის 18 ოქტომბერ განხორციელებული ჩანაწერს საფუძვლად დაედო 2001 წლის მიღება- ჩაბარების აქტი და 2001 წლის 08 აგვისტოს N- რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის დადგენილება. მოსარჩელე მხარე კი სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის განმახორციელებელმა ორგანომ გ------------–--ის მესაკუთრედ რეგისტრაცია განახორციელა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დადგენილების საფუძველზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, სამომხმარებლო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონზე (1997 წლის 15 მაისის კანონის აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტების თანახმად, სამომხმარებლო კოოპერაცია არის ნებაყოფლობით შექმნილი მრავალდარგოვანი სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას წარმართავს თავისი წევრებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები ახორციელებენ საცალო და საბითუმო ვაჭრობას, კვებითი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მომსახურებას, სახალხო მოხმარების საქონლისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, აგრეთვე აღნიშნული პროდუქციის შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტში სამომხმარებლო კოოპერატივი განმარტებულია, როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაერთიანება, რომელიც ნებაყოფლობით იქმნება ერთობლივი საქმიანობისათვის საპაიო შენატანების გაერთიანებით, ურთიერთდახმარების პრინციპებზე წევრთა მატერიალურ-კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, მატერიალური და ფინანსური რესურსების მიზიდვისა და ეფექტიანი გამოყენების მიზნით;
სამომხმარებლო კოოპერატივის მართვის უმაღლესი ორგანოა მეპაიეთა საერთო კრება, თუ წევრ-მეპაიეთა რაოდენობა 200-ზე ნაკლებია, ხოლო თუ წევრი-მეპაიე 200-ზე მეტია-წარმომადგენელთა კრება, რომელიც იღებს წესდებას, განსაზღვრავს სავალდებულო საპაიო შესატანის ოდენობას, ირჩევს აღმასრულებელ-განმკარგულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებს – გამგეობას და სარევიზიო კომისიას. გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში. გამგეობა ახორციელებს კოოპერატივის სამეურნეო და სხვა საქმიანობას. სარევიზიო კომისია აკონტროლებს კოოპერატივის წესდების დაცვას, სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების სამეურნეო–საფინანსო საქმიანობას. გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან წევრთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების წინაშე. მართვის უმაღლესი ორგანო წყვეტს კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. წარმომადგენელთა რაოდენობას ადგენს სამომხმარებლო კოოპერატივის წევრთა საერთო (წარმომადგენელთა) კრება. მართვისა და კონტროლის ორგანოები ირჩევა 5 წლის ვადით.
მითითებული კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრებას განკარგავენ მართვის ორგანოები წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება შეიძლება სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება დასაშვები იყო სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით, კერძოდ მეპაიეთა სართო კრების ან წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილებით, ხოლო გამგეობები წარმოადგენდნენ კოოპერატივის აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოებს, რომელებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ წევრთა საერთო კრების (წარმომადგენელთა) წინაშე.
მოცემულ შემთხვევაში, მ–-------------------------–ო კოოპერატივის გამგეობის 2001 წლის 08 აგვისტოს N- დადგენილებით დგინდება, რომ დაკმაყოფილებული იქნა ს-------------–- მცხოვრები გ------------–--ის განცხადება და მიჰყიდეს ს-------------ის, მაღაზიის შენობა, ფართით 169,05 კვ.მ. განთავსებული 599,0 კვ.მ მიწის ფართზე, შენობის საბალანსო ღირებულება 3840 ლარი, ცვეთა 1806 ლარი. ნარჩენი ღირებულება 2034 ლარია. დადგინდა. რომ შენობის ჩაბარებას მოაწყობდა გამგეობის თავმჯდომარე ლ-------–--–---–ი ღირებულების მთლიანად გადახდის შემდეგ. ამავე დადგენილებაში მითითებულია, ამ ობიექტის შესყიდვის თაობაზე არსებობდა მ–-------------------------–ო კოოპერატივის მეპაიეთა (რწმუნებულთა) კრების დადგენილება, აღნიშნული შინაარსის ჩანაწერს ასევე შეიცავს მ–-------------------------–ო კოოპერატივის გამგეობის მიერ ძირითად საშუალებათა საგნების საბაზრო ფასის დამდგენი კომისიის 2001 წლის 10 ივნისის შეფასების აქტიც. ასევე დასტურდება, რომ ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ 2001 წლის მიღება-ჩაბარების აქტით საფუძველზე, მაღაზიის შენობა გადაეცა გ------------–--ე. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------–--ისათვის მიყიდული ფართის გასხვისებაზე არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს მ–-------------------------–ო კოოპერატივის მეპაიეთა (რწმუნებულთა), გადაწყვეტილება და გამგეობამ, როგორც აღმასრულებელმა და მეპაიეთა კრების წინაშე პასუხისმგებელმა ორგანომ, მოახდინა ფართის გ------------–--ისათვის გადაცემა, რაც მ–-------------------------–ო კოოპერატივის მიერ დღემდე სადავოდ არ გამხდარა..
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოსარჩელე მხარის მითითებას, იმის თაობაზე, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიურომ გ------------–--ის მესაკუთრედ რეგისტრაცია განახორციელა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დადგენილების საფუძველზე და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში როდესაც არსებობდა, მ–-------------------------–ო კოოპერატივის მეპაიეთა (წარმომადგენელთა) კრების გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ამავე კოოპერატივის გამგეობის 2001 წლის 08 აგვისტოს N- დადგენილება და 2001 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, ტექნიკური აღრიცხვის ბიურო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა გ------------–--ის მესაკუთრედ რეგისტრაციაზე.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ–------ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს, გ------------–--ის მესაკუთრედ რეგისტრაციისას არ დაურღვევია მატერიალური თუ პროცესუალური ნორმები, ბიურო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობს მისი ქმედების უკანონოდ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, დ----- ბ---------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- ბ---------ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. დ----- ბ---------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი